ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იზრდება იმ რესპუბლიკელთა რიცხვი, ვინც 6 იანვრის მოვლენებში ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევს


პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დამოკიდებულება რესპუბლიკელ ამომრჩეველს შორისაც იცვლება. ამის მიზეზი კონგრესის ის გამოძიებაა, რომელიც ბოლო 6 კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერით გადაიცემა. ამომრჩეველთა დამოკიდებულების ცვლილებას "როიტერ"-"იპსოსის" ერთობლივი კვლევა ადასტურებს.

ორდღიანმა გამოკითხვამ, რომელიც მერვე მოსმენის წინ დასრულდა, აჩვენა, რომ რესპუბლიკელთა 40%-ს ახლა სჯერა, რომ ტრამპი ნაწილობრივ მაინცაა დამნაშავე კაპიტოლიუმზე თავდასხმაში. 6 კვირის წინ იგივე მონაცემი 33 %-ს არ აღემატებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი კვლავაც სარგებლობს ამომრჩეველთა კეთილი განწყობით და ის გამუდმებით მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

6 კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერით გადაცემული მოსმენების მთავარი აქცენტი სწორედ ყოფილი ლიდერის მიერ ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული წნეხი იყო იმის თაობაზე, რომ ის არჩევნების შედეგების სერტიფიცირებას არ დათანხმებოდა. ამასთან, ირკვევა, რომ პრეზიდენტი მასობრივად ათავისუფლებდა სამსახურიდან იმ მრჩევლებს, რომლებიც მასობრივი გაყალბების თაობაზე მის შეხედულებებს არ იზიარებდნენ.

ამჟამად რესპუბლიკელთა ერთი მესამედი ფიქრობს, რომ ტრამპმა 2024 წლის არჩევნებში კენჭი არ უნდა იყაროს. ივნისის დასაწყისში, როცა კონგრესის ორპარტიული კომისიის საჯარო მუშაობა იწყებოდა, ასე მხოლოდ მეოთხედი ფიქრობდა. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ამ მოსმენებს გარკვეულწილად მაინც ადევნებს თვალს. ყოველ მეოთხეს კი მის შესახებ არაფერი გაუგონია.

ამავე დროს, "როიტერ"-"იპსოსის" გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელთა 55% მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება არ იყო კანონიერი. თუმცა, ივნისის დასაწყისში ეს მაჩვენებელიც უფრო მაღალი - 67 % იყო. საინტერესოა, რომ ეს რიცხვი კვლავ მაღალია მიუხედავად იმისა, რომ შტატებისა და ფედერალურმა მოსამართლეებმა უარყვეს იმ 50-ზე მეტი საქმის ლეგიტიმურობა, რომლებიც ტრამპის გუნდის წევრებმა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში წარადგინეს.

XS
SM
MD
LG