ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რევოლუციური ეპოქის დასასრული


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაგურაცია

ინაუგურაციაზე პრეზიდენტ მარგველაშვილს არ უხსენებია სიტყვა „ოკუპაცია“, თუმცა გაიხსენა ცხინვალში სადისტურად მოკლული - ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:33 0:00
ბმული

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვა ინაუგურაციაზე ზუსტად 13 წუთი გაგრძელდა. ქვეყნის 44 წლის ლიდერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელებას.

პრეზიდენტ მარგველაშვილს პირველ ოფიციალურ გამოსვლაში არ უხსენებია სიტყვა „ოკუპაცია“, თუმცა გაიხსენა ცხინვალში სადისტურად მოკლული, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც პრეზიდენტის თქმით, „ქედი არ მოიხარა მტრის წინაშე“. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ საქართველო მზად არის გააღრმაოს დიალოგი რუსეთთან, დღეს არსებული პრობლემების მიუხედავად.

საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციას ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ ესწრებოდა, მეორე პრეზიდენტი, 85 წლის ედუარდ შევარდნაძე. ინაუგურაციაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა მესამე პრეზიდენტი, 45 წლის მიხეილ სააკაშვილი. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ 17 ნოემბერს საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდი დასრულდა.

ეს გამარჯვება გამოიხატება დემოკრატიის პროცესის კონსოლიდაციაში. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით, ხელისფლების ცვლილების პრეცედენტის შექმნით, ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივ განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა.

დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, რითაც ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე.“

გიორგი მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, ავტომატურად შევიდა ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს იქნა მიღებული. საქართველოს ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ისევ შერეული მმართველობის მოდელზე, ნახევრად საპრეზიდენტო და საპარლამეტო რესპუბლიკად გადაიქცა.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ინარჩუნებს ერთგვარი არბიტრის როლს მშვიდობიან პერიოდში, თუმცა შეუძლია ერთპიროვნული მმართველი გახდეს კრიზისის დროს. მთავარი მოთამაშე კი ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ინაუგურაციის პროცესში ამბობს:

„ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი თავი. პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის თავჯდომარის ახალი უფლებამოსილებებით, ამიტომ ქვეყანა საპრეზიდენტო მოწყობიდან ნახევრად საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელზე გადადის.

ეს უკვე კონცეპტუალურად ცვლის, თვითონ ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულებას.“

2013 წლის 17 ნოემბერს, გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით, ოფიციალურად დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ, 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის შედეგად დაიწყო. მაშინ სააკაშვილმა პრეზიდენტი შევარდნაძე ხავერდოვნად ჩამოაშორა ხელისუფლებას.

ედუარდ შევარდნაძემ კი 11 წლით ადრე, ძალაუფლება ძალადობით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით ჩაიგდო ხელში.

ბევრი დასავლელი ექსპერტის აზრით, რეალურად სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003-2006 წლებში წამოწყებულმა რეფორმებმა შეუქმნა საფუძველი თანამედროვე, დასავლური მოწყობის ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

ჯერ პრეზიდენტ შევარდნაძის და შემდეგ კი ასლან აბაშიძის მშვიდობიანი გაცილება, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, მათ შორის ჯავახეთიდან, პოლიციის რეფორმა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა და ეკონომიკის გაძლიერება გახდა ახალი საქართველოს ერთგვარი სტარტ-აპი.

თუმცა, 2006 წლის შემოდგომიდან, პოლიციის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებამ, განხეთქილებამ მმართველი პარტიის შიგნით, მედიის ტოტალურმა კონტროლმა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრამ, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებამ, აგვისტოს ომმა, ბიზნესის დატერორებამ და ციხეებში ადამიანის უფლებების ტოტალურმა დარღვევებმა ვარდების რევოლუციის ბევრი მონაპოვარი ეჭვქვეშ დააყენა.
ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი ამბობს:

„ჩვენ არ მოგვიხდენია რეფლექსია ბოლო 20 წლის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. არ ყოფილა არცერთი სიღრმისეული შეფასება რევოლუციების, რა მოგვიტანა ამ რევოლუციებმა? რა მოგვიტანა სახელმწიფო მმართველობის იძულებითმა ცვლილებამ ?და, რას წარმოადგენს საბჭოთა წიაღის გავლენა იმაზე, რაშიაც დღეს ჩვენ ვინმყოფებით?

ჩვენ რომ კარგად შეგვეხედა იმ სიტუაციისთვის, თუ რა მოიტანა იძულებითმა ცვლილებებმა ტრაგიკულ 1992 წელს, მერე როგორ შეიცვალა წყობა 2003 წელს, როგორ მოდიოდა ეს ტალღა, სახელმწიფო გადატრიალებების, მშვიდობიანი იქნებოდა ეს თუ ძალადობით, როგორ მოდიოდა სრულიად გაუგებარი ადამიანების რაოდენობა უმრავლესობის სახით, რომლებიც მერე ფაქტობრივად ხელისუფლების უზურპირებას ახდენდნენ , ალბათ, ჩვენ დავფიქრდებოდით იმაზე რომ რევოლუციებს მარტო სასიკეთო შედეგი არ მოაქვთ, არამედ რევოლუციები არის - ფსევდომოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რანგში ბოლო სამუშაო დღეს განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე თავს შეიკავებს საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან.“ ამასთან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად.

პრეზიდენტ სააკაშვილის წასვლასთან ერთად, თანამდებობას ტოვებს პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG