ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და უკრაინა - მოლოდინები


მაშინ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აგრძელებს და თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რას შეიძლება მათთვის ნიშნავდეს ბაიდენის ადმინისტრაცია და როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა.

უკრაინაში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი შესაძლოა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის საკითხები ყველა სხვა, წინა პრეზიდენტზე უკეთ იცის. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-ჯერ ჩავიდა. ექვსიდან 5 ვიზიტი კი 2014 წლის შემდეგ შედგა, მას მერე, რაც უკრინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ევრომაიდნის პროტესტის შედეგად გადადგომა მოუხდა, რუსეთმა კი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო. ბაიდენი იმ წლების გახსენებისას ხუმრობდა კიდეც, რომ მაშინ ტელეფონით უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უფრო ხშირად ესაუბრებოდა, ვიდრე - საკუთარ მეუღლეს.

მეორე მხრივ კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით უკრაინა იმპიჩმენტის პოლიტიკურ და სამართლებრივ ქარტეხილში აღმოჩნდა ჩართული.

მაშინ კი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში უფრო ნაკლები ჩართულობით გამოირჩევა, უკრაინალები მიიჩნევენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შესაძლოა დაეხმაროს უკრაინას ერთი მხრივ კორუფციის დამარცხებაში, მეორე მხრივ კი - რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 13 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა.

"უკრაინა დალოცვილია იმით, რომ ამერიკას ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ასე კარგად და პირადად იცნობს ჩვენს ქვეყანას", - დაწერა "ტვიტერზე" უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაცია ტრანსატლანტიკური ლიდერობის ერთგული დარჩება. ახლანდელმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ბაიდესა და ჰარისს გამარჯვება მიულოცა და დაწერა, რომ "უკრაინა ოპტიმუსტურადაა განწყობილი სამომავლო სტრატეგიული პარტნიორობის" მიმართ.

2019 წლის მეორე ნახევარში კი უკრაინა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის მთავარი საგანი გახდა. ყველაფერი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრით დაიწყო, რომლის დროსაც, იმპიჩმენტის ინიციატორების მტკიცებით დონალდ ტრამპმა ზელენსკის ამერიკის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინაში ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიება სთხოვა. ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ კომპანია "ბურისმაში" ჰანტერ ბაიდენს მაღალი პოზიცია ეკავა.

დემოკრატ კანონმდებლებს მიაჩნდათ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალაუფლება უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენა და ამერიკის არჩევნებში ჩარევა პერსონალური სარგებლის მიღების მიზნით სთხოვა. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაამტკიცა, სენატმა კი ის გაამართლა. კამპანიის დროს ტრამპმა ჰანტერ ბაიდენი და მისი საქმიანობა კვლავ არაერთხელ ახსენა და ამას კიდევ ერთ მიზეზად ასახელებდა, რატომაც ბაიდენი პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო.

იმპიჩმენტის პროცედურებისას უკრაინელები მოწმეების დაკითხვებისას პირდაპირ ეთერში ისმენდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას "საშინელ" და "სრულად კორუმპირებულ" ადგილად მოიხსენიებდა. 2019 წლის აპრილში კი ამერიკის ელჩი მარი იოვანოვიჩი უკრაინიდან უეცრად გამოიწვიეს.

"რადიო თავისუფლების" უკრაინულ რედაქციასთან საუბარში დარია კალენიუკი, "ანტი-კორუფციული მოქმედების ცენტრის" დირექტორი ამბობს, რომ ამ დროს კიევში ეჩვენებოდათ, რომ უკრაინა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი აღარ იყო, ქვეყანაში ამერიკის ელჩი წელიწადზე მეტხანს არ ინიშნებოდა, პრო-რუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ოლიგარქებმა კი ეს ყველაფერი ამერიკელი დიპლომატების შესახებ პროპაგანდის წარმატებით გასავრცელებლად გამოიყენეს.

ის, რაზეც მოწმეები იმპიჩმენტის მოსმენებისას საუბრობდნენ და ის, რასაც მათი თქმით, დონალდ ტრამპი უკრაინის შესახებ ამბობდა, აშინებდა ალიონა ჰერმანჩუკსაც, "ახალი ევროპული ცენტრის" დირექტორს კიევში: "გვეგონა თარგმანი იყო არასწორი, ან რაღაც კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ასეთი რამ უკრაინის შესახებ უცხოელი ლიდერისგან არასდროს მოგვისმენია, გარდა პუტინისა".

თუმცა ჰერმანჩუკი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ პრაქტიკულ დონეზე ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც გრძელდებიდა. ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხი. 2018 წელს კი სახელმწიფო დეპარტამენტმა "ყირიმის დეკლარაცია" გამოაქვეყნა, დოკუმენტი, რომელიც უკრიანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ამასთან, ჰერმანჩუკის თქმითვე, ამ დროს ამერიკა დაეხმარა უკრაინას ნატოსთან პარნტიორობის შესაძლებლობებს გაძლიერებაში და უკრაინასთან "სტრატეგიული პარტნიორობის" თავიდან დაწყებაში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის იყო ნორდ სტრიმ 2-ის მილსადენის საწინააღმდეგო პოზიციაც, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსული ენერგიის ევროპისთვის მიწოდების პროცესში უკრაინის სტრატეგიული რული ფაქტობრივად გაქრება. რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომას რუსეთის მიმართ, ანალიტიკოსები არ ელოდებიან, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისას რუსეთის მიმართ სანქციები შემსუბუქდება:

"ამერიკის სახელისუფლებო ინსტიტუტები ამერიკის საგარეო პოლიტიკას უკრაინის მიმართ უცვლელად ინარჩუნებდნენ", - ამბობს ოლექსიი მელნიკი "რადიო თავისუფლებასთან" "რაზმუკოვის ცენტრის" ერთ-ერთი დირექტორი, თუმცა დასძენს: "კვლავ არსებობდა ერთგვარი შიში ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, რომ უკრიანაის საკითხი შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის განახლების მოლაპარაკების პროცესში დათმობილი ყოფილიყო".

ოლექსი ჰარანი, "კიივ-მოჰილას" აკადემიის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივების" კვლევითი დირექტორი ამბობს, რომ ბაიდენი ორი ქვეყნის ურთიერთობაში უფრო მეტ სტაბილურობას შეიტანს და ის უფრო პროგნოზირებადი იქნება და განსხვავება პრეზიდენტის მიდგომებსა და ამერიკის პოლიტიკას შორის უკრაინის მიმართ უფრო ნაკლები იქნება.

"ბაიდენმა ნამდვილად სიღრმისეულად იცის უკრაინის საკითხი, იცის რა რეფორმებია საჭირო, როგორ მუშაობს ისინი ან როგორი გავლენა შეიძლება მათ მოახდინონ", - ამბობს ჰარანი და განმარტავს, რომ მისი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსკოვთან ახალი "რესეტის", იგივე გადატვირთვის პოლიტიკის შესაძლებლობა ნაკლებია.

თუმცა მიუხედავად დადებითი განწყობებისა, უკრაინელების დიდ ნაწილს ისიც აშფოთებს, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ არც ისე მკაცრი იყო და ყირიმის ანექსიის შემდეგაც უარს ამბობდა ისეთი სამხედრო დახმარების და მეორე მხრივ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმაზე, როგორიც ქვეყნისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება იყო. ეს კი მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდა. ამასთან, კიევში იმედოვნებენ, რომ მიუხედავად ამერიკის ახალი პრეზიდენტის მკვეთრი აქცენტისა შიდა პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკა არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. უკრაინის შემთხვევაში კი რუსეთთან გამკლავების პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქვეყანაში რეფორმების გააქტიურებას და მათი ეფექტურობის გაზრდას შეუწყობენ ხელს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG