ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გაეროს სასამართლოში


მომავალ კვირას, გაეროს საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice) ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში ზეპირ მოსმენებს დაიწყებს, საქართველოს სახელმწიფოს სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ.

2010 წლის 13-დან 15 სექტემბრამდე მოსამართლეები რუსეთის არგუმენტებს მოისმენენ, 14-დან 17 სექტემბრამდე კი ქართული მხარის. საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს უჩივლა რუსეთს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში - და რუსეთის "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ" 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველოს დელეგაციის წევრი ჰააგაში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი ამბობს

“13 სექტემბერს, საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაიწყება. ეს განხილვა გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.

როგორც საქართველოს, ასევე რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რომ წარადგინონ თავიანთი პოზიციები და არგუმენტები, უკვე უშუალოდ სასამართლოს შემადგენლობის წინაშე. ეს სარჩელი ეხება 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.

უკვე ვემზადებით ზეპირი განხილვისთვის, შესაძლებლობა გვექნება, რომ მოვისმინოთ რუსეთის არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავცეთ პასუხი. საქმე, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ძალიან მყარი საქმეა. ჩვენ გვაქვს, რუსეთის პასუხისმგებლობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები წარდგენილი. დანარჩენი, ბუნებრივია სასამართლოს შესაფასებელია, თუმცა წარმატების დიდი იმედი გვაქვს."

საქართველო რუსეთს, ქართველების უფლებების ეთნიკური ნიშნით, დარღვევაში სდებს ბრალს. თბილისის აზრით, ეს გამოიხატა 90-იანი წლების დასაწყისში, ოკუპურებულ ტერიტორიდებიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებისათვის ხელის შეშლით. ასევე, უკან დაბრუნებული ეთნიკური ქართველებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობით.

სარჩელში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, მოხდა ქართული მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა, რასაც თან ახლდა სოფლების განადგურება, ეთნიკური ქართველების დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე კოდორის ხეობაში.

ოფიციალურური მოსკოვი თავიდან ამტკიცებდა, რომ ეს საქმე ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა, მოგვიანებით კი, რუსეთში გაჩნდა ახალი დამოკიდებულება, რომ ჰააგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწვეტილების შემთხვევაში, მას აღსრულება არ უწერია. ივან სტარიკოვი, მემარჯვენე ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, ამასთან დაკავშირებით შენიშნავს

„რა თქმა უნდა, რუსეთის ან საქართველოს სიმართლე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჰააგის სასამართლო - ძალიან პატივცემული, საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტია, მსოფლიო სამართლებრივ სისტემაში. ამიტომ, რუსეთის დღევანდელი პოზიცია არასწორი მგონია.

რუსეთი, თავიდანვე, საქართველოს სარჩელის განხილვამდე, ცრდილობდა რაღაცნაირად ესაუბრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ან, რომ ეს გადაწყვეტილება ტენდენციური იქნებოდა. ასეთი დამოკიდებულება არასამართლიანია.

თუ რუსეთი თავს თავში დარწმუნებულია, ეს დარწმუნება ყველაფერში უნდა ჩანდეს. ეს დარწმუნება გამოჩნდა, როცა რუსეთმა სცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და თავისთავად, ეს დარწმუნება უნდა გაგრძელდეს ჰააგაში საქართველოს სარჩელის მშვიდი განხილვის ბოლომდე.“

საქართველოს ინტერესებს ჰააგაში ოთხი უმაღლესი დონის საერთაშორისო სამართლის ადვოკატი იცავს: პაიამ აჰავანი, მონრეალის მაქგილის უნივერსიტეტის (McGill University) პროფესორი; პოლ რეიჰლერი, გავლენიანი ამერიკული იურიდიული ფირმის Foleyhoag-ის პარტნიორი, ფილიპ სანდსი, Matrix Chambers-ის იურისტი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი და ჯეიმს კროუფორდი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (University of Cambridge) პროფესორი, რომელსაც საერთაშორისო სამართლის მსოფლიო ვარსკვლავსაც უწოდებენ.

რუსეთს დაქირავებული ჰყავს ევროპელი იურისტები: ფრანგები ალენ პელე და სამუელ ვორდვოზი. ასევე, გერმანელი ანდრეას ციმერმანი, რომელიც ბოლოს ჰააგის სასამართლოში, კოსოვოს პრობლემატიკაზე, სერბეთის ინტერესებს იცავდა.

ირანული წარმოშობის პროფესორი პაიამ აჰავანი რომელიც წლების მანძილზე იცავდა სხვა და სხვა ქვეყნების ინტერესებს ჰააგაში, ამბობს, რომ საქართველოს მყარი არგუმენტები აქვს

„რუსეთის პროპაგანდა აგრესიასა და გენოციდში საქართველოს გამუდმებით სდებდა ბრალს. ამჟამად, სასამართლოსთვის ცხადი გახდება, რომ ქართველი ხალხი არის სეპარატიზმისა და ეთნიკურ წმენდაში, რუსეთის მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერის მსხვერპლი.

მე მთხოვეს, დაუყოვნებლივ შემეტანა სარჩელი ჰააგის სასამართლოში, 10 აგვისტოს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. მაშინ, მე იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ კიდევ იარსებებდა ის მთავრობა, რომლის სახელითაც შევიტანე სარჩელი. ეს ისტორიული მნიშვნელობის საქმე ადასტურებს საქართველოს რწმენას, რომ მისი საკითხი საერთაშორისო სამართლის განხილვის საგანია“.

გაეროს საერთაშორისო სასამართლო - ICJ ჰააგაში 1945 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტაა.

სასამართლო 15 მოსამართლისგან შედგება, რომელთაც გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო ცხრა წლის ვადით ირჩევს. დღეისათვის სასამართლოს თავჯდომარი იაპონელი მოსამართლე ჰისასი ოვადაა.

სასამართლოს შემადგენლობაშია ხუთი მოსამართლე ევროპიდან, სამ-სამი მოსამართლე აფრიკის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებიდან და ერთიც ახალი ზელანდიიდან.

საბჭოთა კავშირს და შემდეგ, მის სამართალმემკვიდრე რუსეთს ჰააგის სასამართლოში ყოველთვის ჰყავდა თავისის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე, არ სცნობდა, ამ სასამართლოს იურისდიქციას.

დღეისათვის რუსეთს ჰააგაში მოსამართლე ლეონიდ სკოტნიკოვი წარმოადგენს. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, რომ ჰააგის სასამართლოს წარმოებაში მიეღო, საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ამ გადაწყვეტილებას, თხუთმეტიდან რვა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG