ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარა-მურზას გათავისუფლების მოთხოვნით რუსმა ჟურნალისტებმა წერილი გამოაქვეყნეს


ათობით რუსმა ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ორშაბათს რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლონ ცნობილი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც მისი დაცვის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულია.

41 წლის ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი სასამართლოს წინ გაიმართა. რუსეთის სახელმწიფო პროკურორებმა ხუთშაბათს კარა-მურზასთვის 25-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს.

კარა-მურზა სამი შვილის მამაა. მას აქვს რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა. მან წლები გაატარა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ოპოზიციაში და ლობირებდა უცხო მთავრობებსა და ინსტიტუტებს, რათა დაეწესებინათ სანქციები რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევებისთვის.

პროკურორები მას ბრალს სდებენ რუსი სამხედროების დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ღალატში. ბრალდებების საფუძველი ის გახდა, რომ კარა-მურზა უკრაინაში რუსეთის ომს მკაცრად აკრიტიკებდა. ჯარის „დისკრედიტაცია“ რუსეთში, ომის მიმდინარეობისას, ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო იმაზე, რასაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, „მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ კი, რუსული კანონებით, 15-წლიანი პატიმრობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

წერილს კარა-მურზას გათავისუფლების შუამდგომლობით ქვეყნიდან წასულმა ბევრმა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. მასში ნათქვამია, რომ კარა-მურზა მხოლოდ ომის წინააღმდეგ საუბრისთვის ისჯება. „ვითხოვთ რუსეთის ხელისუფლებისგან, სამართალდამცავებისა და მოსამართლეებისგან დაუბრუნდნენ სამართლიანობის გზას. დაისაჯონ მკვლელები და დამნაშავეები და არა პატიოსანი და პასუხისმგებელი მოქალაქეები, რომლებიც ბედავენ ფიქრს და სიმართლის თქმას“, - ნათქვამია წერილში. „შეაჩერეთ რუსეთის ახალი სვლა სტალინიზმისა და ტოტალიტარული სისტემისკენ“.

წერილს ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებელი პასუხი არ მოჰყოლია. მოსკოვი წერილის ხელმომწერთა უმეტესობას მოღალატეებად თვლის, რომლებსაც ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დამარცხება სურთ.

კარა-მურზა და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ის წარსულში ორჯერ გადაურჩა მოწამვლას. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას სავარაუდო თავდასხმებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG