ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევგენია კარა-მურზა: "მე იმედის დაკარგვის უფლება არ მაქვს"


ევგენია კარა-მურზა

დაკავებული რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას ცოლი ამერიკისა და დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერებს მისი მეუღლის გასათავისუფლებლად ძალისხმევის გაძლიერების და მის დაკავებაში დამნაშავეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებისკენ მუწოდებს. ვაშინგტონში მყოფი ევგენია კარა-მურზა "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციას ესაუბრა.

"მე არ შემიძლია იმედის დაკარგვა, ისევე როგორც არ შემეძლო ამის გაკეთება ვლადიმირის ორივე მოწამვლის შემდეგ 2015 და 2017 წლებში, როცა ის სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული. არ მაქვს უფლება დავნებდე, როგორც დედა, როგორც პოლიტიკური პატიმრის ცოლი და როგორც რუსეთის მოქალაქე", - ამბობს ევგენია კარა-მურზა.

41 წლის ოპოციონერი პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აპრილში დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, შეერთებული შტატების არიზონის კანონმდებლებთან საუბრის შემდეგ, მას ბრალი რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო წაუყენეს. კარა-მურზა წაყენებულ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პროკურატურამ მას სახელმწიფო ღალატის ბრალი დაუმატა. ბრალის მიხედვით, კარა-მურზას რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ადანაშაულებენ ნატოს წევრ უწყებებთან მრავალწლიან თანამშრომლობაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კარა-მურზას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ევგენია კარა-მურზა ბაიდენის ადმინისტრაციას სენატორების - რიშისა და მენენდესის წერილზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. კანონმდებლები მოითხოვენ, რომ "გლობალური მაგნიტსკის აქტით" გათვალისწინებული სანქციები იყოს გამოყენებული „მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულია რუსი აქტივისტის, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ვლადიმირ კარა-მურზას შერჩევით დაკავებაში“.

"მაგნიტსკის აქტი" საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებს აერთიანებს. აქტს სახელი სერგეი მაგნიტსკის პატივსაცემად დაერქვა. მაგნიტსკი იურისტი და აუდიტორი იყო, რომელმაც დაადგინა, რომ 230 მილიონი დოლარი, რომლის გადასახადებისგან დამალვასაც ბილ ბროუდერის კომპანიას ედავებოდნენ, სინამდვილეში თავად ოფიციალური უწყებების ორგანიზებული თაღლითური სქემა იყო. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს. ერთი წელი ციხეში ისე გაატარა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ის გარდაიცვალა. პატიმარი ამბობდა, რომ მას სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მასთან მოპყრობა წამების ტოლფასი იყო და ის ციხეში მოკლეს.

რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ ძალისხმევა "მაგნიტსკის გლობალური კამპანიის" სახელითაა ცნობილი და უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იყენებს შესაბამის კანონმდებლობას დამნაშავეთა წინააღმდეგ. „მაგნიტსკის აქტი“ არის პირველი ასეთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც 2012 წელს ამერიკაში მიიღეს, შემდეგ კი მსგავსი კანონი 33 სხვა ქვეყანაში ამოქმედდა, მათ შორის, ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. ვლადიმირ კარა-მურზა თავადაც აქტიურად მუშაობდა ამერიკაში ამ ძალისხმევის გასაძლიერებლად. მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი ბორის ნემცოვი იყო, რუსი პოლიტიკოსი, რომელიც 2015 წელს მოკლეს.

ევგენია კარა-მურზა ამბობს, რომ მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით ამგვარი სანქციები უკვე აამოქმედა კანადამ და მისი აზრით, ის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმაც უნდა აამოქმედონ.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები იქნება ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების და სხვა იმ პირების მიმართ, რომლებსაც შეიძლება ქონება რუსეთის გარეთ სულაც არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება სოლიდარობის საჩვენებლად", - ამბობს დაკავებული პოლიტიკოსის მეუღლე. ის განმარტავს, რომ "მაგნიტსკის აქტის" ფარგლებში განხორციელებული სანქციები ძლიერი გზავნილია იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც ირღვევა. "მსოფლიო ამბობს: ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, ჩვენ გვესმის, რას აკეთებენ რეჟიმები და არ ვაპირებთ თვალის დახუჭვას. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ სხვა ქვეყნებსაც რომ დააწესონ სანქციები", - ამბობს ევგენია კარა-მურზა.

ოქტომბერში რუსული ოოპოზიციის დაპატიმრებულმა ლიდერმა, ვაცლავ ჰაველის სახელობის ჯილდო მიიღო. ადამიანის უფლებების დაცვაში გაწეული „გამორჩეული“ ქმედებებისთვის დაწესებულ პრემიას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცემს.

"პუტინის რეჟიმის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ერთიანი იქნება დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. ასევე, ეს დამოკიდებულია დასავლეთის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე", - ამბობს პოლიტიკოსის ცოლი, რომლის ქმარსაც საერთაშორისო ორგანიზაციები "სინდისის პატიმრად" მიიჩნევენ.

"ყველას, ვისაც ეყოფა სიმამაცე, თქვას "არა", ეს უნდა გააკეთოს. სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. ყველა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, უნდა გააკეთოს. სხვაგვარად, ბოროტება გაიმარჯვებს", - ამბობს ის.

XS
SM
MD
LG