ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველოს მოქალაქე ვარ თუ მტერი?“ - 6 თვე სასჯელი და 1 300 000 ლიბიური დინარი ჯარიმა


ფოტო ციხიდან დედას - რომან კაკალაძე (მარჯვნივ) ტაჯურას საპყრობილეში

საქართველოს ორ მოქალაქეს 56 წლის გენადი კომახიძეს და 32 წლის რომან კაკალაძეს ტრიპოლის სასამართლომ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და “ლიბიური სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალისთვის“ 1 300 000 ლიბიური დინარის გადახდა დააკისრა, რაც ამჟამინდელი კურსით 935 000 აშშ დოლარია.

ვინაიდან ლიბიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ქართველი მეზღვაურები ტრიპოლის სასამართლოში არ გადაუყვანიათ, მათ მოსამართლის განჩინება 23 აპრილს ტაჯურას ციხის უფროსმა გააცნო. ამის შესახებ "ამერიკის ხმას" რომან კაკალაძემ შეატყობინა, რომელიც გენადი კომახიძესთან ერთად ლიბიის ციხეში 2017 წლის სექტემბრიდან ზის.

„წარმოდგენა არ მაქვს მოსამართლემ რითი იხელმძღვანელა, ჩვენს გემზე სულ 806 ტონა დიზელი იყო, რომლის საბაზრო ფასი 20 ათასი დოლარია. საიდან მივაყენეთ ლიბიის ეკონომიკას 1 300 000 დინარის ზარალი გაუგებარია. მით უმეტეს, ნეიტრალურ წყლებში როცა დაგვაპატიმრეს და ტრიპოლის პორტში შემოსვლა გვაიძულეს, დიზელი რაც გემზე იყო ისევ ამათ დარჩათ.

ჩვენს გემზე სულ 806 ტონა დიზელი იყო, რომლის საბაზრო ფასი 20 ათასი დოლარია. საიდან მივაყენეთ ლიბიის ეკონომიკას 1 300 000 დინარის ზარალი გაუგებარია"

ადვოკატი გვეუბნება გავასაჩივრებ, ამდენი ხანია ზიხართ და უნდა გაგიშვანო. თანხას გაანახევრებენო, რომც გაანახევრონ ვინ გადაიხდის ამხელა ფულს? მე თუ კაპიტანი? დასკვნითი სასამართლო პროცესი ჩვენს გარეშე ჩაატარეს, სათვალავი ამერია რაც დაჭერილები ვართ რამდენჯერ გადადეს განაჩენის გამოცხადება, ახლა გამოჩნდა, რომ თურმე შეიძლებოდა პროცესის გამართვა და ამდენი ხანი გვაწამეს. წინ რა გველოდება არ ვიცი.

თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ, პირიქით, დაზარალებული მე ვარ, ამდენი ხანი ციხეში ვარ გამოკეტილი, დაპატიმრების შემდეგ, გემიდან მომპარეს პირადი ტელეფონი, ნოუთბუქი, ოქროს ძეწკვი და ნათლობის ჯვარი, მოსამართლე კიდე ერთ-ერთ სხდომაზე სახელფასო ბარათის პინ კოდს მთხოვდა უტიფრად, ჩუმად ტელეფონით რო ვისარგებლო და დედას მესიჯი მივწერო ან ფოტო გავუგზავნო ამაშიც ფულს ვიხდი, თვიდან თვემდე თავი ოჯახიდან გადმოგზავნილი თანხით გაგვაქვს, აი ასეთ ქვეყანაში ვზივარ“ - მოგვწერა რომა კაკალაძემ ტაჯურას ციხიდან.

მცირე ტანკერი "რექსი", რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე ლიბიის ციხეში
მცირე ტანკერი "რექსი", რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე ლიბიის ციხეში

მცირე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი კომახიძე, მისი თანაშემწე კაკალაძე და ეკიპაჟის კიდევ რვა წევრი ლიბიის სანაპირო დაცვამ დიზელის კონტრაბანდის ბრალდებით, ნეიტრალურ წყლებში, 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავა. გემს ლიბიის აბუ კამაშის პორტიდან დიზელი კვიპროსის მიმართულებით მიჰქონდა.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი „რექსის“ მფლობელმა, თურქულმა კომპანია GEMINI-მ და შუამავალმა, ბერძნულმა კომპანიამ CAPELLO MARITIME-მ მეზღვაურები მაშინვე მიატოვეს. მანამდე მათ ეკიპაჟი მოატყუეს და დაპირების მიუხედავად, სამუშაო კონტრაქტები არ გაუფორმეს.

ლიბიური მხარის მტკიცებით, CAPELLO-ს გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდროს გენევეზოსმა გამოძიებას უთხრა, რომ თითქოს ეკიპაჟმა თავად გაიტაცა გემი ლიბიაში და ისე დატვირთა დიზელით რომ მან არაფერი იცოდა. მოგვიანებით, გენევეზოსი და GEMINI-ის წარმომადგენელი თემუჩინ იალი გამოძიებას საერთოდ დაემალნენ. მათთან კავშირზე გასვლა ვერც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო.

2018 წლის მარტში, ტროპოლის სასამართლომ REX-ის რვა მეზღვაურს, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქე ნუკრი ხოხბას ბრალი მოუხსნა და გაათავისუფლა. კაპიტანი კომახიძე და მისი თანაშემწე კაკალაძე კი ტაჯურას ციხეში დატოვეს და ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს: ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა, ლიბიელი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება და ტვირთის არალეგალურად გადაზიდვა.

ტრიპოლს რამდენიმე მხრიდან უტევენ
ტრიპოლს რამდენიმე მხრიდან უტევენ

მოსამართლემ კვირის დასაწყისში ტრიპოლში განაჩენი მხოლოდ მაშინ გამოიტანა, როცა ლიბიის დედაქალაქი, რომელსაც „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ აკონტროლებს, „ეროვნულმა არმიამ“ ალყაში მოაქცია. რომა კაკალაძე გვწერს, რომ თავს აბსოლუტურად დაუცველად გრძნობს:

„ბრალდება რომ ლიბიის ტერიტორიულ წყლებში ამხელა გემით შევიპარეთ არის მოგონილი. როცა 2017 წლის ზაფხულში მალტიდან გეზი ლიბიისკენ ავიღეთ, არანაირი შეზღუდვა რომ აბუ კამაშის პორტი დაკეტილია ან ნაოსნობა აკრძალულია არ ყოფილა. მესაზღვრეებმა შეგვიმოწმეს პასპორტები და მოგვცეს პორტში შესვლის უფლება.

გემთფლობელმა კაპიტან კომახიძეს მკაცრად მოსთხოვა რომ გასულიყო ზღვაში და ტვირთის საბუთს ელექტრონული ფოსტით მიიღებდა. არჩევანი არ გვქონდა, იარაღით დაგვადგნენ, შემდეგ კი უკვე ნეიტრალურ წყლებში დაგვიჭირეს ამ საბუთის არქონის გამო"

როცა დიზელით დავიტვირთეთ. კაპიტანი კომახიძე კატეგორიულად ითხოვდა ტვირთის საბუთს, არ მისცეს, მოხდა შეხლა-შემოხლა, დააკავშირეს გემთფლობელთან, მან კაპიტანს მკაცრად მოსთხოვა რომ გასულიყო ღია ზღვაში და ელექტრონული ფოსტით საბუთს მიიღებდა. არჩევანი არ გვქონდა, იარაღით დაგვადგნენ გემზე, საბოლოოდ გავედით ზღვაში, თავად მოგვცეს პორტის დატოვების უფლება. შემდეგ კი უკვე ნეიტრალურ წყლებში დაგვიჭირეს ტვირთის საბუთის არქონის გამო. წაგვიყვანეს ტრიპოლში, დიზელი გადატვირთეს თავად. ვის მივაყენეთ ზარალი?“ - კითხულობს რომან კაკალაძე.

ლიბიის სასამართლოში საქართველოს ორი მოქალაქის ინტერესებს ლიბიელი ადვოკატი იცავს, რომელიც ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ დაიქირავა. ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ნალბანდოვი ზუსტად ერთი წლის წინ ტრიპოლში ჩავიდა და მეზღვაურები ციხეში მოინახულა. 2018 წლის სექტემბერში კი საგარეო მინისტრი ზალკალიანი ნიუ იორკში ლიბიელ კოლეგა მოჰამედ ტაჰა სიალასაც შეხვდა, თუმცა ქართველი მეზღვაურების ციხიდან დახსნა მაინც ვერ მოხერხდა.

გენადი კომახიძეც და რომან კაკალაძეც „ამერიკის ხმასთან“ ამბობენ, რომ ლიბიელი ადვოკატი მათ მუდმივად ატყუებს, ლიბიის პროკურატურის ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების.

„ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს ტელეფონით რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ადვოკატი ჩვენს ინტერესებს არ იცავს მეთქი. თავი რო დავანებოთ იმას, რომ სახლიდან გადმორიცხული ფული მოგვპარა, მუდმივად გვიმეორებს რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი ვალი მართებს მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებაში. სოსლანი მოგეხსენებათ თითქმის სამი წელი იჯდა ლიბიის სხვადასხვა ციხეში და 2018 წლის ზაფხულში ძლივს დაიხსნეს.

ერთ-ერთი ბოლო სასამართლოზე, ადვოკატმა შემოგვთავაზა გვეთქვა, რომ თითქოს ლიბიაში საერთოდ არ შემოვსულვართ და გემი ცარიელი იყო. გვპირდებოდა, ასე თუ იტყვით გაგანთავისუფლებენო.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვაცნობე და რამდენჯერმე ვთხოვე რჩევა, როგორ მოვქცეულიყავით, რადგან მათი დაქირავებული ადვოკატია. პასუხად მივიღე, რომ თქვენი გადასაწყვეტია რას იტყვით სასამართლოზე, ჩვენ მხოლოდ ადვოკატი დაგიქირავეთო. ასე უნდა გვექცეოდეს სახელმწიფო? მე საქართველოს მოქალაქე ვარ თუ მტერი?

პასუხად მივიღე, რომ თქვენი გადასაწყვეტია რას იტყვით სასამართლოზე, ჩვენ მხოლოდ ადვოკატი დაგიქირავეთო. ასე უნდა გვექცეოდეს სახელმწიფო? მე საქართველოს მოქალაქე ვარ თუ მტერი?"

ციხეში მშიერი, ხშირად სასმელი წყლის გარეშე მყოფი, რასაც დაემატა ჩხუბი ლიბიელ პატიმრებთან, რა დროსაც თავში ჩამარტყეს, საბოლოოდ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ადვოკატს დავუჯერე და ვთქვი რაც უნდოდა, პასუხად მოსამართლემ დაგვიდგინა 6 თვე ციხე და 1300 000 დინარის ჯარიმა. ანუ ადვოკატმა აქაც მწარედ მოგვატყუა.

ვის დავუჯერო და როგორ მოვიქცე უკვე აღარ ვიცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩემს ოჯახს ეუბნება რომ მედიას არ ეკონტაქტონ, ვერ ვხდები რა აზრი აქვს იმ ფაქტის დამალვას რომ მოგვისაჯეს და ამხელა ჯარიმა დაგვაკისრეს?!“ - გვწერს რომან კაკალაძე.

რომან კაკალაძესთან ბოლო კომუნიკაცია 26 აპრილს გვქონდა. მან მოგვწერა, რომ „ლიბიის ეროვნული არმიის“ იერიში დედაქალაქ ტრიპოლზე უდაბნოს ქვიშიანი ქარის გამო შეფერხდა. ტაჯურაც ისევ "ეროვნული თანხმობის მთავრობის" სამხედროების კონტროლქვეშ არის.

ლიბიის ერთ-ერთი ციხე
ლიბიის ერთ-ერთი ციხე

„ციხის ბადრაგმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ თუ სროლები ტაჯურას ციხის ახლოს გადმოიწევს, გაგიშვებთო, მიმდინარე ბრძოლების გამო, ტრიპოლის გარშემო ძალიან ბევრი ციხიდან გაუშვეს პატიმრები, ასევე არალეგალები მიგრანტთა დროებითი დაკავების ცენტრებიდან. ამის იმედზეღა ვართ რომ ტაჯურას აიღებენ და გაგვანთავისუფლებენ. მერე უნდა მოვიფიქროთ საით წავალთ, აქ ჩვენს გარდა თურქი და უკრაინელი მეზღვაურებიც არიან, ყველანი ძალიან ვნერვიულობთ“ - ამბობს რომან კაკალაძე.

ლიბიაში 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომმა 4 აპრილს ხელახლა იფეთქა და ამ დროისთვის უკვე 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიდის ქალაქ ელ-აზიზიას გარშემო, რომელიც ტაჯურადან 30, ხოლო დედაქალაქ ტრიპოლიდან 55 კილომეტრით არის მოშორებული. დაპირისპირებული მხარეები იყენებენ, როგორც ტანკებს და არტილერიას, ისე სამხედრო ავიაციას.

დღეს ლიბიიდან საქართველოში თურქულ ბალკერ Dogan Bey-ის ორი ქართველი მეზღვაური რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე დაბრუნდნენ. მათ ლიბიის ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდათ, 2019 წლის 7 იანვარს, მისრათას პორტში, Dogan Bey-ის კიდევ ერთი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის დაღუპვის საქმის ძიების გამო.

რაზმაძის ცხედარი 21 იანვარს მისრათას ნავსადგურში ზღვაში აღმოაჩინეს. ცხედრის საქართველოში გადმოსვენება და დაკრძალვა მხოლოდ მარტის დასაწყისში მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით, რაზმაძე მოკლულია და გარდაცვლილის ოჯახი, ელოდება როგორც მისრათაში მიმდინარე გამოძიების შედეგებს, ისე ტაკიძისა და კეკელიძის საქართველოში დაკითხვას. ქართველები და ეკიპაჟის სხვა წევრები დაკავებულები არ ყოფილან, ამ ხნის მანძილზე ისინი მისრათაში საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდნენ და გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ.

საქართველოს საგარეო უწყება მისრათადან მეზღვაურების დაბრუნებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, ტაჯურას ციხეში მყოფი გენადი კომახიძისა და რომან კაკალაძის შესახებ კი განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG