ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსური „არჩევნები“: ხაბიზგინი რუსული ცომით


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ლეონიდ თიბილოვი კრემლში
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ლეონიდ თიბილოვი კრემლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი 9 აპრილს მორიგი „ლიდერის“ “ასარჩევად” ემზადება. ანკლავში, სადაც ლანჩხუთის რაიონზე ოდნავ მეტი ამომრჩეველია (32 736), „პრეზიდენტობისთვის“ მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, „ნიხასის" ყოფილი "სპიკერი“ ანატოლი ბიბილოვი და ოსური КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იბრძვიან.

მოსკოვის ფავორიტი ცნობილია. ის 65 წლის თიბილოვია, რომელიც სეპარატისტულ ანკლავს 2012 წლიდან „მართავს“. რუსეთის ღია მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ, მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა თიბილოვს კრემლში „უმაღლესს დონეზე“ უმასპინძლა და წარმატება უსურვა.

თიბილოვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია КГБ-ს თანამშრომელ 36 წლის გაგლოევს აკისრია. გაგლოევის ერთადერთი ამოცანა ბიბილოვისთვის ხმების წართმევაა, თიბილოვის სასარგებლოდ, რომელიც ასევე საბჭოთა КГБ-ს წიაღიდან არის გამოსული.

დებატები ცხინვალის ტელევიზიაში
დებატები ცხინვალის ტელევიზიაში

ღია დებატების დროს, რომელიც ცხინვალის ტელევიზიამ გუშინ გადასცა, ლეონიდ თიბილოვმა ბუნებრივია, ყურადღება დედა რუსეთის უზარმაზარ ღვაწლზე გაამახვილა:

ყოველთვის გვემახსოვრება თუ რა დახმარება გაგვიწია რუსეთმა ოსი ხალხის უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს იყო 1989, 1992 წლები და 2008 წლის აგვისტო. ეს დახმარება, რა თქმა უნდა დღემდე იგრძნობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება არის და ყოველთვის იქნება პრორუსული“
ლეონიდ თიბილოვი

„ყოველთვის გვემახსოვრება, თუ რა დახმარება გაგვიწია რუსეთმა ოსი ხალხის უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს იყო 1989, 1992 წლები და 2008 წლის აგვისტო. ეს დახმარება, რა თქმა უნდა, დღემდე იგრძნობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება არის და ყოველთვის იქნება პრორუსული.“

თიბილოვი „საპრეზიდენტო რბოლაში“ სტარტზევე მოპოვებულ უპირატესობას რუსეთის პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს უნდა უმადლოდეს. სურკოვის უშუალო მითითებით, მარტის დასაწყისში, „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ მისცეს ედუარდ კოკოითს, რომელიც ანკლავს 2001-2011 წლებში მართავდა.

კოკოითმა ცხინვალში საპროტესტო ტალღის აგორება ვერ შეძლო
კოკოითმა ცხინვალში საპროტესტო ტალღის აგორება ვერ შეძლო

კოკოითმა სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, ცხინვალში საპროტესტო ტალღის აგორება სცადა, თუმცა, მოსკოვიდან ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, აქციები შეწყვიტა და საკუთარ მომხრეებს 9 აპრილს, ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა,

47 წლის ბიბილოვზე, რომელსაც თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი აქვს დამთავრებული, მოსკოვმა ერთხელ უკვე გააკეთა ფსონი და შეცდა. 2011 წელს, ბიბილოვს რუსეთში კოკოითის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა მან „საპრეზიდენტო არჩევნები“ „განათლების" ყოფილ "მინისტრ“ ალა ჯიოევასთან წააგო, რასაც ოსურ კლანებს შორის კინაღამ სამხედრო შეტაკება მოჰყვა.

საბოლოოდ, მოსკოვის მოთხოვნით, 2011 წლის „პრეზიდენტის არჩევნების“ შედეგები „არალეგიტიმურად“ გამოცხადდა, ჯიოევა და ბიბილოვი „რბოლას“ საერთოდ ჩამოაშორეს. ანკლავი ჯერ ჩელიაბინსკელ ემისარ ვადიმ ბრონცევს ჩააბარეს, 2012 წელს კი ლეონიდ თიბილოვს გადაულოცეს.

ჩვენ უნდა გადავწყიტოთ, სამხრეთელ ოსებს გვინდა თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა? ეს შეიძლება გავიგოთ, მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რაც შეეხება პოლემიკას, მიგვიღებს რუსეთი თუ არა? ჩვენ ველოდებით 1992 წლიდან და კიდე მოვიცდით, მაგრამ მთავარია ახლა თავად საბოლოოდ გავერკვეთ რა გვინდა“
ანატოლი ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი მიმდინარე კამპანიის დროს მთავარ აქცენტს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე აკეთებს და ამ საკითხზე „რეფერენდუმის“ დანიშვნას ითხოვს:

„ჩვენ უნდა გადავწყიტოთ - სამხრეთელ ოსებს გვინდა თუ არა რუსეთის შემადგენლოაბში შესვლა? ეს შეიძლება გავიგოთ, მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რაც შეეხება პოლემიკას, მიგვიღებს რუსეთი თუ არა? ჩვენ ველოდებით 1992 წლიდან და კიდე მოვიცდით, მაგრამ მთავარია ახლა თავად საბოლოოდ გავერკვეთ რა გვინდა.“

ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დანიშნული „არჩევნების“ ბედი, სავსებით, შესაძლებელია, მის ფარგლებს გარეთ გადაწყდეს. 9 აპრილის „არჩევნებისთვის“ ჯამში - 40 200 ბიულეტენია დაბეჭდილი, მაშინ, როცა ოკუპირებულ ანკლავში სულ 32 736 ამომრჩეველია „რეგისტრირებული“.

ზედმეტი 7464 ბიულეტენი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში (ერთი), ვლადიკავკაზში (სამი) და ოკუპირებულ სოხუმში (ერთი) გახსნილი 5 „საარჩევო უბნისთვის“ არის განკუთვნილი, სადაც ხმის მიცემა „სამხრეთ ოსეთის პასპორტის“ მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ.

9 აპრილს, „საპრეზიდენტო არჩევნების“ პარალელურად, ანკლავში „რეფერენდუმიც“ ტარდება, რომლის მიზანია „სამხრეთ ოსეთს“ დასახელებაში „სახელმწიფო ალანია“ დაემატოს.

ცივილიზირებული სამყარო 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და რუსული ოკუპაციის გამო, „არჩევნებსა“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალში, უკანონოდ და არალეგიტიკურად მიიჩნევს.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „ლიდერები“ (1990-2017)

ტორეზ კულუმბეკოვი 1990-1991

ლუდვიგ ჩიბიროვი 1993-2001

ედუარდ კოკოითი 2001-2011

ვადიმ ბრონცევი 2011-2012

ლეონიდ თიბილოვი 2012-2017

Facebook Forum

XS
SM
MD
LG