ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინოს პრინციპი მაღრიბიდან მაშრიყამდე


რა გავლენას იქონიებს ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენები დანარჩენ მსოფლიოზე და საქართველოზე?

ტუნისის ყოფილი ლიდერის გენერალ ზინ-ელ აბიდინ ბენ ალიზე დაპატიმრების ორდერი უკვე გაცემულია, რიგში - ნობელის პრემიის ლაურეატი, „უკანასკნელი ეგვიპტელი ფარაონი“ ჰოსნი მუბარაქია.

ექნება თუ არა „დომინოს პრინციპი“ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციებს? ეს შეკითხვა დღეს აქტუალურია არა მხოლოდ მაღრიბიდან მაშრიყამდე, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ავტორიტარიზმი, სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ინფლაცია წლებია გადაუჭრელ პრობლემად იქცა.

ბენ ალი - 24 წელი მართავდა ტუნისს, მუბარაქი - 31 წელი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი. რევოლუცია ტუნისში 2010 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 2011 წლის 14 იანვარს პრეზიდენტის გაძევებით დასრულდა.

მღელვარებას ეგვიპტეში 25 იანვრიდან მიეცა მასიური ხასიათი და უკვე 11 თებერვალს „უკანასკნელი ფარაონი“ გადადგა. საერთო ჯამში, ორივე ქვეყანაში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 5500-ზე მეტი დაიჭრა. პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე, ნინო ბურჯანაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო თანამეგობრობის ნაბიჯების დინამიკას აკრიტიკებს

“რა თქმა უნდა, მუბარაქი არ იყო ჩვეულებრივი ფიგურა და მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, არა მარტო ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ვფქირობ არასწორი იყო თვალის დახუჭვა იმ რეალობაზე, რაც ეგვიპტეში იყო.

და, რაც გამოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთებული განცხადებების დინამიკაში. პირველ დღეებში განცხადებები კეთდებოდა და აქცენტი იყო გაკეთებული მუბარაქზე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე; და არცერთი სიტყვა არ იყო თქმული, იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტე ძალიან შორს იყო ელემენტარული დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს სტანდარტებისაგან.

და მხოლოდ მას შემდედ, რაც პროტესტი ძალიან გაღვივდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყო აქცენტების გაკეთება დემოკრატიაზე.“

პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის კრიტიკას იზიარებს, მისი აქტიური ოპონენტი, ყველაზე გავლენიანი პროსახელისუფლებო ჯგუფის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

ამ ჯგუფს მთავრობასა და პარლამენტში ისეთი გავლენიანი ფიგურები წარმოადგენენ, როგორებიც შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეები არიან.

ლევან რამიშვილის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პასიურობამ განაპირობა ის, რომ ჯერჯერობით, ზუსტად ვერავინ ამბობს, როგორი იქნება და საით გადაიხრება ეგვიპტე მუბარაქის გარეშე.

„ჯერ, საკმაოდ ძნელია იმის თქმა, საბოლოო ჯამში რასთან გვქონდა საქმე: ეს იყო თეირანი-1979 თუ ეს იყო 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციები ან თუ გნებავთ ბოლო ფერადი რევოლუციების მსგავსი მოვლენა.

ფაქტი ის, არის რომ ძალიან მასშტაბური ცვლილება ხდება ახლო აღმოსავლეთში. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამისთვის ბარაქ ობამას ადმინისტრაცია და ამის გამო საკმაოდ მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა.

ამერიკელები ტუნისშიც და ეგვიპტეშიც ბოლო მომენტში ცრდილობდნენ საკუთარი პოლიტიკის კორექტირებას. გარკვეულწილად, ეს ალბათ არის რეაქცია პრეზიდენტ ბუშის დოქტრინაზე, რომელიც დემოკრატიის გავრცელებას ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტად ხედავდა.

ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი აკრიტიკებს მას იმის გამო, რომ სხვადასხვა დიქტარორებთან, იქნება ეს პუტინი, ჰუ ძინტაო თუ ჩავესი, ცდილობს უფრო გადატვირთვის პოლიტიკა გაატაროს და ერთგვარად დააშოშმინოს ისინი.“

ალჟირის, ლიბიის, იორდანიის, იემენის, ლივანისა და სუდანის მმართველი ელიტები უკვე ცდილობენ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციებიდან გაკვეთილის გამოტანას.

რა დასკვნებს აკეთებენ ამ მოვლენებიდან საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია? პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ერთ-ერთი იმ პოლიტიკურ ლიდერთაგანია, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, თუნდაც რევოლუციის გზით აქტიურად უჭერს მხარს.

„სახალხო კრების“ ეგიდით, ყველა დიდ ქალაქში უკვე დაფუძნდა დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებმაც სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა უნდა დააჩქარონ. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მსგავსი რევოლუციის ალბათობა საქართველოში საკმაოდ დიდია

„ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ საქართველოში ანალოგიური მოვლენები განვითარდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ როდესაც დასავლელ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში დასავლური, დემოკრატიული ფასეულობების იმიჯს ამოფარებული სააკაშვილი ასევე ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს, არღვევს ყოველდღე დემოკრატიულ ფასეულობებს და ეს ადამიანებში ძალიან მძიმე რეაქციას იწვევს, ამას ადექვატური რეაგირება დასავლეთის თანამეგობრობის მხრიდან არა აქვს.

ისინი ხაზს უსვამენ საქართველოში სტაბილურობას. რატომღაც ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ავუხსნათ, რომ ეს სტაბილურობა არის ძალიან მყიფე და ფეთქებადსაშიში. ვფიქრობ, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტუნისისა და ეგვიპტის სცენარი საქართველოშიც განმეორდეს.“

პრეზიდენტი სააკაშვილი 11 თებერვალს პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, უკვე შეეხო ტუნისური და ეგვიპტური რევოლუციების საქართველოში განმეორების შესაძლებლობას.

სააკაშვილის რწმენით, პირიქით „ვარდების რევოლუციას“ მოჰყა ყველა სხვა, მათ შორის, „ჟასმინის რევოლუცია“ ტუნისში. პრეზიდენტის ამ მოსაზრებას იზიარებს ლევან რამიშვილიც, თუმცა იქვე დასძენს, რომ მთავრობას გაცილებით ეფექტური ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკის გატარება მართებს, რათა ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

„რევოლუცია საქართველოში მოხდა 2003 წელს. მუბარაქი 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს. ჩვენ 2003 წელს სწორედ ასეთი პირი ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, რომელიც 1972 წლიდან ედგა ქვეყანას სათავეში, სხვადასხვა ტიტულატურით.

საქართველომ თუ კი რაიმე დასკვნა უნდა გააკეთოს ამ მოვლენებიდან ის არის, რომ ის დეკლარირებული კურსი - ლიბერალურ-ეკონომიკური რეფორმების, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვად რჩება და საქმეზე სულ სხვა პოლიტიკა ტარდება, ის კურსი გააგრძელოს.

უნდა მოთოკოს ინფლაცია, მკვეთრად შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, შეამცირის ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო თუ საშინაო ვალი.“

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ტუნისის რევოლუციის ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოსთან პარალელის გავლება სავსებით შესაძლებელია.

ჟასმინის რევოლუცია ტუნისში
ჟასმინის რევოლუცია ტუნისში

ტუნისის ეკონომიკა ალჟირის და მაროკოს ეკონომიკებთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. შედარებისთვის, ათ მილიონიან ტუნისში 2010 წელს, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, თითქმის 4 ათასს ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ეს საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 1100 დოლარით მეტია.

ტუნისის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ბოლო 25 წლის მანძილზე სამჯერ გაიზარდა. ეს სწორედ პრეზიდენტ ბენ ალის მმართველობის წლებში მოხდა, თუმცა ბენ ალი დღეს გაქცეულია.

„ჟასმინის რევოლუციამ“ ტუნისში, პირველ რიგში აჩვენა, ის, რომ სახელმწიფო რესურსისა და მასთან დაახლოებული ბიზნესის ხარჯზე, ყველაზე წარმატებული ეკონომიკური რეფორმაც კი, თუნდაც ყველაზე რბილი ავტორიტარული მმართველობის პირობებში, პოლიტიკური ლიბერალიზაციის და საზოგადოებრივი დიალოგის გარეშე დამარცხებისთვის არის განწირული.

ნებისმიერი მსგავსი ავტორიტარული მოდერნიზაცია კი სახელმწიფო გადატრიალების ან რევოლუციის საფრთხის შემცველია.

XS
SM
MD
LG