ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნესტან კირთაძე ნიუ იორკში ამომრჩევლებს შეხვდა


Nestan Kirtadze

"როდესაც ლაპარაკობს ბურჯანაძე, ლაპარაკობს - პუტინი", აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორმოცი დღე რჩება. დავით ბაქრაძე ვაშინგტონში, ხოლო ნესტან კირთაძე - ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს ხვდებოდა. თბილისში კი მალე საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები დაიწყება. რა საკითხებზე საუბრობდა ემიგრანტებთან პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე, ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.


ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტმა ნესტან კირთაძემ თავის საარჩევნო კამპანია ყველა კანდიდატზე ადრე, მაისში დაიწყო. ნიუ იორკელ ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრების შემდეგ შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული კანდიდატებიდან ნესტან კირთაძე ძირითად კონკურენტად ნინო ბურჯანაძეს ასახელებს. სატელევიზიო დებატებში მას სწორედ ბურჯანაძესთან და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა სურს.


ნესტან კირთაძე: ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ რუსულ ორბიტაზე საქართველოს დაბრუნებას, როდესაც ლაპარაკობს ბურჯანაძე, საუბრობს პუტინი. მე ამას ვამბობ აბსოლუტურად დარწმუნებით, ვინაიდან თუ ვინმეს სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ეს უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოთა დონეზე.


ნესტან კირთაძე სახელწმიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე მომუშავე პირებს არათანაბარი საარჩევნო გარემოს თაობაზე, სადავო საარჩევნო სიებზე და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ არჩევნების დანიშვნაზე ესაუბრა.

ნესტან კირთაძე: ბიძინას მხრიდან ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. გაჩნდება ახალი პოლიტიკური რეალობა, და ვფიქრობ რომ უნდა ჩატარდეს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

შეხვედრას ნიუ იორკში მოღვაწე ქართული კულტურის ცენტრის „ დენსინგ ქრეინის“ წარმომადგენლები დრამატურგი ლიკა ბახტურიძე-სილერსონი და მსახიობი ცუცა კაპანაძე დაესწრნენ.


ლიკა ბახტურიძე-სირელსონი: მივესალმები რომ ისინი ხვდებიან ემიგრანტებს, იმიტომ რომ ჩვენც ქართველები ვართ, ახლა აქ ვართ, მაგრამ გავა წლები და იქ ვიქნებით.


ცუცა კაპანაძე: მთავარია რას გააკეთებენ ჩვენი ხალხისთვის ყველაზე მთავარი არის სამუშაო ადგილები, და ის რომ ძალიან ბევრი გამოდის საქართველოდან. ჯერ რამდენი გამოვედით და ახლა კიდევ უფრო მეტი მოდის.


ნიუ იორკში მოქმედი საქართველოს გენერალური საკონსულო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვის პროცესს განაგრძობს. ამერიკაში ამომრჩეველთან შეხვედრები უკვე გამართა შალვა ნათელაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და ნესტან კირთაძემ, რომელმაც ამერიკაში ვიზიტი დღეს დაასრულა.
XS
SM
MD
LG