ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საჯარო მოხელეებზე წნეხი სულ უფრო ძლიერდება


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ოზურგეთის გამგებლის ილია ვაშაყმაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, გამგებელი ოზურგეთის გამგეობის თანამშრომლებს მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების სიების შედგენას ავალდებულებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობას" მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევას, რომლის მიხედვითაც - „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენოს“.

სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დასჯადია. მოცემულ შემთხვევაში კი ოზურგეთის გამგებელი გამგეობის თანამშრომლებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმების შეგროვებას სთხოვდა. ოზურგეთის გამგებელი ილია ვაშაყმაძე ჩანაწერში კერძოდ ამბობს

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კონფიდენციალური. ჩვენ რაც აქ ვისაუბრეთ, აქედან გასვლის შემდეგ ვიტყვით, რომ საუბარი ქალაქში მიმდინარე პროექტებს შეეხებოდა. არ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა არჩევნებს ეხება.

თქვენ ხართ ის ადამიანები ვისაც ბოლომდე ვენდე. ეს ფურცელი უნდა იყოს მარტო თქვენი საკუთრები. არავის ხელში არ უნდა მოხვდეს. მიდიხართ თქვენთვის ყველაზე სანდო ადამიანთან, ოჯახის წევრთან, ყველაზე სანდო მეგობართან, ნათესავთან, ნათლულთან. არაა აუცილებელი 20 და 50 კაცი. მაქსიმუმ 10 კაცის ხელწერა.

თქვენ ხართ ის ხალხი ვისაც 10 კაცი გვერდში ყოველთვის გყავთ. ვიწერთ - ამომრჩევლის სახელი და გვარი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავარი თქვენთვის ძალიან სანდო ადამიანი იყოს.

სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, უბანი სადაც ხმას აძლევს, პირადი ნომერი აუცილებლად, საკონტაქტო ტელეფონი ამ ადამიანის ყველა ვარიანტში და და აუცილებელია ხელმოწერა მისი, მან უნდა გააკეთოს ხელმოწერა!“

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 1990 წელს მიღებული კოპენჰაგენის დოკუმენტის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფოსთან და ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა.

საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლიც კრძალავს საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას. ამის მიუხედავად, ექსპერტების აზრით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, მმართველი პარტია საჯარო მოსამსახურეებზე ტოტალურ ზეწოლას ახორციელებს.

რესტორნებსა და თეატრებში სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლებთან, პედაგოგებთან, ექიმებთან მმართველის პარტიის წევრი, მინისტრებისა და მერების დახურული შეხვედრები უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია ამ ტიპის შეხვედრას დაესწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სამსახური დაკარგოს.

საგამოძიებო სტუდია GNS-მა შეძლო გრიბოედოვის თეატრში გამართული ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ფარულად გადაღება.

აქ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ ასეთი სიტყვებით მიმართეს

დავით ბაქრაძე: „ათი წლის წინ ვიღაცას ჩემთვის რომ ეთქვა, ელექტროენერგია, სინათლე გექნება 24 საათი, ვეტყოდი რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება შენ მოგცემ ხმას!“

გიგი უგულავა: „დეკემბრიდან მოყოლებული ამ ადგილზე, მე ვდგავარ მეასეჯერ მინიმუმ მაინც. ასე, რომ ეს სცენა ჩემთვის უფრო ნაცნობია ვიდრე ავთო ვარსიმაშვილისთვის, რომელიც ხელმძღვანელობს ამ თეატრს.“

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, პოლიტიკური პარტიებს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს და მსგავსი მაგალითები, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებად უნდა ჩაითვალოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი ამბობს

ნინა ხატისკაცი: „ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი და ამის პარალელურად, კიდევ ძალიან ბევრ პრობლემასთან გვაქვს საქმე.“

„საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველომ“ უკვე მიმართა ხელისუფლებას და უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას შეისწავლოს ოზურგეთის გამგებლის სკანდალური შემთხვევა.

ასეთი მოთხოვნა გაეგზავნა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. პროკურატურა ამ მიმართვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG