ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი უკრაინაში უნგრეთის კულტურული ასოციაციის ხელმძღვანელის ჩხრეკამ განარისხა


ნგრეთმა საკონსულტაციოდ უკრაინაში თავისი ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა კარპატისპირეთში უნგრეთის კულტურული ასოციაციის ხელმძღვანელის სახლი გაჩხრიკეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, უკრაინა მეზობელი სახელმწიფოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წინაშე ამ საკითხს წამოჭრის.

„არასწორია, რომ ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სურს, მიზანში ჰყავდეს ამოღებული ნატოს ერთ-ერთ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ეროვნული უმცირესობა“, - დაწერა სიიარტომ ფეისბუკში.

წინა დღით უკრაინის უშიშროების ძალებმა კარპატისპირეთში , ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთ ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის სახლში სანქცირებული ჩხრეკა ჩაატარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია საქმიანობაზე, რომელიც არღვევს უკრაინის ეროვნულ სუვერენიტეტს.

უნგრეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიურ დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. 26 ოქტომბერს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უნგრეთის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც, კიევის თანახმად, ადგილობრივი არჩევნების წინ კარპატისპირეთში კომპაქტურად მცხოვრები უნგრელების აგიტაციას ეწეოდნენ.

25 ოქტომბერს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა უკრაინის საარჩევნო პროცესში ბუდაპეშტის ჩარევის შესახებ და უნგრეთი უკრაინის კანონმდებლობის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ნაბიჯს უწოდა „არამეგობრული ქმედება“ უკრაინის მხრიდან.

სტატია მომზადებულია "რადიო თავისუფლების მიერ"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG