ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო -„აირზენა“: თანამშრომლობა გაგრძელდება?


აირზენას CRJ -100-ის კატასტროფას კინშასაში საქართველოს ოთხი მოქალაქე შეეწირა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო გამოძიება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქართული ავიაციის ფლაგმანის „აირზენა საქართველოს ავიახაზების“ კუთვნილი ლაინერის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 32 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე შეეწირა.

კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კისინგარის აეროპორტიდან, „აირზენას“ კუთვნილი კანადური წარმოების CRJ -100 ტიპის თვითმფრინავი, გაეროს მისიის დაკვეთით, კონგოს დედაქალაქ კინსაშაში მიფრინავდა და კატასტროფა ნჯილის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს განიცადა.

ლაინერის ეკიპაჟი მთლიანად ქართული იყო. ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე, ტექნიკოსი ალბერტ მანიუკოვი, მეორე პილოტი სულიკო ცუცქირიძე და ხომალდის მეთაური ალექსი ოჰანესიანი კონგოში იანვრიდან იმყოფებოდნენ.

დაღუპული ტექნიკოსის მეუღლე რიტა მანიუკოვა ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ეკიპაჟი თბილისში ჯერ კიდევ 1 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო

„კვირას ვილაპარაკეთ ტელეფონით და თქვა რომ ძალიან მაგარი წვიმა არისო, ასეთი თავსხმა არასოდეს მინახავსო. ხვალ მივდივართ კისანგარშიო. მე ვუთხრახი ასეთი ცუდ ამინდში როგორ მეთქი?! არა, ხვალ ასეთი ცუდი ამინდი არ იქნებაო, მეტი არაფერი ვიცი.“

ავიაკატასტროფის მიზეზად სწორედ ტროპიკული ქარიშხალი დასახელდა, რომელმაც ლაინერს ზედ კინშასას თავზე მოუსწრო. უკვე ნაპოვნია შავი ყუთი. სპეციალურ კომისიაში, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს იკვლევს საქართველოსა და კონგოს ავიაციის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს მისიის სპეციალისტებიც მუშაობენ.

საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილიმა კერძოდ განაცხადა

„სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ჩართულია საგამოძიებო საქმიანობაში. მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა გუშინ საღამოს და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად განხორციელდება საგამოძიებო ღონისძიებები.“

ავიაკომპანია „აირზენა“ უკვე მესამე წელია კონგოში მოქმედ გაეროს მისიას საჰაერო მომსახურებას უწევს. „აირზენამ“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ კონგოში ჩამოვარდნილ ლაინერს ბოლო ტექნიკური შემოწმება 2010 წლის დეკემბერში გერმანიაში ჰქონდა გავლილი.

ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ ლაინერი ტექნიკურად გამართული იყო

CRJ -100 ტიპის თვითმფრინავი კინსაშაში დაფრენის დროს მოხვდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. იყო ტროპიკული წვიმა და ქარიშხალი, რამაც გამოიწვია მისი ჩამოვარდნა. რაც შეეხება თვითმფრინავის ტექნიკურ მდგომარეობას, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თვითმფრინავმა გაიარა „ლუფთჰანზას“ სპეციალურ ცენტრში შემოწმება და ის ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იყო.

ავიაკომპანია „აირზენას“ წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან კინსაშაში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა ოპერატიულად მოხდეს ჩვენი დაღუპული ეკიპაჟის გადმოსვენება. ყველა ხარჯს ავიაკომპანია თავის თავზე იღებს. გაიგზავნება სპეციალური თვითმფრინავი და ჩარტერული რეისით მოხდება მათი გადმოსვენება საქართველოში.“

ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება დაღუპული ქართული ეკიპაჟის წევრთა ცხედრების სამშობლოში ოპერატიულად გადმოსვენება.

„აირზენას“ ერთი ლაინერი უკვე იმყოფება დემოკრატიულ კონგოში, მეორე მზად არის თბილისიდან გაფრინდეს, თუმცა აფრიკულ სახელმწიფოში მიმდინარე გამოძიებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის პროცესუალური ნორმების დაცვის მიზეზით, შეიძლება გადმოსვენების პროცესი დროში გაიწელოს. „აირზენას“ წარმომადგენელი კონგოში ალექსანდრე ტეზიკოვი ამბობს

„კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალიან დიდი პრობლემებია დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. თვითმფრინავი და ეკიპაჟი უკვე მზად არის, რომ ცხედრები გადმოასვენონ თბილისში, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც, კონგოში ყველა საბუთი მზად იქნება. მხოლოდ ამის მერე შეგვეძლება გავფრინდეთ თბილისში.“

ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 29 მგზავრიდან მხოლოდ ერთი ადამიანი -კონგოელი ჟურნალისტი ფრენსის მვამბა გადაურჩა. დაღუპულთა უმრავლესობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიის თანამშრომლები არიან, ტრაგედიის გამო დღეს მთელ მსოფლიოში გაეროს ყველა ოფისში გაეროს დროშები დაუშვეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა კი ნიუ იორკში გაეროს შტაბ-ბინაში დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიიტანა.

ექსპერტთა განცხადებით, ავიაკატასტროფა კონგოში ყველაზე დიდი ავიაკატასტროფაა გაეროს ისტორიაში. გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი გააგრძელებს თუ არა გაერო ქართულ ავიაკომპანია „აირზენასთან“ თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG