ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად მზად არის საქართველო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ?


2008 წლის აგვისტო. ეთნიკური ქართველები გადამწვარ ზემო აჩაბეთს ტოვებენ

აგვისტოს ომის გამოძიების ბუნდოვანი პერსპექტივა თბილისში, მოსკოვსა და ჰააგაში

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:01 0:00
ბმული


აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კვლავაც „წინასწარი მოკვლევის“ ეტაპზეა, ისევე როგორც 2008 წლის 20 აგვისტოს, როცა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა შესწავლა დაიწყო.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა ბოლო ანგარიში რუსეთ–საქართველოს ომზე ცხრა თვის წინ გამოაქვეყნა. მასში საუბარია, რომ „ამ ეტაპზე საქართველოც და რუსეთიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების შესაბამის გამოძიებებს, როგორც ჩანს, აწარმოებენ ეროვნულ დონეზე. თუმცა, არცერთ გამოძიებას ჯერ შედეგი არ გამოუღია.“

იმავე დროს, ანგარიშში ხაზი აქვს გასმული, რომ „როგორც საქართველოს, ისე რუსეთის წარუმატებლობა თავიანთ გამოძიებებში შედეგების მიღების კუთხით, კითხვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მხარეები რეალურ გამოძიებას არც აწარმოებენ.

ამ აზრს იზიარებს საქართველოს ახალი ხელისუფლება და პირადად პრემიერ–მინისტრი. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ აგვისტოს ომის მიზეზები თავიდან უნდა იქნას გამოძიებული. მაისში მთავარ პროკურატურაში შეიქმნა რვაკაციანი საგამოძიებო ჯგუფი, პროკურორების მირანდა მელქაძისა და მედეა როსებაშვილის ხელმძღვანელობით.

ამ ჯგუფს ივნისში ჰააგის სასამართლოს ანალიტიკოს–ექსპერტებმა ფრანცისკო არამბურუმ და ელენა პლამენაკმა უკვე ჩაუტარეს ტრენინგი. გამოძიების ინტრესებიდან გამომდინარე, მთავარ პროკურატურაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ კომენტარს არიან თუ არა ამ საქმეზე მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხულნი, ან როდის დაიკითხებიან ისინი.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წევრი გიორგი ვოლსკი ამბობს თუ რას ელოდება ახალი გამოძიებისგან:

ჩვენ აგრესია სხვა ქვეყანაში არ განგვიხორციელებია, ჩვენი ჯარი იქით არ გადასულა. აგრესია განხორციელდა ჩვენს მიმართ და მოხდა ოკუპაცია. დამთავრდა, ამაზე ყველანი ვთანმხდებით. მე მაინტერესებს რამდენიმე საკითხი. 2007 წლის ბოლოს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სააკაშვილმა საარჩევნო კამპანიისას რატომ თქვა, რომ ცხინვალი ამოსაღები კბილივით მოყანყალებული არისო და მისი ამოღება რამოდენიმე კვირის ამბავიაო. გარანტიას გაძლევთო, რომ 2008 წლის დეკემბერში სოხუმში შევხდებითო.

მაინტერესებს, რატომ ამბობდა ამას? რა მოხდა? კონსპირაცია იყო? შეცდომაში შეიყვანეს თუ როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა ომის მეორე დღესვე – მახეში გაება?! მაინც რა მოხდა? რატომ შევიდა ცხინვალში დროშებით? რისი ან ვისი იმედი ჰქონდა? შეცდომაში თუ შეიყვანეს ეს სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების თემაა.“

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი მოკვლევა გულისხმობს შეფასებას – არის თუ არა აუცილებელი სასამართლომ მოცემულ საქმეზე საკუთარი გამოძიება დაიწყოს; ანუ, არის თუ არა აგვისტოს ომის დანაშაულებები იმ სიმძიმის, რომ ისინი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოექცეს; და რაც ყველა მთავარია, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება იძიებს თუ არა ამ დანაშაულებებს რეალურად.

ამის დასადგენად ჰააგის სასამართლო მუდმივ კავშირშია, როგორც მოსკოვთან და თბილისთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს ახორციელებენ.

2013 წლის 1 ივნისის მონაცემებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოში 3855 შეტყობინებაა შესული. სასამართლოს პროკურორის ოფისის ბოლო ანგარიშში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ“, რომ წამებას, ქონების განადგურებას, ძარცვას, მოსახლეობის დეპორტაციას ან ძალისმიერ გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, იქვე აღნიშნულია რომ ეს წინასწარი შეფასება შესაძლოა გადაიხედოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფაქტები და მტკიცებულებები გაჩნდება.

საქართველოს პრემიერის მსგავსად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის დროს მომხდარ შესაძლო დანაშაულთა გამოძიება ადგილობრივ დონეზე უნდა მოხდეს, რომ ეს საქმე ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არ გადავიდეს.

ამ პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ „ერთი წუთითაც არ ითანამშრომლებს მოღალატეობრივ გამოძიებასთან.“ ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ მყარი პოზიციაა, რომ ახალი გამოძიება მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, შეარყევს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და დააზარალებს არაღიარების პოლიტიკას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს რომ აგვისტოს ომი უკვე გამოძიებულია და აგრესორის ვინაობაც ცნობილია:

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იძიებს ომის დანაშაულებებს, როგორიც არის ეთნიკური წმენდა ან სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული. ამ ფონზე, წინსწრებად იმის განცხადება, რომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტი სააკაშვილი და გამოძიების წინასწარ წარმართვა მოხდეს ამა თუ იმ პიროვნების მიმართ, უკვე აბსოლუტურად თვითლუსტრირებას უკეთებს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მოტივაციას.

რაც შეეხება საკუთრივ ომს. უკვე იყო არაერთი გამოძიება, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით, ტალიავინის კომისიის გამოძიება, ჩვენი საპარლამენტო კომისიის გამოძიება. დღეს ჩვენ ვისმენთ რომ რაღაცეები არ მოსწონთ, ამ გამოძიებას არ ენდობიან. სატირალია ეს, 200 ერთეული ჯავშანტექნიკა რომ გადმოვიდა ომის დაწყებამდე საზღავრზე, ეს ჯარისკაცები-ბალალაიკის დასაკვრელად გადმოვიდნენ?!

არის თუ არა საქართველო აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების ხელახალი გამოძიებისთვის მზად?! ეს კითხვა ომის მეხუთე წლისთავზე განსაკუთრებით აქტუალურია.

რა კუთხით წავა ახალი გამოძიება?! რამდენად თავისუფალი იქნება ის პოლიტიკური კონიუნქტურისგან? არის თუ არა თეორიული შესაძლებლობა, რომ აგვისტოს ომის წამომწყებად ქართული სახელმწიფო წარმოჩინდეს? საქართველოს არმიის სამხედრო მეთაურებისა და ჯარისკაცების, იმდროინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?! სად არის გარანტია, რომ ეს პროცესი არ დააზარალებს საქართველოს სუვერენიტეტს?

არის თუ არა საქართველოს პროკურატურა მზად მინსკის 1993 წლის სამართლებრივი დახმარების კონვენციის შესაბამისად ითანამშრომლოს რუსეთის პროკურატურასთან ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაში?

იმ ქვეყნის პროკურატურასთან, რომელმაც 2008 წელს ქართველი სამხედრო ტყვე, ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ოფიციალური დაკითხვის შემდეგ, ოსურ მხარეს საწამებლად გადასცა? იმ ქვეყანასთან, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი? ამ კითხვებზე დღეს პასუხები არ არსებობს ან ძალზედ ბუნდოვანია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ რუსეთს-საქართველოსგან განსხვავებით, არ აქვს რატიფიცირებული რომის ქარტია. შესაბამისად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია მის ტერიტორიაზე არ ვრცელდება. სწორედ ამ მიზეზით, რუსულ მხარეს, სამოქალაქო თუ სამხედრო ისტებლიშმენტიდან ჩეჩნეთში ჩადენილი შემზარავი დანაშაულების გამო პასუხი დღემდე არ უგია.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG