ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გელა სახელაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ელის


გელა სახელაშვილი. ფოტო სოციალური ქსელიდან

ავიაკომპანია „ბელავიას“ თვითმფრინავის გატაცებაში ეჭვმიტანილი სოფელ ახალი თერჯოლის მკვიდრია

სოფელ ახალი თერჯოლის მკვიდრ, 41 წლის გელა სახელაშვილს, რომელიც გუშინ მინსკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ბელორუსიის კანონმდებლობით, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის, თუ დამტკიცდა, რომ იგი თვითმფრინავის გატაცებას ნამდვილად ცდილობდა.

ბელორუსიის ავიაკომპანია „ბელავიას“ კუთვნილი „გოლფსტრიმის“ ტიპის თვითმფრინავი, რეისი 731 ქუთაისი-მინსკი, კოპიტნარის აეროპორტიდან გუშინ, დილის 4 საათსა და 50 წუთზე აფრინდა. ბელორუსიის უშიშროების ცნობით, როცა მინსკის აეროპორტამდე 40 წუთი რჩებოდა, გელა სახელაშვილმა პილოტებს სტიუარდესას მეშვეობით წერილი გადასცა.

საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავისთვის მარშუტის შეცვლას და რომის აეროპორტში დასმას ითხოვდა. ბეროლუსიის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი არტურ სტრეხი ამბობს

„ეკიპაჟის მეთაურმა წერილი მიიღო, როცა თვითმფრინავს მინსკამდე 200 კილომეტრი რჩებოდა. ამ დროს ლაინერის ბორტზე 32 მგზავრი იყო, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.“

ბელორუსიის უშიშროება ამტკიცებს, რომ გატაცებაში ბრალდებული ფხიზელი იყო. ეს კითხვა ჟურნალისტებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ცნობილი გახდა, რომ რომის გარდა, გელა სახელაშვილმა თვითმფრინავის დასმა ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში მოითხოვა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა“ - აცხადებენ ბელორუსიის უშიშროებაში.

საბოლოოდ, ეკიპაჟის მეთაურმა შეძლო გელა სახელაშვილის დარწმუნება, რომ ავიალაინერს, ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დასვამდე, სინამდვილეში კი მინსკის აეროპორტში დაეშვა, სადაც უკვე მობილიზებული იყო ბელორუსიის კონტრტერორისტული სამმართველოს სპეცრაზმი „ალფა“.

გელა სახელაშვილი სპეცდანიშნულების რაზმს მაშინვე ჩაბარდა, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. სისხლის სამართლის საქმე თვითმფრინავის გატაცების მუხლით აღიძრა, რაც ბელორუსიის კანონმდებლობით, 7 წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში კი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ ამბობენ, რომ 731-ე რეისმა აფრენიდან 35 წუთში, კოპიტნარის აეროპორტს აცნობა, რომ ერთ-ერთი მგზავრის არაადექვატური ქცევის გამო, შესაძლოა უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მოგვიანებით, ეკიპაჟმა მინსკისკენ ფრენა მაინც განაგრძო.

„აეროპორტების გაერთიანების დირექტორი“ ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ მგზავრი გელა სახელაშვილი რეგისტრაციისა და შემოწმების დროს ადექვატურად იქცეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თვითმფრინავში არ აუშვებდნენ.

„გაფრენის წინა შემოწმება გაიარა ყველა მგზავრმა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისის დაწყებამდე, არც რეგისტრაციის, არც შემოწმებისა და არც ჩასხდომის მომენტში, არაადექვატური ქცევა მგავრების მხრიდან არ დაფიქსირებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მგზავრი ავტომატურად მოიხსნებოდა რეისიდან.“

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ხელახლა გაიხსნა. აეროპორტი ქუთაისიდან 15 კილომეტრში სოფელ კოპიტნარში მდებარეობს.

თუ 2010 წელს, კოპიტნარის ძველი აეროპორტის მომსახურებით სულ 7446 მგზავრმა ისარგებლა, უკვე 2013 წელს, ახალი აეროპორტი 25 ჯერ მეტ - 188 000 მგზავრს მოემსახურა.

შარშან, ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანის რაოდენობით აბსოლუტური ლიდერი - უნგრული Wizz Air იყო. მგზავრთა საერთო რაოდენობის 88% სწორედ Wizz Air-ს ერგო. შემდეგ მოდიან რუსული „ციმბირის ავიახაზები“, „ურალის ავიახაზები“ და ქართული „აირზენა“. ქუთაისური ტრაფიკის მხოლოდ 1 პროცენტი ერგო ბელორუსულ „ბელავიას“.
XS
SM
MD
LG