ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო დღე


წინასაარჩევნო დღე, 26 ოქტომბერი, 2013

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. წინასაარჩევნო პერიოდი რადიკალურად განსხვავდება აქამდე გამართული ყველა არჩევნებისგან.


პრაქტიკა, რაც ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკისთვის იყო დამახასიათებელი, შეზავებული იყო გაცილებით დიდი ვნებათაღელვით, ხმაურით, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების პროტესტით, ქუჩის აქციებით, ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებით. ამგვარი რამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ დღეს ერთობლივი კვლევის შედეგი წარმოადგინეს, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ეხება. მასში ნათქვამია: „2012 წლის არჩევნების დროს ერთ-ერთ მთავარი პრობლემას საარჩევნო მიზნებით ადმინისტრაციული რესურსების მასობრივი გამოყენება წარმოადგენდა. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო.

რესურსების გამოყენება, ძირითადად გამოიხატებოდა საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობთ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ, რაც ცალსახად ახალ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს.

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოტივით ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავების ფაქტები, ფაქტობრივად არ ყოფილა. რამდენიმე რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დასაკითხად იყვნენ დაბარებულები. საქმე აღიძრა რამდენიმე გამგებლის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ეკა გიგაურმა, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გარკვეულწილად, გაზიარა ჩვენი ორგანიზაციების რეკომენდაციები ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ გარკვეული პრობლემები კიდევ დარჩა, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ გარკვეული თვალსაზისით, წინგადადგმული ნაბიჯები არსებობს და საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესდა. მეორე საკითხი, რომლის თაობაზეც მინდა ვისაუბრო არის მედია გარემო. ვფიქრობთ, რომ 2012 წელთან შედარებით მედია გარემო გაცილებით თავისუფალია, უფრო პლურალისტულია, მოსახლეობას არ აქვს ბარიერები განსხვავებული მედიასაშუალებების წვდომასთან დაკავშირებით. „მასთ ქერისა და მასთ ოფერის“ რეგულაციები ამოქმედებულია და ეს ცალსახად პოზიტიური რამ გახლავთ, თუმცა რჩება ერთი პრობლემა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მომზადებული ვერ შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნებს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვადასხვა პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაც გახდა საფუძველი კრიზისის შესაქმენლად და დღეს, მართალია, ის ფუნქციონირებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მისი მუშაობა ეფექტური არაა.“

პროგნოზები კეთდება იმის თაობაზე, მოჰყვება თუ არა ხვალინდელ არჩევნებს მეორე ტური. სამ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს შორისაა ქართული ოცნების წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობიდან.

პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური მის იმედგაცრუებას გამოიწვევს და ურჩევს გიორგი მარგველაშვილს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო. რასაც მოჰყვა მარგველაშვილის განცხადება იმავე დღეს. მან თქვა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ინტერვიუში როიტერთან პრემიერმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერია და განაცხადა, რომ მას საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. „რამდენჯერმე გამიკეთებია განცხადება იმის თაობაზე, რომ არ იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო, თუ ჩვენი პრეზიდენტი ციხეში მოხვდა. უცხოელი პარტნიორები მეგობრულად გვირჩევენ, რომ ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე და არ იქნება საინტერესო, რაშიც მე ვეთანხმები. თვითონ სააკაშვილი თვლის, რომ ის პოლიტიკაში იქნება მუდამ. ერთხელ უკვე ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველოში მას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს“,- აცხადებს პრემიერი.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ პრემიერი და მთავრობა საზოგადოებაზე უხეშ ზეწოლას ახორციელებს. „ვიაქტიუროთ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების მცდელობები იქნება და უკვე აშკარად სახეზეა, როდესაც პრემიერ მინისტრი და მთელი მთავრობა ასეთ უხეშ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ღია პოლიტიკური შანტაჟით,“- ამბობს თარგამაძე.

საარჩევნო ყუთები კვირას დილით, რვა საათზე გაიხსნება. შს მინისტრი აცხადებს, რომ უწყება მობილიზებულია და მზადაა აღმოფხვრას ნებისმიერი ექსცესი, რასაც არჩევნების დღეს ექნება ადგილი.
XS
SM
MD
LG