ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგზითპოლები: გიორგი მარგველაშვილი ახალი პრეზიდენტია


გიორგი მარგველაშვილი ხმის მიცემის შემდეგ

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობა დასრულდა

მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში დასრულდა. ქვეყნის მოსახლეობამ დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტი აირჩია. ორივე ეგზითპოლის მიხედვით, 44 წლის ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და მომავალი 5 წლის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, 18 000 ამომრჩეველი - 120 უბანზე (40 - თბილისი, 80 - რეგიონი) „ACT - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა“ გამოკითხა და ასეთი შედეგები მიიღო: გიორგი მარგველაშვილი - 68%, დავით ბაქრაძე 17,1%, ნინო ბურჯანაძე - 9,9%, შალვა ნათელაშვილი - 2,2% და გიორგი თარგამაძე - 1%.

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ის დაკვეთით, კომპანია JFK-ის ეგზითპოლი კი ასე გამოიყურება: მარგველაშვილი - 66,7%, ბაქრაძე - 20,2%, ბურჯანაძე - 7,5%, ნათელაშვილი - 2,1% და თარგამაძე - 1,1%.

დანარჩენმა 18 კანდიდატმა, ორივე ეგზითპოლის მიხედვით, 1 პროცენტზე ნაკლები ხმა მიიღო. „ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ რუხაძე ამბობს:

„არსებული შერჩევით და ამ მიდგომით ჩვენ არ ველოდებით, რომ ცდომილება 3 პროცენტზე მეტი იქნება. თუმცა, არსებობს რიგი ფაქტორები - მაგალითად, უარების მაჩვენებელი. გამოკითხულთაგან 20 პროენტმა უარი თქვა თავისი აზრი დაეფიქსირებინა.

არსებობს მეორე ფაქტორიც, რომელზეც ჩვენ ბუნებრივია გავლენას ვერ მოავხდენთ - ეს არის რესპოდენტების გულწრფელობა. თუ ეს ორი ფაქტორი „არ გადაწონის“, მაშინ ველოდებით რომ ძალიან ახლოს იქნება ჩვენი მონაცემები, ცსკ-ოს მონაცემებთან.“

თბილისში, კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინასთან კოალიციის მხარდამჭერები და ლიდერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ. ქართველ ხალხს მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადეს როგორც გიორგი მარგველაშვილმა, ისე ბიძინა ივანიშვილმა. „ნაციონალების“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ უკვე მიულოცა გამარჯვება თავის კონკურენტს.

პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრი ამბობს, რომ საქართველოს ბოლო 22 წლის მანძილზე, პირველად, „ნორმალურ პრეზიდენტი“ ეყოლება:

„ის გახდება საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც არის ნორმალური ადამიანი! რომელიც არ არის ორი მეტრი სიმაღლეში...რომელიც არ არის ყველაზე გამოჩენილი მწერლის შვილი...რომელიც არ არის მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც ყური აუწია რეიგანს, იმიტო რომ იმას შვილიშვილი შეეძინა... დღეს ავირჩევთ ნორმალურ ჯანსაღ ადამიანს.“

საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონის ფავორიტმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმა ქალიშვილთან ერთად თბილისში, დილით მისცა. მას თან არ ახლდა მეგობარი გოგონა მაკა ჩიჩუა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, მაგრამ სამოქალაქო ქორწინებაში არ მყოფება. გიორგი მარგველაშვილმა კერძოდ ბრძანა:

„რეალურად ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდი და ევროპული არჩევნები. დღევანდელი დღეც, დარწმუნებული ვარ იქნება უაღრესად ორგანიზებული და ქართველ ერის ძალიან აქტიური მონაწილეობით ..ერთად ავირჩევთ ჩვენს მომავალს.“

ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა საკუთარი არჩევანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ შარშან აღიდგინა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილს მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან საფრანგეთის მოქალაქეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობას გაუსვა ხაზი

„ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუციაში ვატარებთ დღეს არჩევნებს! გაიხსენეთ წინა არჩევნები..დღეს აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა რომ ადამიანებს არჩევანის უფლება დავუბრუნებთ ..ადამიანებმა იგრძნეს თავისუფლება ..არავინ არავის არაფერს არ აძალებს არავინ ზედმეტს არავის არაფერს კარნახობს ..არავინ არავისზე არ ძალადობს.“

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალურად იქნება ყოფილი პრეზიდენტი, არჩევნებთან დაკავშირებით სამი კომენტარი გააკეთა. პირველი სამეგრელოში, სააკაშვილმა დილით ანაკლიაში ივარჯიშა, შემდეგ თბილისისკენ მომავალი გზიდან მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ბოლო კომენტარი კი არჩევანის გაკეთების შემდეგ, თბილისში, საკუთარ სახლში, ზანდუკელის ქუჩაზე გაკეთდა. ბოლოს კი ეგზითპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხალხს მიმართა.

„მე დღეს დილით ანაკლიის ბულვარში ვირბინე და ვემზადები იმ პერიოდისთვის, როცა შემეძლება რომ ცოტა მეტი დავისვენო, ძალები მოვიკრიბო..მართალი გითხრათ არა ვარ მე დაღლილ, მაგრამ ემოციურად გადატვირთული ვარ..

ახლა საქართველო შედის გაურკვევლობის რთულ ეპოქაში და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საქართველო გაერკვეს, ვიდრე მე როგორ გავერკვევი და რას გავაკეთებ..“


როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვივებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა, წინა არჩევნებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა. დაფიქსირდა რამდენიმე ათეული დარღვევა, თუმცა დამკვირვებლების აზრით, დარღვევების უმრავლესობა არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტიც.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 3 537 719 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან ხმის უფლებით, არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 46% ისარგებლა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ხმის დათვის პროცესი და წინასწარი შედეგები, დილისთვის იქნება ცნობილი.
XS
SM
MD
LG