ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარა-მურზა სასამართლოს: დღევანდელი პროცესი 1930-იან წლებს გვახსენებს


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

25-წლიანი პატიმრობის საფრთხის ქვეშ მყოფი რუსი ისტორიკოსი და ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა ამბობს, რომ მისი სასამართლო 30-იან წლებში იოსებ სტალინის დროინდელ პროცესებს ახსენებს. კარა-მურზას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ღალატისა და სხვა ბრალდებების ნიადაგზე ემუქრება. ის ამბობს, რომ ყველა ეს ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და მას არაფერი დაუშავებია.

სამი შვილის მამა, 41 წლის ოპოზიციონერი და ყოფილი ჟურნალისტი, რუსეთისა და ბრიტანეთის მოქალაქე წლების განმავლობაში ვალდიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი იყო. ის დასავლეთის ქვეყნებში კრემლის მმართველი რეჟიმის და ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხსაც ლობირებდა.

ღალატთან ერთად, კარა-მურზას "რუსული არმიის დისკრიმინაციის შემცველი განცხადებებისთვისაც" ედავებიან. ის აკრიტიკებდა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომს, რომელსაც კრემლი დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. 24 თებერვლის შემდეგ კრემლმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა და შესაძლებელია დაისაჯოს ყველა, ვინც საომარ მოქმედებებს ახსენებს ან აკრიტიკებს.

მოსკოვის სასამართლომ განაჩენი 17 აპრილს უნდა გამოიტანოს. სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მაგრამ მისმა ცოლმა და ადვოკატმა მისი ბოლო სიტყვა გაასაჯაროვეს.

სასამართლოსადმი მიმართვაში, კარა-მურზა ამბობს, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს და არაფერს ნანობს, სასამართლოს არც მის გამართლებას სთხოვს. მისი თქმით, დღევანდელი გარემო არა 1970-იანი წლების პერიოდს ჰგავს, როცა სახელმწიფო დისიდენტებს ებრძოდა, არამედ უფრო 1930-იანი წლების პერიოდს, როცა სტალინი საჩვენებლად სასამართლოების სერიას ატარებდა იმისთვის, რომ ოპონენტები გაენადგურებინა.

"კრიმინალებმა უნდა მოინანიონ ის, რაც ჩაიდინეს. მე ციხეში ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ვარ. ვიცი, მოვა დღე, როცა ჩვენი ქვეყნის თავზე სიბნელე გაიფანტება", - თქვა კარა-მურზამ.

კარა-მურზას გათავისუფლების მოთხოვნით ორშაბათს საჯარო წერილიც გამოქვეყნდა, რომელსაც ათობით რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი აწერს ხელს. წერილს ქვეყნიდან წასულმა ბევრმა ჟურნალისტმაც მოაწერა ხელი. მასში ნათქვამია, რომ კარა-მურზა მხოლოდ ომის წინააღმდეგ საუბრისთვის ისჯება. „ვითხოვთ რუსეთის ხელისუფლებისგან, სამართალდამცავებისა და მოსამართლეებისგან დაუბრუნდნენ სამართლიანობის გზას. დაისაჯონ მკვლელები და დამნაშავეები და არა პატიოსანი და პასუხისმგებელი მოქალაქეები, რომლებიც ბედავენ ფიქრს და სიმართლის თქმას“, - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებელი პასუხი არ მოჰყოლია. მოსკოვი წერილის ხელმომწერთა უმეტესობას მოღალატეებად მიიჩნევს, რომლებსაც ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დამარცხება სურთ.

კარა-მურზა და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ის წარსულში ორჯერ გადაურჩა მოწამვლას. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას სავარაუდო თავდასხმებში.

XS
SM
MD
LG