ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოწმეების თქმით, ტრამპი პენსისგან არჩევნების შედეგების უარყოფას მოითხოვდა


წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია, რომელიც გასული წლის 6 იანვრის მოვლენებს იკვლევს, მუშაობას განაგრძობს. ხუთშაბათს მოსმენილი ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამუდმებით მოითხოვდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისგან იმას, რომ მას კონგრესისთვის არჩევნების ოფიციალური შედეგების სერტიფიცირების საშუალება არ მიეცა.

მაიკ პენსი იმ სხდომას ხელმძღვანელობდა, რომლის ფარგლებშიც არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად ტრამპის მოწინააღმდეგე - ჯო ბაიდენი გამოცხადდა. სწორედ ხმების ფორმალური დამტკიცების პროცესში, საკანონმდებლო ორგანოში ტრამპის 2 000-მდე მხარდამჭერი შეიჭრა და პროცესს ხელი შეუშალა. თავდასხმას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტს კერძო საუბრებშიც და საჯაროდაც მოუწოდებდა, სააერჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიცირებისთვის ხელი შეეშალა და იმ შტატების შედეგები, რომლებშიც ბაიდენმა მცირე უპირატესობით მოიგო, უკან, რესპუბლიკელების მიერ მართულ შტატებში დაებრუნებინა, სადაც ადგილობრივი კანონმდებლები განსხვავებულ ინტერპრეტაციას შეძლებდნენ.

კაპიტოლიუმზე თადასხმის საქმე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:22 0:00

პენსის ადვოკატმა გრეგ ჯეიკობმა აღწერა, როგორ ცდილობდა პრეზიდენტის იურისტი ჯონ ისტმენი პენსის დარწმუნებას, რომ მას სამართლებრივად ჰქონდა უფლება, რომ არჩევნების შედეგები უარეყო. მაგრამ, ჯეიკობი ამბობს, რომ საბოლოოდ ისტმენმაც აღიარა, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლო სავარაუდოდ არ სცნობდა ამ უფლებამოსილებას ლეგიტიმურად.

გრეგ ჯეიკობი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტს არასდროს შეუცვლია პოზიცია იმის თაობაზე, რომ არავის აქვს უფლება, შეცვალოს ამერიკის არჩევნების შედეგები. პენსი, რომელიც ტრამპის გუნდის ერთგული წევრი იყო, ამბობდა, რომ მისი უფლებამოსილება კონგრესის სხდომაზე სიმბოლური იყო და მხოლოდ ხმების დათვლით შემოიფარგლებოდა.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, შექმნილი საშიშროების გამო უსაფრთხოების სამსახურებმა ვიცე-პრეზიდენტი მიწისქვეშა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მან 4-საათნახევარი დაჰყო. თუმცა, ადვოკატის თქმით, მაიკ პენსმა უარი თქვა შენობის დატოვებაზე, რათა არ მიენიჭებინა თავდამსხმელებისთვის კმაყოფილება იმის ნახვით, რომ ის კაპიტოლიუმიდან გარბის.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბენი ტომპსონმა სხდომის გახსნისას თქვა, რომ პენსმა იცოდა, არჩევნების შედეგების უარყოფა არ იყო მართებული და კანონიერი. პენსის კიდევ ერთი მრჩევლის, ფედერალური სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მაიკლ ლუტიგის განცხადებითაც, ვიცე-პრეზიდენტს ისიც ეუბნებოდა, რომ მას არ ჰქონდა ლეგიტიმური უფლება გაეკეთებინა ის, რასაც მისგან პრეზიდენტი ითხოვდა და ეს მხოლოდ ქაოსის, რევოლუციისა და კონსტიტუციური კრიზისის წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.

XS
SM
MD
LG