ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინოს პრინციპი ქართულ პოლიტიკაში


1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თანამდებობა დატოვა 31 გამგებელმა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00
ბმული
საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიებში პროცესები დომინოს პრინციპით განვითარდა. რეგიონებში დაიწყო პერმანენტული აქციები, რომელსაც არაერთხელ ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ადამიანები აქციებზე ითხოვდნენ თანამდებობა დაეტოვათ გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს.

საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, თვითმმართველობის არჩევნებიც ტარდება, კონსტიტუციის თანახმად. ამგვარი არჩევნები უკანასკენლად 2010 წელს ჩატარდა, რა დროსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულეობი და გამგეობები დაკომპლექტდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კი ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებშიც დაიწყო. საიას მონიტორინგის მასალების თანახმად, მაგალითად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თანამდებობა დატოვა 31 გამგებელმა, მათგან 29–მ პირადი განცხადების საფუძველზე, ორმა საკრებულოს გადაწყვეტილებით; 16–მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის 14–მა საკუთარი გადაწყვეტილებით.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც და საკრებულოსაც ახალი თავმჯდომარე ჰყავს არჩევნების შემდგომ. საკრებულოს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხმალაძე, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება საკუთარი ნებით დაწერა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე საკრებულოს 31 წევრიდან მხოლოდ სამი იყო ოპოზიციის წარმომადგენელი. დღეს კი სურათი რადიკალურად განსხვავებულია. საკრებულოს უმრავლესობას „ქართული ოცნების“ მომხრეები წარმოადგენენ.

„პარლამენტში ცვლილება, წესით არ უნდა შეხებოდა თვითმმართველობას, ეს არასწორია, არ მესმის, ამას ვერ ვხსნი, გაიმარჯვო პარლამენტში, არ ნიშნავს, თვითმმართველობაშიც ცვლილებას. ჩემს მიერ თანამდებობაზე უარის თქმის მოტივი უკვე ავხსენი: საკრებულოში ახალი უმრავლესობა შეიქმენა, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი კენჭიკყრაზე დაეყენებინათ. მე ვატყობდი, რომ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდებოდა, უბრალოდ არ მივიყვანე საქმე აქამდე და ჩემი ნებით დავუთმე ასპარეზი. საკრებულოში 31 ადამიანია, თავმჯდომარისა და მოადგილის ჩათვლით. არჩევნებამდე იყო მხოლოდ სამკაციანი ოპოზიციური ფრაქცია. დანარჩენები, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში ყველა, მართალია, არ იყო გაწევრიანებული, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სიით იყვნენ წარდგენილნი. ახლა შეიქმნა ახალი ფრაქცია, „უმრავლესობა“, ასე ეწოდება მას, რომელშიც 17 ადამიანია, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ, დააყენო იმპიჩმენტის საკითხი და კენჭი უყარო ახალ თავმჯდომარეს,“– ამბობს ზვიად ხმალაძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დეკემბრის ბოლოს დავით რაზმაძე გახდა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო მანამდე თვითმმართველობაში. მან ზვიად ხმალაძე ჩაანაცვლა. ჩვენთან საუბრისას დავით რაზმაძე ამბობს, რომ მოვლენები კანონზომიერად ვითარდება, რადგან მანამდე საკრებულოს წევრთა უმეტესობა ვერ ბედავდა შეწინააღმდეგებოდა ნაციონალურ მოძრაობას.

„სხვადასხვა საკრებულოში სხვადასხვა სიტუაცია გახლდათ. გორის საკრებულოში, მაგალითად საკრებულოს წევრები ვერ თუ არ იყვნენ გათხვრილები როგორც, მაგალითად, ზოგიერთ საკრებულოებში არიან, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებად მოიაზრებიან ისევ. ისინი ნაციონალურ მოძრაობას კი არ უჭერენ მხარს, მათ უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ, რადგან ცუდი საქმები რომ არ ამოიქექოს, რაც მათ აქვთ ჩადენილი. გორის საკრებულოში, მადლობა ღმერთს, ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა. ამიტომაც იყო, რომ ამ ხალხს არ ეშინოდა თავიანთი რეალური პოზიციის დაფიქსირების, რომელსაც ვერასოდეს ვერ აფიქსირებდნენ ნაციონალური მოძრაობის ზეობისა და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ესაა პრინციპული განსხვავება. მაგრამ შესაძლოა სხვა საკრებულოებში სხვა მდგომარეობა იყო, იქ იყო გათხვრილი ხალხი, რომლებიც კბილებით ეკიდებიან დღეს თავის ადგილებს. ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა რომ რეალური ოპოზიცია იყოს და რეალურად ზრუნავდეს ქვეყანაზე მართლა, მაშინ ექნებოდა თვითმმართველობაში არჩევნებს მნიშვნელობა. ახლა ამას აზრი მართლა არ აქვს. ახლა ეს ხალხი ხედავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში დასაყრდენი და ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერა. ამიტომაცაა , რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არარსებობა თუ არსაჭიროებასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს გამოიწვია ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ გაკეთებულმა საქმეებმა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწოდება. დღესაც ისინი ცდილობენ გადაფარონ და პოლიტიკური ნიშანი მისცენ თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას“,– ამბობს დავით რაზმაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

„ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციას ჰქონდა რამოდენიმე საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ იყო და ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით გარკვეულ უკანონო ქმედებებს როგორც მოსახლეობის მხირდან, ასევე ახლადდანიშნული გამგებლების მხრიდან.“

22–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რეგიონული მედიის ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ღია საზოგადოება საქართველომ, მრავალეროვანმა საქართველომ, ტფილისის ჰამქარმა, საქართველოს მედია კლუბმა და სხვებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, http://gyla.ge/geo/news?info=903 ტექსტში ნათქვამია:

„2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თვითმმართველობის გაძლიერების დეკლარირებული მიზნის ნაცვლად, ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომდელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო დანამატი გახდა. სწორედ მოქმედი სისტემის ხარვეზად უნდა ჩითვალოს ის, რომ სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებში იწყება ყოფილი მმართველი პარტიიდან ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის ნებაყოფლიბითი თუ იძულებითი პროცესი. ასე მოხდა მრგვალი მაგიდის,“ „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის დროს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც ნარჩუნდება და სახეზეა თვითმმართველობებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულ წევრთა „ქართულ ოცნებაში“ გადასვლის მრავალი მაგალითი. მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის არსებული სისტემისა და პრაქტიკის შენარჩუნება მომავალშიც ანალოგიურ პრობლემებს შეუქმნის როგორც ზოგადად ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ისე, კონკრეტულად, მმართველ პარტიას.“
XS
SM
MD
LG