ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალ ვარდნას განაგრძობს


ნაძალადევის საარჩევნო ოლქში თამარ კორძაიამ გაიმარჯვა
ნაძალადევის საარჩევნო ოლქში თამარ კორძაიამ გაიმარჯვა

შუალედური არჩევნების შედეგები - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანარეკლი

კვირას გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით დადასტურდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თავისუფალ ვარდნას განაგრძობს.

ექვსი თვის წინ, ოპოზიციაში გადასულმა „ნაციონალებმა“ ნაძალადევის ოლქში მხოლოდ მესამე შედეგი აჩვენეს. დიასპორის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ მირზა დავითაიას (15,1% - 5926 ხმა), „ქართული ოცნების“ კანდიდატის თამარ კორძაიას გარდა (39,5 % - 15487 ხმა), თბილისის ამ უბანში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამაც (17,3 % - 6772 ხმა) კი აჯობა.

მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სოსო მანჯავიძემ (12, 9% - 5078 ხმა) და ზვიად ჩიტიშვილმა (11,5 % - 4497 ხმა); მაშინ როცა „ლეიბორისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ხმების მხოლოდ 3,1 % (1233) დააგროვა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ნაძალადევის ოლქში „ნაციონალი“ მერაბ სამადაშვილის 13 წლიანი ჰეგემონია თეა წულუკიანმა დაამხო, თუმცა ნოემბერში მან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და სწორედ ამ მიზეზით გახდა აქ შუალედური არჩევნების გამართვა საჭირო.
არჩევნების შედეგებზე საუბრისას პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კერძოდ აღნიშნა:

„80, 60 და 40 პროცენტი - უხეშად რომ ვთქვათ ასე ავიღეთ. თბილისში კარგი კონკურენცია იყო დამოუკიდებელი დეპუტატების და რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხმები ყველამ წაიღო. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. რაც მთავარია არჩევნები ჩატარდა მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ არჩევნებს არ ჰქონია, ეს შედეგები ანარეკლია ოქტომბრის არჩევნების, იმის, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა. ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთი წყნარი იქნება. სხვაობა იქნება უფრო დიდი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ჩემი შეფასებით, 10 პროცენტსაც ვერ მიიღებს.“

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო დიდი იყო სხვაობა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის რეგიონებში, სადაც ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გამოთავისუფლებული ადგილებისთვის მიდიოდა ბრძოლა.

სამტრედიაში გიორგი კახიანმა საარჩევნო ხმების 81 პროცენტი (17163 ხმა) მიიღო, მაშინ როცა მისი კონკურენტი - ემზარ შუბლაძე (3963 ხმა) მხოლოდ 18 პროცენტს დასჯერდა. ბაღდათის ოლქში „ოცნების“ წევრმა პაატა კიკნაველიძემ 62 %-იანი (6975 ხმა) შედეგი აჩვენა, „ნაციონალმა“ ვლადიმერ წიქორიძემ 21 პროცენტი (2383 ხმა) აიღო.

ყველაზე სერიოზული დარღვევა დამკვირვებლებმა სწორედ ბაღდათში დააფიქსირეს. აქ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, საარჩევნო პროცესს წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე აკვირდებოდა, რასაც საარჩევნო კოდექსი კრძალავს. კანონის ეს მოთხოვნა ხონის საკრებულოს წევრმაც დაარღვია.

სხვა მხრივ დამკვირვებლებს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები არ ჰქონიათ. ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე ამბობს:

„არჩევნები ჩატარდა მშვიდობიანად, საარჩევნო კოდექსის რაიმე მაშტაბურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. იყო მცირედი გადაცდომები, რომლის თაობაზეც ჩვენ საჩივრები დავწერეთ და მოვითხოვეთ რეგირება. საბოლოო ჯამში, არჩევნების მიმდინარეობა დადებითად უნდა შეფასდეს. ის დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ.“

შუალედური არჩევნების შედეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი. შარშანდელი შემოდგომიდანერთიანი ნაციონალური მოძრაობასერიოზულ ნოკდაუნში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ეს არ აღმოჩნდა ნოკაუტი და პარტია თანდათან იწყებს ფეხზე წამოდგომას „ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შუალედური არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, სადაც მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 60 პროცენტი უჭერს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 10 პროცენტი.

ამავე კვლევის მიხედვით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს 58 პროცენტი უჭერს მხარს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კი გამოკითხულთა მხოლოდ 8 პროცენტი. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს:

„პარტიული მხარდაჭერა ვრცელდება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატზეც. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამომრჩეველი, რომელიც ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური კოალიციის მიმართ ლოიალურია, ლოიალური იქნება ამ კოალიციის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტი კანდიდატის მიმართაც.

ამ შემთხვევაში თანმიმდევრულობა დაცულია. რასაკვირველია ეს არის ძალიან შთამბეჭდავი მონაცემი ქართული ოცნებისთვის. ოღონდ, მოგეხსენებათ რომ ყველა რეიტინგი ამა თუ იმ დროზე, კონკრეტულ სოციალურ სივრცეზეა მიბმული, თუმცა არსებითი კორექტივის შეტანა ალბათ არ მოხდება.“

შუალედული არჩევნების შედეგებიდან ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების რუქიდან თითქმის მთლიანად გაქრა - ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა. ამ პარტიამ შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა, თუმცა საარჩევნო ოლქებში კანდიდატები არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG