ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიბილოვი იგებს, კოკოითი ძალაუფლებას იბრუნებს


ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციაში შესვლის მომხრეა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელსაც ცივილიზირებული სამყარო არ ცნობს, ანატოლი ბიბილოვმა „მოიგო“. მას უკვე მიულოცა „გამარჯვება“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იმის მიუხედავად, რომ კრემლი მხარს სეპარატისტების მოქმედ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს უჭერდა.

მოსკოვში ცდილობენ ახსნა მოუძებნონ იმ „ფენომენს“, რასაც ოკუპირებულ ანკლავებში, რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი მარიონეტების დამარცხება ჰქვია. ასე მოხდა 2004 წელს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში, პუტინისა და რაულ ხაჯიმბას ერთობლივი პლაკატები გამოჩნდა, „არჩევნებში“ კი სერგეი ბაღაფშმა "გაიმარჯვა".

იგივე განმეორდა 2011 წელს, მაშინ მოსკოვმა აქცენტი სერგეი შამბაზე გააკეთა, „პრეზიდენტად“ კი ალექსანდრე ანქვაბი „აირჩიეს“. იმავე 2011 წელს, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან ფოტო ანატოლი ბიბილოვმაც გადაიღო, თუმცა „არჩევნები“, რომელიც მოსკოვმა შემდეგ საერთოდ გააუქმა, ალა ჯიოევამ „მოიგო“.

პუტინთან ფოტო სესიამ ვერც ლეონიდ თიბილოვს უშველა
პუტინთან ფოტო სესიამ ვერც ლეონიდ თიბილოვს უშველა

ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის იზოლაციამ (პუტინის თანაშემწე სურკოვის მიერ), კრემლში აუდიენციამ და პრეზიდენტ პუტინთან გადაღებულმა ფოტომ 2017 წლის 9 აპრილს, ვერც ლეონიდ თიბილოვს უშველა.

რუსეთის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და ანკლავის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც ცხინვალში სპეციალურად თიბილოვის მხარდასაჭერად მიავლინეს, ამბობს, რომ ბიბილოვის გამარჯვებით, ცხინვალში ძალაუფლება ისევ ედუარდ კოკოითის კლანმა დაიბრუნა:

როგორც კი მიხვდა რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ვეღარ გახდებოდა კოკოითმა მიმართა თავის მომხრეებს და ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ანუ განმეორდა იგივე სურათი, რაც 2011 წელს ვნახეთ, კოკოითის მემკვიდრე ანატოლი ბიბილოვი გახდა“

„მიმაჩნია რომ ექს-პრეზიდენტ კოკოითის მოქმედება არის უკანონო და მან ისევ მოატყუა ხალხი. როგორც კი მიხვდა რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ვეღარ გახდებოდა კოკოითმა მიმართა თავის მომხრეებს და ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ანუ განმეორდა იგივე სურათი, რაც 2011 წელს ვნახეთ, კოკოითის მემკვიდრე ანატოლი ბიბილოვი გახდა.“

ოკუპირებულ ანკლავში სულ 32 736 „ამომრჩეველი“ იყო „რეგისტრირებული.“ დამატებით 7464 „ბიულეტენი“ კი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილი „საარჩევნო უბნებისთვის“ იყო განკუთვნილი.

წინასწარი ინფორმაციით, ბიბილოვმა „ხმების“ - 57% „მიიღო“ (დაახლოებით 18234 ხმა), თიბილოვმა - 30% (9769 ხმა) და გაგლოევმა - 11% (3581 ხმა), მოსახლეობის „აქტივობამ“ - 81% შეადგინა. საოკუპაციო რეჟიმი „ოფიციალურ შედეგებს“ მხოლოდ 14 აპრილს გამოაცხადებს.

„საპრეზიდენტო არჩევნების“ პარალელურად, ანკლავში მორიგი „რეფერენდუმიც“ „გაიმართა“, "ამომრჩეველთა" 78%-ზე მეტმა მხარი „დაუჭირა“, რომ „სამხრეთ ოსეთს“ დასახელებაში „ალანიის სახელმწიფო“ დაემატოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ რუსეთი ამ სამარცხვინო, ანტიქართული ფსევდო აქტით, ისტორიის ტოტალურ გაყალბებას და ძირძველი ქართული მიწების მიტაცებას აგრძელებს:

ჩვენს, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მიწა-წყალზე არავითარი სამხრეთ ოსეთი და არავითარი ალანია არ არსებობდა. არსებობს ევროპელი კარტოგრაფების რუქები 17-18 საუკუნეების, სადაც ეს ნათლად ჩანს. რუსეთი და სეპარატისტები აგრძელებენ იმ ხაზს, რაც არის საშინელი უკანონობა და ისტორიული უსამართლობა“

„ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მიწა-წყალზე არავითარი სამხრეთ ოსეთი და არავითარი ალანია არ არსებობდა. არსებობს ევროპელი კარტოგრაფების რუქები 17-18 საუკუნეების, სადაც ეს ნათლად ჩანს. რუსეთი და სეპარატისტები აგრძელებენ იმ ხაზს, რაც არის საშინელი უკანონობა და ისტორიული უსამართლობა.“

ოკუპირებული ანკლავის ახალი „ლიდერი“, ოთხი შვილის მამა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვი ცხინვალელია. რვა კლასი მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, სამი წელი კი თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სკოლა-ინტერნატში ისწავლა. ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა ქართული ენა.

სამხედრო კარიერა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელში დაიწყო. სხვადასხვა წლებში მსახურობდა, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის „სამშვიდობო ძალებში“, ჯერ ფსკოვის დივიზიის, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის შემადგენლობაში.

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, ედუარდ კოკოითმა ანკლავის „საგანგებო სიტუაციების მინიტრად“ დაინიშნა. 2011 წელს კენჭი „საპრეზიდენტო არჩევნებში“ იყარა, თუმცა, მოსკოვისა და კოკოითის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად დამარცხდა.

კოკოითი ბიბილოვს "უაცამონგას" მედლით აჯილდოვებს
კოკოითი ბიბილოვს "უაცამონგას" მედლით აჯილდოვებს

2014 წელს „ერთიანი ოსეთისა“ და რუსეთთან შეერთების ლოზუნგით, „საპარლამენტო არჩევნებში“ იმარჯვა და „ნიხასის“ სპიკერი გახდა. ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოში, აქტიურად მონაწილეობდა „ცხინვალის დაცვაში“.

ანკლავის მაშინდელი „თავდაცვის მინისტრი“ ბარანკევიჩი ამტკიცებს რომ ეს სიცრუეა. „საარჩევნო კამპანიის“ დროს ცხინვალელი ოპონენტები ასევე მიუთითებდნენ, რომ ბიბილოვს გაყალბებული აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი.

დაჯილდოვებულია რუსეთის „მეგობრობის ორდენით“. 2015 წელს, ოფიციალურმა კიევმა ანატოლი ბიბილოვი იმ პირთა „შავ სიაში“ შეიყვანა, რომლებიც „უკრაინის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან“.

ოკუპირებული ანკლავის „ლიდერები“ (1990-2017)

ტორეზ კულუმბეკოვი 1990-1991

ლუდვიგ ჩიბიროვი 1993-2001

ედუარდ კოკოითი 2001-2011

ვადიმ ბრონცევი 2011-2012

ლეონიდ თიბილოვი 2012-2017

ანატოლი ბიბილოვი 2017-დან

XS
SM
MD
LG