ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი ივანიშვილი IRI-ის კვლევას არ ეთანხმება


პრემიერ ივანიშვილის ფავორიტი გიორგი მარგველაშვილი 41 პროცენტს აგროვებს

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, განათლების ახლანდელ მინისტრს გიორგი მარგველაშვილს მხარს გამოკითხულთა 41 პროცენტი უჭერს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო.

მეორე ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც გამოკითხულთა 11 პროცენტმა დაუჭირა მხარი. გამოკითხვის დროს, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი თუ ვინ იქნებოდა, მოქმედი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პარტიის კანდიდატი.

„ნაციონალები“ როგორც ცნობილია, თავიანთ კანდიდატს, პრაიმერის მეშვეობით, ივლისის ბოლომდე შეარჩევენ. დღეს გაირკვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველი ოთხია, (ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე) თუმცა, ყველაზე დიდი შანსები, პარლამენტის ყოფილ თავჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს აქვს.

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცივად შეხვდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს და განაცხადა, რომ არ ეთანხმება მას.

„შემიძლია დარწმუნებით გიპასუხოთ, რომ პირველივე ტურშივე და დიდი უპირატესობით მოიგებს ჩვენი კანდიდატი. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ალბათობით, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მეორე ადგილზეც ვერ გავა. მეორე ადგილზე სხვა პარტიის წარმომადგენელი გავა, დარწმუნებული ვარ რომ ასეთები იქნებიან. ნაციონალები ვერ გავლენ მეორე ადგილზე, რამეთუ მათი ავტორიტეტი უკვე ძალიან დაბალია.“

მესამე ადგილი კვლევის მიხედვით, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს უჭირავს. მას გამოკითხულთა 7 პროცენტი უჭერს მხარს. ზურაბიშვილი ამჟამად ნიუ იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში, ირანის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობს.

საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა მან 2010 წლის ბოლოს დროებით შეწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

„მალე დაიწყება რეგისტარცია და ჩემს კანდიდატურას შევიტან. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მმართველ პარტიას არ უნდა ჰყავდეს დანიშნული თავისი კანდიდატი, პრეზიდენტი არ უნდა იყოს ერთი პარტიის კანდიდატი. ამავე დროს, სრულიად გაუგებრად მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის კანდიდატი იყოს. პრეზიდენტი მთელი ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს.“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში, 5 პროცენტი მიიღო ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელსაც ჯერ არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

ასევე 5 პროცენტი მიიღო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მან ჯერ კიდევ მარტში, პოლიტიკოსებიდან პირველმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში აუცილებლად ჩაებმება.

გამოკითხულთა 5 პროცენტი უჭერს მხარს, პარლამენტის კიდევ ერთ ყოფილ თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც. სახალხო კრების ლიდერმა მაისში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

იგივე განცხადება გააკეთა ყოფილმა ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემაც. იგი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გეგმავს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კირთაძეს ერთ პროცენტზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს.

ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ნაწილმა შესთავაზა. აქამდე ბურჭულაძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ ყოფილა.

ბოლო წლებში, ცნობილი ბანი აქტიურად არის დაკავებული, მისივე სახელობის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "იავნანას" საქმიანობით. პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

„ჯერ არც უარს ვიძახი და არც კის. არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული.“

სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გუშინ წარმოადგინა, 2013 წლის 17 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 4000-მდე ადამიანი გამოიკითხა. ავტორების განცხადებით, კვლევის ცდომილების ზღვარი 1,5 პროცენტს შეადგენს.

2013 წლის ოქტომბერში, საქართველოში რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 2010 წლის შემოდგომაზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მომავალი პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი და ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში.

შიდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას პრეზიდენტი
დამოკიდებული იქნება პრემიერ მინისტრის კონტრასიგნაციაზე, ანუ თანახელმოწერაზე. პრეზიდენტი იმავდროულად, ინარჩუნებს მთავრობის არაპირდაპირი ფორმირების ფუნქციას და მნიშვნელოვანი, მისი, როგორც არბიტრის, სახელმწიფოს მეთაურის როლი.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG