ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მოუწოდებს ხელისუფლებას დაელაპარაკოს ოპოზიციას


სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი (მარჯვნივ) თბილისში 2011 თებერვალი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად თუ მმართველი ნაციონალური მოძრაობისა და “ოპოზიციური რვიანის” მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯებით არ დასრულდება.

ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ ბრიუსელის ყოველწლიურ ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და აზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა.

მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც 2011 წლის თებერვალში იმყოფებოდა თბილისში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვაშინგტონში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ფილიპ გორდონმა კერძოდ თქვა:

„საქართველოში მომავალი არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება დაელაპარაკოს ოპოზიციას და ჩართული იყოს მრავალპარტიულ საარჩევნო პროცესში.

ჩვენ დაბეჯითებით ვფიქრობთ, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს მთავრობა ეთანხმება ამ პოზიციას. ჩვენ ვიქნებით პროცესში, რომელიც იქნება ღია და საერთაშორისო თანამეგობრობას ექნება კონსენსუსი. სწორედ ასეთი უნდა იყოს დემოკრატიული საარჩევნო კანონი.“

გორდონმა აღნიშნული განცხადება ქართული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ბელგიის დედაქალაქში ოფიციალურად იყო მიწვეული. ბრიუსელის შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ტრანსატლანტიკური ფორუმია, რომელზეც ყოველწლიურად ატლანტიკის ორივე მხარეს მოღვაწე ცნობილი პოლიტიკური ფიგურები ექსპერტები და ჟურნალისტები იკრიბებიან.

ფორუმის ფარგლებში ალასანია ასევე შეხვდა დემოკრატ კონგრესმენ ელსი ჰასტინგს, ამერიკის სენატის წევრებს ასევე დემოკრატიული პარტიიდან მარკ უორნერსა და ჯინ შახინს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს:

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება, რომ ეს კონკრეტული მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შედეგით დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება პროცესში როცა ორივე მხარე შეთანხმდება, ბუნებრივია არჩევნები დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.“

მმართველი პარტიისა და ოპოზიციური რვიანის მოლაპარაკება ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მაშტაბით არჩევნების ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარებაზე უარი თქვა.

სააკაშვილის პარტია ამ ექსპერიმენტის მხოლოდ დედაქალაქში განხორციელებაზე აცხადებს მზადყოფნას, ისიც იმ შემთხვევაში თუ პროცესს საერთაშორისო დონორები დააფინანსებენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი ამბობს ხელისუფლებამ უკვე საკმარისად დათმო:

„აი, ამ ტონში საუბარი რას დათმობთ..რა დათმეთ, რა უნდა დათმოთ, ეს დიალოგის პროცესისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაცა უნდა დათმოს. ესეთი საუბარი არის კონტრპროდიუქტიული, ასეთი საუბარი არ შეეფერება დიალოგს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კომპრომისებისთვის და ეს კომპრომისები ჩამოვთვალე კიდევაც, ეს კომპრომისები არ არის სადღაც სხვა ქვეყანაში, ეს არის ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ ქვეყანაში განხორციელებული ის ნაბიჯები, რომელიც იყო კომპრომისის შედეგი.“

თავის მხრივ, ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე საკუთარი მოთხოვნა დააყენა, მათ შორის - პატიმართა გარკვეული კატეგორიისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაბრუნება და საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული წესით დანიშნული პირის გამოწვევის შეზღუდვა. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს

„მთავარი არის გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმით „მკვდარი სულების“ და „კარუსელების“ ვარიანტი, რომ გამოირიცხოს ერთი პირის მიერ ორჯერ-სამჯერ ან არარსებული ადამიანების მიერ ხმის მიცემა. თუ ეს განხორციელდა, მაშინ ოპოზიციას შეუძლია ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მიიყვანოს არჩევნებზე და აშკარად მოუსპოს ხელისუფლებას საშუალება გააყალბოს არჩევნების შედეგები არარსებული ადამიანების მიერ ხმების მიცემით.

ნაციონალურ მოძრაობას შანსი აქვს თავი გადაირჩინოს, გადავიდეს ზომიერ, გონიერ პოლიტიკურ პაექრობაში. დათმონ ხელისუფლების ნაწილი და დარჩნენ ხელისუფლებაში. როცა ის გააყალბებს არჩევნებს მოუწევს აირჩიოს ტუნისი უნდა, ეგვიპტე თუ ლიბია. აი, ეს პრობლემა ექნება არჩევნების შემდეგ.

საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან ამ მოლაპარაკებებს ძალიან მკაფიოდ და ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს დაფიქსირდეს, რომ ისინი არაკონსტრუქციულად თანამშრომლობენ ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილთა.“

ჯერჯერობით, უცნობია რამდენ ხანს გასტანს ტაიმ-აუტი, რომელიც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა რვიანმა აიღეს. ნაციონალები ირწმუნებიან, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკება უბრალოდ გაიყინა და აუცილებლად განახლდება.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ კონსულტაციების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას ვერ დაინახავენ.

XS
SM
MD
LG