ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ დააწინაურა შუამავალი, რომელიც ტრამპის ადვოკატს შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ბოგდანი და მის ადგილზე ანდრეი იერმაკი დანიშნა. ერმაკი წარსულში ზელენსკის თანაშემწე იყო და მისი სახელი შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს უკავშირდება.

სწორედ იერმაკს შეხვდა 2019 წლის ზაფხულში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი. ის უკრაინაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

მოწმეების ჩვენების მიხედვით, რის საფუძველზეც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაამტკიცა, ჯულიანი იერმაკზე ზეწოლას ახდენდა, რათა უკრაინაში ჯო ბაიდენის შვილის საქმე გამოეძიებინათ. ბაიდენი მაშინ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა და მომავალ არჩევნებზე ტრამპის მთავარ ოპონენტად მოიაზრებოდა.

ამერიკის თითქმის 2.5 საუკუნის ისტორიაში, ეს იყო რიგით სულ მესამე შემთხვევა, როცა წარმომადგენელთა პალატამ, 2019 წლის დეკემბერში, პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაამტკიცა. მოგვიანებით, პროცესი შეერთებული შტატების სენატში გაგრძელდა. ორკვირიანი პროცესის დასასრულს, 2020 წლის თებერვალში, რესპუბლიკელებით დომინირებულმა სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაამართლა.

რაც შეეხება ანდრეი ბოგდანს, რომელიც ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოსტზე ზელენსკიმ გასული წლის მაისში დანიშნა, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ბოგდანის დაწინაურება მაშინვე წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებად ჩაითვალა, რადგან ის უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის ადვოკატი იყო.

კოლომოისკიმ თავის დროზე უკრაინა საკუთარი ნებით დატოვა, რათა თავი აერიდებინა კრიმინალური ბრალდებებისთვის და ბოლო ორი წელი ისრაელში და შვეიცარიაში ცხოვრობდა. ოლიგარქი კიევში ზელენსკის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

იგორ კოლომოისკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება და არაოფიციალური წყაროების მიხედვით, ის ზელენსკის გადაწყვეტილებებზე გავლენას ანდრეი ბოგდანის საშუალებით ახდენდა. წარსულში კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კოლომოისკი დონბასში მებრძოლ უკრაინელ მოხალისეთა სამხედრო დანაყოფებს აფინანსებდა.

უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კოლომოისკი გუბერნატორის პოსტიდან გაათავისუფლა. უკრაინის წინა მთავრობამ „პრივატ-ბანკის“ ნაციონალიზაციაც მოახდინა, რომლის თანამფლობელიც კოლომოისკი გახლდათ. სასამართლო კოლომოისკის 5.5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მითვისებას ედავებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG