ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი კარა-მურზას განაჩენს გმობს და მოსკოვს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს


ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე. მოსკოვი, რუსეთი. 17 აპრილი, 2023 წ.
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლო პროცესზე. მოსკოვი, რუსეთი. 17 აპრილი, 2023 წ.

მოსკოვის სასამართლოს მიერ ვლადიმირ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანა დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს. რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 17 აპრილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოტანისთანავე, ბრიტანეთმა, რომელიც კარა-მურზას საქმეს "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს, ლონდონში განმარტებებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარა. გაერთიანებულ სამეფოს კარა-მურზას მოსამართლისთვის სანქციები ჯერ კიდევ 2020 წელს აქვს დაწესებული, ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევის ბრალდებით.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან მისულმა ბრიტანეთის ელჩმა, დებორა ბონეტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარა-მურზა დაისაჯა იმის გამო, რომ ის მამაცად საუბრობდა რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინაში. ბონეტმა კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მასთან ერთად სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდა ლინ ტრეისი, შეერთებული შტატების ელჩი. ტრეისის თქმით, კარა-მურზას განაჩენი სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკოსთა გაჩუმების მცდელობა. "მთავრობის ქმედებათა კრიტიკის კრიმინალიზაცია სისუსტის ნიშანია და არა ძლიერების" - თქვა ამერიკის ელჩმა.

განაჩენს გამოეხმაურა ვოლკერ თურქიც, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი. მან რუსეთს კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მომხდარი დაგმო ევროპის კავშირმაც. "სასამართლოს დღევანდელი, აღმაშფოთებლად მკაცრი გადაწყვეტილება, აშკარა დემონსტრირებაა სასამართლო სისტემის არასწორი გამოყენების და აქტივისტებზე, ადამიანის უფლებების დამცველებზე და უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიის ომის მიმართ ოპოზიციის ნებისმიერ ხმაზე ზეწოლის" - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ასევე იკავებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს.

მოსკოვში, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა, რომელიც კარა-მურზას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.

დევნა და სასამართლო საქმე

ვლადიმირ კარამურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და განაჩენი ერთი წლის შემდეგ გამოცხადდა.

კრემლის პოლიტიკის ცნობილ კრიტიკოსს ბრალად რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელება წაუყენეს და შემდეგ „უცხოეთის აგენტად“ მონათლეს. მოგვიანებით, მის ე.წ. დანაშაულთა სიას დაუმატეს ახალი ბრალდებები, მათ შორის - ღალატი და „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.

კარა-მურზა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის წამყვანი მრჩეველი იყო და რუსეთში ადამიანის უფლებებს მამაცად იცავდა. ამის გამო ის არაერთხელ აღმოჩნდა დევნის და რუსეთის ოფიციალური პირების რეპრესიათა სამიზნე.

კარა-მურზა ორჯერ იყო მწვავედ მოწამლული, 2015 და 2017 წლებში, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ეს ფაქტები უშუალოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა. მოწამვლის შემდეგ, ოპოზიციონერს ჯანმრთელობის პრობლემები დარჩა, კერძოდ - მას პოლინეიროპათიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც პერიფერიული ნერვების მრავალრიცხოვანი დაზიანებით აღინიშნება. დაავადება ჩვეულებრივ გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ან ინტოკსიკაციით.

რუსეთის მთავრობა ამ ინციდენტებში მონაწილეობას უარყოფს.

ამერიკის სანქციები

3 მარტს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც კარა-მურზას წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში იყვნენ შემჩნეული. წერილობით გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მაშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს, სასწრაფოდ და უპირობოდ გაეთავისუფლებინა კარა-მურზა.

შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმ შეხედულების, რომ „ვლადიმირ პუტინის მცდელობა, გააჩუმოს კრიტიკოსები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე, მისი არჩევანით დაწყებული, სასტიკი ომის თაობაზე სიმართლის დაფარვის საქმეში, წარუმატებელი უნდა იყოს. იმ ომის - რომელიც კვლავ იწვევს წარმოუდგენელ სიკვდილს, ძალადობას და ნგრევას“ - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

სანქცირებულთა შორის არიან:

1. ანდრეი ზადაჩინი - საგანგებო გამომძიებელი, რომელმაც კარა-მურზას წინააღმდეგ, მისი ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო, დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების თაობაზე განკარგულება გასცა.

2. ელენა ლენსკაია - მოსამართლე, რომელიც ზედამხედველობდა კარა-მურზას წინასასამართლო დაკავების მოსმენას და გამოსცა დადგენილება, რომ ის სასამართლომდე დაკავებული ჰყოლოდათ.

3. დანილ მიხეევი - მთავარი მოწმე, რომელმაც კარა-მურზას წინააღმდეგ რუსეთის მთავრობას ჩვენება მისცა.

4. ოლეგ სვირიდენკო - რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც დანაშაულებრივ საქმეებს, მათ შორის - კარა-მურზას საქმეს ზედამხედველობდა.

5. დიანა მიშჩენკო - მოსამართლე, რომელმაც პირველმა გასცა კარა-მურზას დაკავების ორდერი და მისი 15 დღით დაკავების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

6. ილია კოზლოვი - მოსამართლე, რომელმაც კარა-მურზას მიერ დაკავების თაობაზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიშჩენკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG