ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი წმენდა საქართველოს თვითმმართველობებში


თვითმმართველობებიდან დათხოვნილთა სტატისტიკა. წყარო - "სამართლიანი არჩევნები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამსახური ოთხმა მეეზოვემ დაკარგა

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს 69 მუნიციპალიტეტიდან 50-ში გამგებელი შეიცვალა. მათგან, 48 სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, 2 გამგებელი კი საკრებულომ გაათავისუფლა.

24 მუნიციპალიტეტში გამოიცვალა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარეც. 21-მა მათგანმა, აქაც თავად დაწერა განცხადება წასვლის შესახებ; ოთხ თავმჯდომარესთან დაკავშირებით კი საკადრო გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო.

არჩევნების შემდეგ, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქციები შეიქმნა, რამაც პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.

ეს ტენდენცია არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიშში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ უარყოფითად შეაფასა.

აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას აზრით, გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას.

„უმრავლესობა თანამდებობებიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა ჩვენ ფაქტობრივი გარემოებები და ასევე ამ ადამაინებთან უშუალო შეხვედრებიდან მიღებული შთაბეჭდილებები გვიქმნის წარმოდგენას, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობით მიღებული გადაწყვეტილება.

საეჭვოა, თუნდაც ის, რომ ერთ დღეს ხდება ათობით თანამშრომლის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა; ის, ფაქტიც, რომ ამ პროცესს წინ უძღვის გამგებლის ან სხვა მაღალი თანამდებობის შეცვლა ადგილობრივ დონეზე; შემდეგ მას აქვს თათბირი თანამშრომლებთან და ამის შემდგომ, დასაქმებული პირები იღებენ გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე.

ამასთან, ბევრ შემთხვევაში მოქალაქეები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ან გამგებელმა, ან მისმა მოადგილემ, ან სხვა ზემდგომმა პირმა მათ მიუთითა, თუ რა უნდა ჩაეწერა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაში.“

„სამართლიანი“ არჩევნების ანგარიშის მიხედვით, 1 ოქტომრიდან 1 მარტამდე ადგილობრივ თვითმმართველობებში სულ - 1877 თანამშრომელი გათავისუფლდა; საკადრო ცვლილებები შეეხო 55 გამგეობასა და 26 საკრებულოს; 34 მუნიციპალიტეტში კი სოფლის 425 რწმუნებული დაითხოვეს.

10 მუნიციპალიტეტში გათავისუფლებები საბავშვო ბაღებსაც შეეხო. მაგალითად, ახმეტის საბავშვო ბაღებში გამოცხადებული ოპტიმიზაციის შედეგად, სამსახური 205 თანამშრომელმა დაკარგა. სულ ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 283 თანამშრომელი გაუშვეს.

ანგარიშში შევიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ე.წ რეორგანიზაციის ბოლო მაშტაბური შემთხვევაც. 29 მარტს, საგარეჯოს გამგებლის ბრძანებით , 30 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის სოფიო მანძულაშვილი, რომელმაც კერძოდ ბრძანა

„მქონდა შტატი, რომელსაც ერქვა საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი სპეციალისტი. რეორგანიზაციის შემდეგ, ეს შტატი ასეთივე ფორმულირებით დარჩა, თუმცა მე დავრჩი უმუშევრად. არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, საერთოდ პოლიტიკასთან კავშირი არ მქონია. ვარ მოქალაქე და არჩევნებში ვმონაწილეობდი, როგორც ამომრჩეველი.“

ანგარიშის მიხედვით, ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშნით მოხდა; კონკურსი კი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით ძირითადად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ.

„სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, არ მომხდარა მკაფიო ნაბიჯების გადადგმა თვითმმართველობებში განვითარებული ტენდენციის შეჩერების კუთხით. ამ მოსაზრებას არ იზიარებს, პრემიერ მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი:

„წინასაარჩევნოდ ძალიან სერიოზულად გაიზარდა შტატები თვითმმართველობებში. ამით ხდებოდა უბრალოდ, პარტიული აქტივისტების და ზონდერ ბრიგადის წევრების დასაქმება. თუ ეს ხალხი მიდის თვითმმართველობიდან მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

თვითმმართველობებისა და საკრებულოების უმრავლესობა, სადაც განთავისუფლებებზეა საუბარი, იმ პერიოდში სრულად კონტროლდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. 400-მდე ადამიანის გათავისუფლება სწორედ მაშინ მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ. რატომ იბადება კითხვები ჩვენდამი და არა ნაციონალური მოძრაობის მისამართით ძალიან მიკვირს.“

„სამართლიანი არჩევნები“ საკადრო წმენდის ტრაგიკომიკურ შემთხვევას აღწერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 1 ოქტომბრიდან 13 თებერვლამდე, სამსახურიდან ხუთი მეეზოვე დაითხოვეს. ოთხი პირადი განცხადების, ერთი კი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით.

ზუსტად იმავე პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სამსახურში ექვსი მეეზოვე აიყვანა. დათხოვნილი მეეზოვის ნაცვლად სამი ახალი მეეზოვის აყვანა იმავე დღეს, ორისაც მეორე დღეს მოხდა. მხოლოდ ერთი განთავისუფლებული მეეზოვეა დაბრუნებული სამსახურში, ისიც სამი თვის შემდეგ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბოლო არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის მომავალი არჩევნები, 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა, არჩეული საკრებულოების უმრავლესობაში ძალთა ბალანსი არჩევნების გარეშე იცვლება.

XS
SM
MD
LG