ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი რუსეთის" პარტიამ გაიმარჯვა


რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტებისთვის გასაკვირი არ ყოფილა. არჩევნებში გამარჯვება „ერთიანი რუსეთის“ პარტიამ მოიპოვა. კრემლმა დამოუკიდებელი კანდიდატების უმეტესობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა, მათ შორის არც ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის.

„ერთიანი რუსეთის“ პარტიამ გამარჯვება საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გამოაცხადა. საარჩევნო პროცესი ბიულეტენების ჩაყრის, გაყალბების და საჯარო სამსახურის თანამშრომლების საარჩევნო უბნებზე მიყვანის ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. „ერთიანი რუსეთის“ პარტია, რომელიც ნომინალურად დამოუკიდებელია, თუმცა რომელსაც ზურგს კრემლი უმაგრებს, აცხადებს, რომ პარლამენტის ქვედა პალატის 450 მანდატიდან 300 მათ მოიპოვეს. უბნების 90% დათვლის შემდეგ, „ერთიანი რუსეთის“ პარტიას პროპორციულ ნაწილში ხმების 49% ჰქონდა და მაჟორიტარულში კი 87%. დუმას მანდატების ნახევარი პროპორციულად და მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით ნაწილდება.

არჩევნებამდე საარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ „ერთიანი რუსეთის“ პარტიის მხარდაჭერა 26 პროცენტი იყო. ხმის მიცემის პროცესის განმავლობაში დამკვირვებლები და ამომრჩევლები ავრცელებდნენ საარჩევნო დარღვევების ცნობებს და ვიდეოებს, მათ შორის, ბიულეტენების ჩაყრის, დამოუკიდებელი დამკვირვებლების უბნებიდან გაძევების და ძალადობის შემთხვევებს.

დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, „გოლოს“ განაცხადა, რომ უბნებზე 4500-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. შედეგების გამოცხადება გაჭიანურდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბუგრში. აქტივისტების განცხადებით, ეს მიუთითებს, რომ იქ რუსეთის ხელისუფლება შედეგების მანიპულაციას და ოქმების გადაწერას ცდილობდა.

სამდღიანი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არ არსებობდა ფაქტები, რომლებიც გაყალბების ფართო მასშტაბებზე მიუთითებს. მათ კრემლის მოწინააღმდეგეებს „ფაბრიკაციაში“ დასდეს ბრალი. ეს რუსეთში პირველი არჩევნები იყო 1993 წლის შემდეგ, რომელზეც ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ გაუგზავნია, რუსეთის მიერ მიღებული მკაცრი შეზღუდვების საპასუხოდ.

წინასაარჩევნოდ, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში რჩებობა. მისი ფონდი კი „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ სიაში იქნა შეყვანილი. ამ გზით, ნავალნის მოკავშირეებს აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG