ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ავიაკომპანიები კონკურენციას ვეღარ უძლებენ


Kenn Borek Air-ის თვითმფრინავი მესტიაში სატესტო გაფრენის წინ

მესტიის ახალ აეროპორტში, ახალი ათას ას მეტრიანი ასაფრენი ბილიკით, რომლის მშენებლობაც სახელმწიფოს რვა მილიონი ლარი უჯდება, დეკემბრის ბოლოსთვის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან რეგულარული ავიარესები დაინიშნება. უკვე შერჩეულია გადამზიდავი - კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air.

ზამთრის პერიოდში კანადელები აღნიშნულ რეისებს 19 ადგილიანი, კანადური წარმოების De Havilland DHC-6 ტიპის თვითმფრინავით მოემსახურებიან. თბილისიდან მესტიაში ფრენის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება და ორჯერ, პარასკევსა და კვირა დღეებში განხორციელდება.

ბილეთის ფასი ორივე მიმართულებით 150 ლარიდან დაიწყება. ქეთი ალექსიძე, „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ დირექტორი ამბობს, რომ კანადური კომპანია დიდი გამოცდილების მიხედვით შეირჩა

„შეირჩა კანადური კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება სწორედ რთული რელიეფის პირობებში ფრენებზე. პრაქტიკულად უკვე თვის ბოლოდან დაიწყება რეგულარული ფრენები მესტიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ტურისტების ნაკადის გაზრდას.

კანადელები მესტიაში ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ჩავლენ. მათ უკვე შეისწავლეს რეგიონი. უკვე იმის მიხედვით რასაც გაეცნენ, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მოსწონთ და ძალიან მალე ტესტური ფრენებიც განხორციელდება.“

კანადური „კენ ბორეკ ეარი“ ერთ-ერთია, იმ ათეულობით უცხოური ავიაკომპანიებიდან, რომლებმაც საქართველოში შემოსვლის სურვილი მიმდინარე წლის ბოლოსთვის ოფიციალურად დაადასტურეს.

ასეთი გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირის ოცდაშვიდ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომლის შედეგად საქართველო "ევროპის ერთიანი საჰარეო სივრცის წევრი" გახდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია ამბობს, რომ ქართული ავიაბაზრით დაინრტერესებული უცხოური ავიაკომპანიები ევროკავშირთან ღია ცის ხელშეკრულების გაფორმებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

„რამდენიმე უცხოური ავიაკომპანია, რომლებთანაც ეკონომიკის სამინისტროს დონეზე გვქონდა მოლაპარაკება, ერთ-ერთ ძირითად პირობად, საქართველოში შემოსასვლელად ევროკავშირთან სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა.

ამ ხელშეკრულების გარეშე ისინი ქვეყანაში არ შემოდიოდნენ. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს შევიდა იმ ძალიან მცირე ქვეყნების რიცხვში, რომელთაც აქვთ ასეთი ხელშეკრულება ევროკავშირთან.“

უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მომავალი წლიდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ირლანდიური „რაინერ ეარი“, იტალიური „ალ იტალია“ და „მერიდიანა ფლაი“, ჩინური „ჩინა საუთერნ ეარლაინსი“, ისრაელის „ელ-ალ ისრაელი ეარლაინსი“ და „ისრაელის ავიახაზები“ იფრენენ.

ეს კომპანიები დაემატებიან ქართულ ბაზარზე წელს შემოსულ ხუთ ავიაკომპანიას: რუსულ „ურალის ავიახაზებსა“ და „სიბირს“, პოლონურ „ლოტს“, ირანულ „ატა ეარს“ და თურქულ „პეგასუსს“.

დღეისათვის, საქართველოში 22 უცხოური და თხუთმეტი ქართული ავიოკომპანია დაფრინავს. თბილისის აეროპორტიდან მგზავრთა გადაზიდვა გასულ წელთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა. თუმცა აეროპორტი, რომელსაც წელიწადში სამ მილიონამდე მგზავრის მიღება შეუძლია მხოლოდ 750 ათასი მგზავრით იტვირთება.

ქართული ავიაკომპანიების დიდი ნაწილი ამის მიზეზად აეროპორტის ოპერატორის თურქული კომპანია „TAV ჯორჯიას“ დაწესებულ ძვირ მოსაკრებელს ასახელებს. ავიაკომპანია „სქაი ჯორჯიას“ პრეზიდენტი გიორგი კოდუა კერძოდ ამბობს

„სასურველი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა გადახედოს თავის ტარიფებს და მომსახურების სერვისს. აეროპორტის თურქულ ოპერატორს „ტავ ჯორჯიას“ უნდა რომ გახდეს ე.წ ავიაჰაბი, ანუ მოიზიდოს ბევრი უცხოური ავიაკომპანია და გაზარდოს მგზავრთა ნაკადი. თუმცა თბილისის აეროპორტის ტარიფები ავიაკომპანიებისთვის თითქმის მიახლოებულია ისეთი ევროპული ქვეყნების აეროპორტებისას, როგორებიც არიან - გერმანია, იტალია, საფრანგეთი.

მე ვფქირობ, რომ ჩვენ როგორც ახალი ქვეყანა და ახალი აეროპორტი, რომელსაც აქვს რეგიონალური ავიაჰაბის გახდომის პრეტენზია და კავკასიაში მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადის მოზიდვის ამბიცია, უფრო მიზანშეწონილი იქნება აეროპორტის მოსაკრებელთა ფასები დავაგდოთ და ასე გავხდეთ უფრო მიმზიდველი უცხოური ავიაკომპანიებითვის, პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში მაინც.

და, როცა მოიმატებს მგზავრთა ნაკადი და ამ მაჩვენებლებით მივუახლოვდებით ევროპულ აეროპორტებს, მერე შეგვიძლია უკვე ავწიოთ ტარიფები. დღეს მაინც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს საგრძნობლად დაბალი და კონკურენტული ტარიფები.

ყველას გვესმის რომ, ავიაჰაბი უნდა იყოს კონცენტრირებული ერთ წერტილში, ამ შემთხვევაში თბილისის აეროპორტში, სწორედ აქედან გამომდინარე, თურქულმა ოპრატორმა „TAV ჯორჯიამ“ აიღო კიდევ ბათუმის აეროპორტი მმართველობაში, იმიტომ, რომ სრულად ეკონტრoლებინათ ტარიფები და დღეისათვის, აეროპორტის მოსაკრებელთა ფასები მთლიანად არის რეგულირებული თურქების მიერ.“

საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული „ღია ცის“ პოლიტიკა ქართულ ავიაკომპანიებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელსაც უმრავლესობა ადექვატურად ვერ პასუხობს. იგივე „სქაი ჯორჯია“ გაკოტრების პირას არის.

თურქული“პეგასუსის“ მიერ დანერგილი ახალი „რევოლუციური ფასები“ კი ქართული ავიაციის ფლაგმანს „აირზენა - ჯორჯიან ეარლაინსის“ სტაბილურობას ემუქრება. უკვე 2011 წლის იანვრიდან „პეგასუსზე“ დაბალი ტარიფებით, საქართველოში თავის დამკვიდრებას ირლანდიური „რაინერ ეარი“ აპირებს.

დღეისათვის, უცხოურ კომპანიებს ავიაბაზრის 80 პროცენტი უჭირავთ და ექსპერტთა შეფასებებით, ეს რიცხვი მომავალ წელს მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG