ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილოსოფოსი, ადვოკატი, ფანატიკოსი, კომუნისტი, ბევრი „ყოფილი“ და უცნობი


ყველაზე აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ფავორიტად შერაცხული გიორგი მარგველაშვილი აწარმოებს

საქართველოს პრეზიდენტობისთვის კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა იბრძვის

საქართველოს პრეზიდენტობისთვის 27 ოქტომბრის არჩევნებზე, უპრეცედენტო რაოდენობა - 23 კანდიდატი იბრძოლებს. ეს ციფრი გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის ჯამში - 54 მოქალაქემ მიმართა, თუმცა კომისიამ სხვადასხვა მიზეზით, 31 მათგანი „დაიწუნა“, მათ რიცხვში იყო - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც.

23 საპრეზიდენტო კანდიდატიდან პოლიტიკურ პარტიას მხოლოდ 11 წარმოადგენს, ფავორიტები განათლების ყოფილი მინისტრი, ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი ოცნებიდან და დავით ბაქრაძე - ნაციონალებიდან ამ ათეულში შედიან და დიდი ალბათობით, მთავარი ბრძოლა, სწორედ მათ შორის გაიმართება. დანარჩენი კანდიდატები - მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

მხოლოდ ორი კანდიდატია, რომლებსაც მონაწილეობა წინა საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიუღიათ. ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 2008 წლის არჩევნებში ხმების 7 პროცენტზე მეტი დააგროვა.

ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილისთვის კი ეს მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. წინა სამზე (1995, 2000, 2004) მან ხმების 1 პროცენტის აღებაც კი ვერ შეძლო, თუმცა მაინც მიაჩნია, რომ პრემიერ ივანიშვილთან ერთად საინტერესო ტანდემს შექმნის

„თუ ეს ტანდემი შედგა. ადვოკატი ღარიბაშვილი და ბიზნესმენი ივანიშვილი. პრემიერ მინისტრი მიხედავს შესაბამისად ეკონომიკას, მაგაში კარგად ერკვევა, სახელისუფლებო სტუქტურებს მივხედავ მე.“

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების 17 წლიან ისტორიაში, აქამდე მხოლოდ ერთმა ქალბატონმა იყარა კენჭი. 2008 წელს, პრორუსული პარტია „იმედის“ ლიდერმა ირინა სარიშვილმა ხმების 0,16 პროცენტი მოაგროვა.

მომავალ არჩევნებში კი ერთბაშად სამი ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას: ნინო ბურჯანაძე, პარლამენტი ყოფილი თავჯდომარე, რომელიც პოლიტიკური კარიერის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა. ასევე ყოფილი დეპუტატი ნესტან კირთაძე და ნინო ჭანიშვილი, რომელიც აქამდე ბიზნესით იყო დაკავებული.

საქართველოს პრეზიდენტობისთვის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაც იბრძოლებს. მათ შორის - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი და შევარდნაძის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი.

ასევე საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მოქმედი პირველი მდივანი ნუგზარ ავალიანი, რომელიც სამშობლოს ხსნას ტრადიციულად რუსეთში ხედავს

„გამორიცხულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაგვიბრუნდეს, თუკი არ აღვადგინეთ რუსეთთან ურთიერთობა. ეს კი ნიშნავს, საგარეო პოლიტიკური ვექტორის მკვეთრად შემობრუნებას... 90 გრადუსით მაინც.“

საპრეზიდენტო არჩევნებში, „რელიგიური იდეოლოგიის“ პლატფორმით ანუ სახელმწიფო რელიგიად - მართლმადიდებლობის გამოცხადების ლოზუნგით, ამჯერად სამი კანდიდატი გამოდის.

"ქრისტიან-დემოკრატების" ამ „პლატფორმას“, ექსტრემისტული „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ყოფილი წევრი, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის“ დამფუძნებელი ლევან ჩაჩუა და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი ეცილებიან.

სალუაშვილი, როგორც თავად ამტკიცებს, 1996 წლიდან, მის მიერვე დაარსებული „ლაზარეს ინსტიტუტის“ მეშვეობით, „საქართველოს სულიერ მისიას სწავლობს“ და ამომრჩეველს „ღმერთის ღია მმართველობის, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესო ქრისტეს მეუფების დამყარებისთვის“ ამზადებს:

„ჩვენ ყოველდღიურად უნდა ველოდეთ უფლის გაცხადებას. ამისთვის ყოველდღიურად მზად უნდა ვიყოთ. მე გავხდები პრეზიდენტი, არ გავხდები მეორედ მოსვლა მაინც მოხდება. ჩვენს ამის კარიბჭეზე ვდგევართ.“

მომავალ არჩევნებში, ასევე საქართველოს პარლამენტის სამი ყოფილი თავჯდომარე იბრძოლებს. ნინო ბურჯანაძესა და დავით ბაქრაძესთან ერთად, არჩევნებში, უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარე აკაკი ასათიანიც მონაწილეობს. საინტერესოა, რომ იგი 2 თვის წინ ვალების გამო, სახლიდან გამოასახლეს.

პრეზიდენტობა ასევე სურთ - მოქმედ პარლამენტარ კობა დავითაშვილს, რომელმაც ორი თვის წინ მმართველი კოალიცია დატოვა; ზურაბ ხარატიშვილს, იგი, ასევე 2 თვის წინ, მოულოდნელად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეობიდან გადადგა და აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს ყოფილ თავჯდომარე თემურ მჟავიას.

27 ოქტომბრის არჩევნები, ქვეყნის ისტორიაში რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა 1991 წელს შემოიღეს და პირველი არჩევნებიც მაშინ გაიმართა. სამხედრო პუტჩის შემდეგ, ეს თანამდებობა სახელმწიფოს მეთაურმა ჩაანაცვლა, 1995 წლის კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დაწესდა. 2010 წლის საკონსტიტიციო ცვლილებებით, რომელიც ძალაში სწორედ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შევა, პრეზიდენტის ძალაუფლება პრემიერის ძალაუფლების სასარგებლოდ შეიზღუდა.

მომავალ არჩევნებზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გზით გადააბარებს. პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, როგორც ცნობილია 1992 წელს სამხედრო პუტჩის შედეგად დაამხეს, მეორე პრეზიდენტიი ედუარდ შევარდნაძე კი 2003 წელს მასობრივი საპროტესტო მღელვარების ფონზე გადადგა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG