ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალისა და დრანდის ციხეების ქართველი ტყვეები


გიორგი გიუნაშვილს ცხინვალში 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გიორგი გიუნაშვილს ცხინვალში 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსულ-ოსურმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს გაიტაცეს.

39 წლის გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევის მკვიდრია. გორის რაიონის ეს სოფელი, რომელიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 2008 წლის აგვისტოში, ოკუპანტებმა მთლიანად გადაწყვეს. 300 გადამწვარი სახლიდან ერთ-ერთი გიუნაშვილების იყო.

მას შემდეგ, გიუნაშვილი ცხინვალელ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სოფელ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. შარშან, ივნისში გიორგიმ ნასახლარის მონახულება გადაწყვიტა, რომელიც ზედ საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გიუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. თავდაპირველი ბრალდება ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ იყო, თუმცა, მალევე, „ტერორიზმის მუხლით“ შეიცვალა.

საოკუპაციო რეჟიმი გიუნაშვილს ბრალს სდებს, რომ თითქოს იგი, "2004 წლიდან იყო, სოფელ დისევის „თავდაცვის ჯგუფის“ წევრი. 2007 წელს, მეზობელ სოფელ ხელჩუაში ხელყუმბარა ააფეთქა და 2008 წლის აგვისტოში, ოსები დაცხრილა, რასაც ერთი სიცოცხლე შეეწირა".

20 წლიანი განაჩენი გიუნაშვილს, რომელიც რუსულად საერთოდ ვერ საუბრობს, ცხინვალში, 3 თებერვალს გამოუტანეს. დისევიდან დევნილი ტარიელ ოქროპირიძე ამბობს, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება ნებისმიერ დისეველს შეიძლება წაუყენონ.

საკუთარ სახლში მივიდა და იქ დააკავეს. არავითარი ტერორისტი ის არ არის. არსად უმუშავია, რასაც აბრალებენ. ყველა ბრალდება გამოგონილია, ნებისმიერი ჩვენგანი რო დაიჭირონ, ზუსტად ეგრე უზამენ“
ტარიელ ოქრუაშვილი, დაკავებულის მეზობელი

„არაფერი დაუშავებია. გორის რაიონს ჰყოფს მაგის სახლი დაახლოებით რვა მეტრით. სახლში მივიდა და იქ დააკავეს. არავითარი ტერორისტი ის არ არის. არსად უმუშავია, რასაც აბრალებენ. ყველა ბრალდება აკიდებული აქვს, ნებისმიერი ჩვენგანი რო დაიჭირონ, ზუსტად ეგრე უზამენ.“

20 წლიან სასჯელს იხდის ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავაც. იგი ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დაიჭირეს. ლუკავა შვილების საფლავს წმენდდა.

52 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთის ომის მონაწილეა. სოხუმის დაცემის შემდეგ, მრავალშვილიანი ოჯახი, რვა შვილი და მეუღლე ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში გადმოიყვანა და სამხედრო პოლიციაში დაიწყო სამსახური.

აფხაზები მას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს, სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი "მესაზღვრის" გატაცებაში ადანაშაულებენ. დატყვევებულების ნაწილი მოგვიანებით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დაიღუპნენ.

გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში მეექვსე წელია ზის
გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში მეექვსე წელია ზის

გიორგი ლუკავა პირველად 1996 წელს ჩავარდა ტყვედ. იგი სასტიკად აწამეს, 12 წელი მიუსაჯეს, თუმცა, დრანდის ციხეში მხოლოდ სამი წელი გაატარა და 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა.

ლუკავას მეორე ტყვეობის პერიოდში, 1994 წელს თაგილონის გატაცების გარდა, იმავე პერიოდში, მომხდარი "სხვა მკვლელობებიც" „მიაწერეს“. ჯერ 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ კი 20 წლამდე შეუმცირეს.

2016 წლის მარტში, ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეებს შორის, პატიმართა დიდი გაცვლის დროს, გიორგი ლუკავა ბოლო მომენტში უკან საკანში მიაბრუნეს. მეუღლე ლალი ბასარია ამბობს, რომ ქმრის გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა და იგი სასტიკად არის ნაწამები:

წამების ნიშნები ორივე ფეხზე აქვს. ერთი ღამე - ერთი ფეხით ჰყავდათ ჩამოკიდებული, მეორე ღამე - მეორე ფეხით. ე.წ „შტირითაც“ არის ნაწამები, გაცხელებულ რკინას რო ადებნენ, ეს ყველაფერი ეტყობა ტანზე“
ლალი ბასარია, გიორგი ლუკავას მეუღლე

„წამების ნიშნები ორივე ფეხზე აქვს. ერთი ღამე ერთი ფეხით ჰყავდათ ჩამოკიდებული, მეორე ღამე - მეორე ფეხით. ე.წ „შტირითაც“ არის ნაწამები, გაცხელებულ რკინას რო ადებნენ, ეს ყველაფერი ეტყობა ტანზე.“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ცხინვალში, გიორგი გიუნაშვილისადმი წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი, ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და უწყება „ყველაფერს გააკეთებს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად“, პარალელურად, სუს-ი აგრძელებს მუშაობას დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების მიზნით.

XS
SM
MD
LG