ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრს ვეღარ იფრენს


პრეზიდენტი სააკაშვილი Cessna T206H-ის მმართვის დროს

Gulfstream 450G ტიპის ლაინერის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ფრანგულ „სუპერ პუმებზეც“ უარი თქვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:28 0:00
ბმული

საქართველოს ახალი მთავრობა უარს ამბობს შვეულმფრენების პარკის განახლების გეგმაზე, რომელიც 2010 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. ორი წლის თავზე ცნობილი ხდება კონტრაქტის დეტალები, რომელიც საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს კომპანია „ევროკოპტერთან“ გააფორმა.

თავიდან საუბარი იყო იყო ორი „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენის ყიდვაზე. თუმცა თებერვალში, თბილისში „სუპერ პუმას“ წინაპარი ჩვეულებრივი „პუმა“ SA 330 ჩამოიყვანეს, რომელსაც საფრანგეთში 1968-1987 წლებში აწარმოებდნენ.

ეს შვეულმფრენი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ კუთვნილ კომპანია „Business World-Aviation“-ს გადაეცა.

კონტრაქტით, საქართველოს „ევროკოპტერისგან“ კიდევ ორი შვეულმფრენი უნდა მიეღო. სავარაუდოდ, სწორედ ეს ვერტმფრენები უნდა ყოფილიყო „სუპერ პუმას“ ტიპის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 92 მილიონ ლარს აღწევდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ხსნის, თუ რატომ ამბობს ახალი მთავრობა ფრანგული შვეულმფრენების შეძენაზე უარს:

„დაფინანსების წყარო იყო საგარეო ვალი. კერძოდ, „ევროკოპტერთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან ერთად, საფრანგეთშივე მოხდა კრედიტზე შეთანხმება ბანკ „სოსიეტე ჟენერალთან“. და დღესაც, გაწერილი ეტაპების მიხედვით, ბანკი ფარავს ამ თანხას „ევროკოპტერისგან“ მოწოდებული ვერტმფრენების სანაცვლოდ.

რადგან საუბარია, სესხით შეძენილ ვერტმფრენებზე, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - მოხდეს „ევროკოპტერთან“ შეთანხმება - ისე რომ არ ჩამოვიყვანოთ, ადგილზევე მოვახდინოთ ამ ვერტმფრენების გასხვისება.“

2010 წლის ზაფხულში, საქართველოს მთავრობასა და „ევროკოპტერის“ შეთანხმებას ვერტმფრენების მოწოდების თაობაზე, დიდი ხმაური მოჰყვა. რუსეთი ფრანგული კომპანიისგან კატეგორიულად ითხოვდა, რომ საქართველოსთვის სამხედრო ტიპის ვერტმფრენები არ გადაეცა. საპასუხოდ, ქართული მხარე აცხადებდა, რომ ვერტმფრენებს სამოქალაქო დანიშნულებისთვის, ძირითადად, სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებდა.

მას შემდეგ, რაც თბილისში, ძველი მოდიფიკაციის „პუმა“ SA 330 განახლებული სალონით ჩამოიყვანეს, ნათელი გახდა, რომ ვერტმფრენი ე.წ VIP სტუმრებისთვის და პირადად, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაადგილებისთვის იყო შეძენილი.

ზუსტად ანალოგიური სქემით იყო შეძენილი პრეზიდენ სააკაშვილისთვის ამერიკული ბიზნეს-კლასის Gulfstream 450G. ამ ლაინერის საბაზრო ღირებულება 38 მილიონ დოლარს აღემატება. თავდაცვის სამინისტრომ, ეს ლაინერი 2011 წელს, ლიზინგის წესით შემოიყვანა და თვეში მისი შენახვა საქართველოს ბიუჯეტს 850 000 ლარი უჯდებოდა. პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ ამ ლაინერით იმყოფებოდა 2011 წლის ივლისის ბოლოს პერუს პრეზიდენტის ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციაზე.

სულ 2011 წელს სააკაშვილმა Gulfstream 450G-ით ექვსჯერ ისარგებლა. 2012 წელს შესრულებული ავიარეისების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ახალმა მთავრობამ ამ ლაინერზეც უარი თქვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ამბობს:

ალექსანდრე ბურჭულაძე: „ვაჩერებთ Gulfstream 450G-ის შეძენას. უკვე არის საკმაოდ სოლიდური თანხები გადახდილი და ჩვენი მთავარი ინტერესი ეხლა არის, რომ გადახდილი თანხიდან რაღაც ნაწილი იქნებ უკან დავიბრუნოთ.“

როგორც სამოქალაქო ავიაციის, ისე სამხედრო ექსპერტები, ძველი მთავრობის გადაწყვეტილებას „ევროკოპტერისგან“ „სუპერ პუმები“ შეეძინა თავიდანვე აკრიტიკებდნენ. ამის მიზეზი კონტრაქტის სიძვირესთან ერთად, იყო ის გარემოება რომ საქართველოში ფრანგული ვერტმფენების მომსახურების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გამართვა და სპეციალისტების მომზადება დამატებით სოლიდურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

მაგალითისთვის, ფრანგული „დოფინის“ ტიპის ვერტმფრენი, რომელიც 2001 წელს პრეზიდენტ შევარდნაძისთვის შეიძინეს და 2003 წლის ბოლოდან პრეზიდენტი სააკაშვილი სარგებლობს, საქართველოში შესაბამისი ცენტრის არარსებობის გამო, შემოწმებას რუმინეთში. ქალაქ ბრაშოვში იქ არსებულ „ევროკომპტერის“ ტექნიკურ ცენტრში გადის.

2012 წლის ოქტომბერში არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებამდე, პრეზიდენტ სააკაშვილის ავიაპარკში შედიოდა: კანადური წარმოების ლაინერი Bombardier Challenger 850; ამერიკული ლაინერი Gulfstream 450G; ფრანგული ვერტმფრენი Dauphin EC155 და რუსული ვერმფრენი МИ-8МТ. ორივე ეს ვერტმფრენი საზენიტო რაკეტების მოსაგერიებელი რადიოელექტრონული აპარატით არის აღჭურვილი.

პრეზიდენტის ავიაპარკში ასევე ირიცხება ფრანგული ვერტმფრენი Puma SA 330 და ამერიკული მსუბუქი თვითმფრინავი Cessna T206H, რომელზეც სააკაშვილი თვითმფრინავის მართვას სწავლობდა.

საინტერესოა, რომ 2004 წლის 5 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი თებერვალში, თავისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით რუსეთში, ჩვეულებრივი სამოქალო რეისით, ეკონომ-კლასით გაფრინდა და განაცხადა, რომ 100 000 დოლარი დაზოგა და ამიერიდან იგი და მისი მთავრობის წევრები მხოლოდ ასე „იაფად“ იფრენდნენ.

XS
SM
MD
LG