ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვნა–თესვა კონფლიქტის ზონაში


დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. გაიმართება ასევე რეფერენდუმიც ეგრეთ წოდებული რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება დე–ფაქტო ტერიტორიაზე ნებისმიერ მსგავს აქტივობას არაკანონიერსა და სამართლებრივი ძალის არმქონედ მიიჩნევს. კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ არჩევნები სამხრეთ ოსეთში მხოლოდ იმას გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება ამჯერად შუამავალი და პასუხისმგებელი მოსკოვთან „შავი“ ფულის მოძრაობაზე: „აქ სიტუაცია შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარები გავა. მანამდე, ქართული გვარის პრეზიდენტიც რომ დანიშნონ, არაფერი მნიშვნელობა არ ექნება. მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ნული კი არა, მინუსებშია დღეს, გინდათ პოლიტიკურად, გინდათ ეკონომუკურად, ბიუჯეტით, უსაფრთხოებით და ასე შემდეგ. ამიტომ ამ არჩევნებს არც ჩვენთვის, არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც ახლა ირკვევა, არის ის, რუსეთმა ვის უნდა აძლიოს ჯიბეში ფული და ვისგან წაიღოს შემდეგ უკან. არჩევენ კონკრეტულ პირს, ის ჯობს თუ ეს. ესაა მთელი მათი ფილოსოფია“.

ამერიკის ხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს კახა ქემოკლიძეს ესაუბრა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე მექანიზმების რეაგირების ფარგლებში შეხვედრების მუდმივი მონაწილეა ქართული მხრიდან. ორი დღის წინ ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული მხარისთვის კიდევ უფრო შეიზღუდება წვდომა მოსავალზე, რასაც ადამიანები კონფლიქტის ზონაში მოიყვანენ. ჩვენთან საუბრისას კახა ქემოკლიძემ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. „საოკუპაციო ზოლის აქეთა მხარეს, ანუ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხვნა–თესვის წარმოება შესაძლებელია. აქ არიან შსს–ს დანაყოფები 7/24–ზე მუდმივ რეჟიმში და ყოველდღიურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს, მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ადგილობრივების უსაფრთხოება. ესაა მშრალი მოცემულობა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იკრძალება სამეურნეო სამუშაოები, სიმართლე გითხრათ, დე–ფაქტოების მხრიდან არ მომისმენია. ისინი ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ მისცემენ ქართველებს, ანუ მათი გაგებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მიწის ნაკვეთების დამუშავების საშუალებას. ეს არ ახალია. ამას ისინი დიდი ხანია ამბობენ, რაზეც ჩვენი პრინციპული წინააღმდეგობაა და ჩვენი ამოცანა, მათ შორის ერგნეთის შეხვედრებზე არის ის, რომ მივაღწიოთ ადგილობრივებისთვის ამ მიწის ნაკვეთების დამუშავების უფლების მიღებას უსაფრთხოდ. რაზეც არის პრინციპული წინააღმდეგობა მათი მხრიდან.“

კახა ქემოკლიძეს იმის თაობაზეც ვკითხეთ, იზრდება თუ არა დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა. „ჩვენი შეფასებით, დაკავებების სტატისტიკური მაჩვენებლები არსებითად, ერთ ჩარჩოში ტრიალებს. დიდად არ იცვლება. ამიტომ რომ გითხრათ, რომ უკანონო დაკავებების სტატისტიკური მონაცემები იზრდება ან მცირდება, მოგატყუებთ. გაცილებით რელევანტურია გითხრათ, რომ ციფრი მეტ–ნაკლებად რჩება ერთ მარჟაში“.

ამერიკის ხმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილსაც ესაუბრა და ჰკითხა იმის თაობაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში მოსავლის აღების თვალსაზრისით ახალი შეზღუდვების შესახებ. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „როცა რაღაც მსგავსი ხდება, ჩვენი წარმომაგენლებიც გვატყობინებენ ხოლმე ჩვენ, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგრამ ამჯერად მსგავსი არაფერი ვიცი, ჩვენთვის არაფერია ცნობილი რაიმე ახალი შეზღუდვის შესახებ მოსავლის აღების თვალსაზრისით კონფლიქტის ზონაში. ამ რამდენიმე დღის წინ ხანძარი გავრცელდა სოფელ მერეთთან, გუგუტიანთკარის მიმართულებით. ჩვენს მხარეს დაიწყო და გადავიდა იქით. ჩვენმა მეხანძრეებმაც იმუშავეს ხანძრის ჩაქრობაზე, ჭავლი სადამდეც მიაწვდინეს, ჩააქრეს დე–ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც, შემდეგ მათი მეხანძრეებიც მოვიდნენ. ეს მოხდა სოფელ გუგუტიანთკარში, მეც იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რომ მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოებს ატარებდა პირდაპირ გამყოფ ხაზთან“.

7–10 აპრილს, იმის გამო, რომ კვირას დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება შეიზღუდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG