ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ცივი“ კეთილმეზობლობიდან უვიზო მიმოსვლამდე


მანუჩეჰრ მოთაქი და გრიგოლ ვაშაძე თბილისში

საქართველო, თურქეთის შემდეგ, მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელსაც ირანთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ექნება. ხელშეკრულებას ამის თაობაზე, დღეს, თბილისში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის ვიზიტისას მოეწერა ხელი.

ასეთი ხელშეკრულება ირანს მსოფლიოს კიდევ ექვს ქვეყანასთან - ეკვადორთან, ჰაიტისთან, დომინიკასთან, მალაიზიასთან, ნიკარაგუასთან და შრი-ლანკასთან აქვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ეს ხელშეკრულება მზადდებოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუხდათ განმარტება, რომ თეირანისა და თბილისის ურთიერთობების დათბობა, თბილისისა და ვაშინგტონის სტრატეგიულ მეგობრობაზე არ იმოქმედებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აღნიშნავს:

„ეს არ მოდის წინააღმდეგობაში, საგარეო პოლიტიკასთან, რომელიც არის ევროკავშირთან ინტერგრაცია, მასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და ნატოში ინტეგრაცია. ურთიერთგამომრიცხველი ესენი საერთოდ არ არის.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენი მოქალაქეების სავაჭრო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა გზის გახსნა გვსურს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს. შეგახსენებთ, რომ ირანთან იგივე თურქეთსაც აქვს უვიზო მიმოსვლა.“

ირანსა და საქართველოს დღემდე ცივი კეთილმეზობლობა ჰქონდათ. ირანი ეწინააღმდეგება კავკასიის რეგიონში, და კერძოდ საქართველოში, ამერიკისა და ნატოს პოზიციების გაძლიერებას; ის ბუნებრივი კონკურენტია რეგიონში, როგორც, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ისე რუსეთის, მიუხედავ იმისა, რომ მოსკოვი ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენებისა და გაზსადენების მშენებლობა ასევე არ შედის თეირანის ეკონომიკურ ინტერესებში, ვინაიდან ამცირებს, მისი, როგორც კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ტერიტორიის მნიშვნელობას;

2007 წელს იყო ურთიერთობის მკვეთრად დაძაბვის მომენტიც, მაშინ თეირანმა მკაცრად დაგმო სააკაშვილის მთავრობის ქმედება, როცა თბილისში, ირანელი იარაღით მოვაჭრე ჰოსეინ არდებილი (Hossein Ardebili) დააპატიმრეს და ამერიკას გადასცეს.

მეორეს მხრივ, ირანი დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო გზებითა და ნავსადგურებით, იმ იზოლაციის გარღვევით, რომელშიც ეს ისლამური ქვეყანა საკუთარი ბირთვული პროგრამის გამო აღმოჩნდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი მინაშვილმა „ამერიკის ხმას“ ამასთან დაკავშირებით უთხრა

„ბუნებრივია, აქ იბადება კითხვა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია აქაც ძალიან ნათელია, ისევე, როგორც მთელი დასავლური სამყაროსი, რომ ასეთი ტიპის პროგრამა უნდა იყოს შეზღუდული და უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი სამხედრო მიზნებისათვის ბირთვული პროგრამის განხორციელება. ეს პოზიცია არის ძალიან ცალსახა და ძალიან ნათელი.

თუმცა, მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ურთიერთობა მჭიდრო ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპიც არის. იმიტომ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე ირანისათვის. მათ შორის, ინვესტიციების და ასევე ენერგოუსაფრთხოების კუთხით.“

რუსულ-ქართული ომის დროს, ირანის მმართველმა ელიტამ აშკარად პრორუსული პოზიცია დაიკავა, თუმცა, ომის შემდეგ, აღარ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ირანელ დიპლომატებს რუსეთის შუამდგომლობით, შარშანაც და წელსაც, ჰქონდათ არაოფიციალური კონტაქტები სოხუმის ხელისუფლების პირველ პირებთან, აფხაზეთში ირანული ინვესტიციების შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული არ ყოფილა. პარლამენტარი პაატა დავითაია ამბობს

„ის განცხადებები, რაც კეთდებოდა ირანთან დაკავშირებით, რომ მათი კერძო კაპიტალი შეიძლება შევიდეს აფხაზეთში. მე როგორც გამაჩნია ინფორმაცია, მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ირანი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას შეუშლის ხელს. იმიტომ, რომ ცალსახად, ჩანს, ირანის ხელისუფლებამ არ აღიარა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლობა.“

2008 წელთან შედარებით, საქართველოსა და ირანის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, თუმცა გაორმაგდა ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ოფოციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს, ივლისის ჩათვლით, საქართველოში 10803 ირანელი შემოვიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,5-ჯერ მეტია.

ტენდენცია იმაზე მიანიშნებს, რომ სულ უფრო მეტ ირანელს უჩნდება სურვილი დატოვოს, მკაცრი ისლამური გარემო, სადაც გასართობი ინდუსტრია არ არსებობს და თავისუფლად დაისვენოს. ტურისტული სააგენტო „თრეველ ტურის“ დირექტორი ადა ნანიკაშვილი ამბობს

„აინტერესებთ ძირითადად მთის რეგიონი. ყაზბეგში მიგვყავს, ხოლმე, და ძალიან დიდი დაინტერესებაა ბათუმის რეგიონთან დაკავშირებით. ეს მხარე იმიტომ დააინტერესა ირანელ ტურისტს, რომ მუსლიმები ცხოვრობენ, ასევე ბევრი მეჩეთია.“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოთაქი ხვალ სწორედ აჭარაში მიემგზავრება და ბათუმში ოფიციალურად გახსნის ირანის საკონსულოს.

ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თეირანსა და თბილისს შორის საჰარეო მიმოსვლის აღდგენაც, რომელიც 2000 წლის მერე შეწყვეტილი იყო.

ქართული ავიაკომპანიია „აირზენას“ ლაინერი თეირანში 2 ნოემბერს გაფრინდა და ამიერიდან, კვირაში ორჯერ იფრენს. ზაფხულის პერიოდში, „აირზენა" კიდევ ერთი, ბათუმი-თეირანის რეისის დანიშვნასაც გეგმავს.

XS
SM
MD
LG