ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვის ანგარიში ხაშოგის მკვლელობაზე დღეს გამოქვეყნდება


საპროტესტო აქცია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ორი წლისთავზე, სტამბოლში.
საპროტესტო აქცია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ორი წლისთავზე, სტამბოლში.

დღეს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თაობაზე, შეერთებული შტატების დაზვერვის ანგარიშის საჯარო ვერსიის გამოქვეყნება იგეგმება. წინასწარი ცნობებით, მის მოკვლაზე თანხმობა პირადად საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა უფლისწულმა მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა.

ინფორმაცია მედიაში საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება. გამოძიება მკვლელობის თაობაზე აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს მიჰყავდა. ანგარიშის დასკვნით, საუდის არაბეთის პრინცმა "ვაშინგტონ პოსტში" მისი ხშირი კრიტიკოსის მოკვლაზე არამარტო თანხმობა მისცა, არამედ დიდი ალბათობით, თავად გასცა განკარგულება.

გუშინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ანგარიშს უკვე გაეცნო. მოსალოდნელია, რომ ის თავად დაუკავშირდება საუდის არაბეთის ხელმწიფეს, 85 წლის მეფე სალმანს, რომელიც ქვეყანას უკვე 35 წელია მართავს.

დაზვერვის ანგარიშს შეერთებული შტატების კონგრესიც დიდი ხნის წინ გაეცნო, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყურად არ იღებდა კანონმდებლების და უფლებადამცველების მოთხოვნას, აღნიშნული ანგარიშის საჯარო ვერსიის გამოქვეყნების თაობაზე. წინა ადმინისტრაცია საუდის არაბეთთან ირანის წინააღმდეგ თანამშრომლობას და სამეფოსთან იარაღით ვაჭრობას, ძველებურად აგრძელებდა.

59 წლის ჯამალ ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ის ამერიკულ "ვაშინგტონ პოსტში" ქვეყნის უფლისწულს ხშირად აკრიტიკებდა. არაერთი გამოძიების მიხედვით, ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში სასტიკად მოკლეს. შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს და გადამალეს. ხაშოგის გვამი აქამდე არ არის ნაპოვნი.

საქმეს 6 თვის მანძილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც იძიებდა. გაერომ სპეციალური, 100-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს. ჯამალ ხაშოგი "გამიზნული, წინასწარ დაგეგმილი სიკვდილით დასჯის მსხვერპლია“ - განაცხადა 2019 წელს გაეროს გამომძიებელმა აგნეს კალამარდმა. მისი თქმით, საქმეში უფლისწულ მოჰამედ ბინ სალმანის პასუხისმგებლობაზე "საკმაოდ სანდო მტკიცებულებები არსებობს". ​

Facebook Forum

XS
SM
MD
LG