ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები ხაშოგის მკვლელობაზე


ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის პასუხი მოსთხოვოს. ისინი პირობას დებენ, რომ თუ თეთრი სახლი ამ ინიციატივით არ გამოვა, მაშინ კონგრესი იმოქმედებს შესაბამისად.

ათზე მეტმა სენატორმა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა ორივე პარტიიდან პრესის თავისუფლების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე ხაშოგის საქმე გაიხსენა.

დემოკრატებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტი იმის გამო, რომ მათი თქმით, ადმინისტრაციამ ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე საკმარისი სიმკაცრე არ გამოიჩინა. მათი თქმით, საუდის არაბეთს სტრატეგიულმა და კომერციულმა კავშირებმა ამერიკასთან იმის საშუალება ა რუნდ ამისცეს, რომ ისეთ დემოკრატიულ ღირებულებებზე გაიმარჯვოს, როგორიც გამოხატვის თავისუფლებაა.

"თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ კომერციული ინტერესები უფრო ძლიერია, ვიდრე ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი ქმედებები, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დავკარგეთ მორალური ავტორიტეტი", - ამბობს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

დეკემბერში რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრი შეუერთდა დემოკრატებს, რომლებიც ამ თვეების მანძილზე ითხოვდნენ მათგან მხარდაჭერას, მიუხედავად პრეზიდენტის განსხვავებული პოზიციებისა. დემოკრატები სთხოვდნენ სენატს (რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ) ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომლითაც ამერიკა შეწყვეტდა საუდის არაბეთის სამხედრო მხარდაჭერას, რომელსაც ეს უკანასკნელი იემენში მიმდინარე ომში იყენებს. კანონმდებლები ამბობენ, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმე ამისთვის საკმარისი მიზეზია, რადგან არსებობს საუდის არაბეთის პრინცის ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვები. ამგვარი რეზოლუცია ამ დრომდე არავის მიუღია, თუმცა ახლა, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში უკვე დემოკრატიული უმრავლესობა მუშაობს, შესაძლოა სხვგვარი პროცესები განვითარდეს.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრების ლიდერი მაიკ მკკოული ამბობს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და გარკვეული ცვლილებები საჭიროა.

დემოკრატების წარმომადგენელი ელიოტ ენგელი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა, "როიტერთან" საუბრისას ამბობს, რომ უახლოეს კვირებში საუდის არაბეთთან ამერიკის ურთიერთობის შესახებ კომიტეტში ცალკეული შეხვედრები გაიმართება.

ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი წარმოშობით საუდის არაბეთიდან, რომელიც "ვაშინგტონ პოსტისთვის" წერდა, 2 ოქტომბერს თურქეთში, საკუთარი ქვეყნის საკონსულოში შევიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, რამდენიმე ვერსიის შეცვლის შემდეგ საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ის საელჩოში მოკლეს. ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას სხვა ჯგუფს აბრალებს და ამბობს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და ისინი უკვე სასამართლოს წინაშეც წარდგნენ. ამერიკის დაზვერვის სამსახურები ამბობენ, რომ მკვლელობის შემკვეთი საუდის არაბეთის პრინცი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG