ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: "ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პატივს არ ვცემთ"


მოსკოვი აცხადებს, რომ ის "არ სცემს პატივს" ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ალექსეი ნავალნისთვის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მინიჭების შესახებ.

ბევრის აზრით, ეს ჯილდო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მკაცრი გზავნილია და მის მოწინააღმდეგეს გლობალურ ფიგურად აქცევს, და არა ადგილობრივ რუსულ ფენომენად. კრემლი ოპოზიციის ლიდერს კრიმინალს უწოდებს და მის ორგანიზაციას ტერორისტულ-ექსტრემისტულ გაერთიანებად მიიჩნევს.

"ჩვენ პატივს ვცემთ ევროპარლამენტს, მაგრამ ვერავინ გვაიძულებს პატივი ვცეთ ასეთ გადაწყვეტილებებს", - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ნავალნის ახლო მოკავშირე ლუბოვ სობოლზე კი ძებნა გამოცხადდა. მან ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც ის სასამართლომ კორონავირუსთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების დარღვევაში დამნაშავედ სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში ის ბოლო რამდენიმე დღეა, რაც გამოჩნდა. მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელისთვის იძებნება.


34 წლის იურისტმა რუსეთი აგვისტოში დატოვა. მას 18 თვით თავისუფლების პირობითი შეზღუდვა მიესაჯა. მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ მიიჩნია "სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომების" დარღვევის საჯარო მოწოდებებისთვის. გავრცელებული ცნობებით, სობოლი თავს ესტონეთს აფარებს. მსგავსი სასჯელი ნავალნის სხვა არაერთ მოკავშირესაც აქვს მისჯილი.

სახაროვის პრემია, რომელიც 50 000 ევროს ოდენობის ფულად პრემიასაც გულისხმობს, მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს ენიჭებათ. ევროპარლამენტი მას ყოველწლიურად გასცემს და ჯილდოს ეს სახელი საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის ხსოვნის პატივსაცემად ჰქვია.

ალექსეი ნავალნი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთის პოლიტიკურ ელიტას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი გაერთიანება არაერთ კორუფციულ სქემას ააშკარავებდა. ის აწყობდა საპროტესტო გამოსვლებს და კენჭს იყრიდა სხვადასხვა დონის არჩევნებში. გასულ წელს ის უეცრად ცუდად გახდა და მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა. გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ ის რუსული წარმოშობის აკრძალული ქიმიურ იარაღით, ნერვული აგენტით, „ნავიჩოკით“ იყო მოწამლული. მიუხედავად იმისა, რომ ნავალნი მის მოწამვლას პირდაპირ კრემლს უკავშირებდა, მარტში ის რუსეთში დაბრუნდა. ნავალნი დაბრუნებისთანავე პირობითი სასჯელის დარღვევისა და ქვეყნის დატოვების გამო დააპატიმრეს.მისი მოწამვლისა და დაპატიმრების გამო, ევროკავშირმა რუსეთს სანქციებიც კი დაუწესა.

ევროპული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ჯილდოს ნომინანტთა ფინალში სამი კანდიდატი იყო. ალექსეი ნავალნის გარდა, პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა საბოლოო სიაში წელს ასევე შედიოდნენ ავღანელ ქალთა ჯგუფი და პატიმრობაში მყოფი ბოლივიელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG