ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები და ნავთობის „შავი ბიზნესი“ ლიბიაში


ლიბიაში დაკავებული ტანკერი REX და მისი ქართველი კაპიტანი გენადი კომახიძე
ლიბიაში დაკავებული ტანკერი REX და მისი ქართველი კაპიტანი გენადი კომახიძე

მეოცე დღეა ლიბიის ერთ-ერთი ციხეში საქართველოს სამი მოქალაქე ზის. სამივე მათგანი მეზღვაურია. 55 წლის ბათუმელი გენადი კომახიძე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანია. მასთან ერთად დაკავებულები არიან რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა, ასევე თურქეთის ხუთი და ინდოეთის ორი მოქალაქე.

ლიბიის სანაპირო დაცვის ძალებმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი REX, რომელიც ბერძნულ კომპანია Evalend Shipping Tankers-ის საკუთრებაა, 2017 წლის 30 აგვისტოს, ხმელთაშუა ზღვაში, ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.

ტანკერმა REX-მა ლიბიისკენ გეზი 2017 წლის 11 ივლისს, სტამბოლის ტუზლას ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ აიღო. ლიბიის სანაპირო დაცვის მტკიცებით, აგვისტოს მეორე ნახევრიდან, გემი თვალთვალის ქვეშ ჰყავდათ და ზუვარასთან ახლოს, კონტრაბანდული დიზელით დატვირთვის შემდეგ, ტანკერი მალევე დააპატიმრეს.

ტანკერ REX-ის ქართველი მეზღვაურები: რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა
ტანკერ REX-ის ქართველი მეზღვაურები: რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა

ტანკერის ეკიპაჟის ათივე წევრს, მათ შორის საქართველს სამ მოქალაქეს, ბრალად "ლიბიის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდული ტვირთის გადატანა ედებათ."

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს. მათი თქმით, ტანკერი მაშინ დააკავეს როცა ლიბიის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვებული ჰქონდა. რომან კაკალაძის მამა მერაბ კაკალაძე ამბობს:

უკვე ნეიტრალურ წლებში რო ვიყავით, მოულოდნელად ვერტმფრენით მოფრინდნენ, სხვა ფორმიანი, შეიარაღებული პირები და უკან დაგვაბრუნესო. რამდენიმე დღე გემზე ვყავდით დაკავებულები და შემდეგ იზოლატორში გადაგვიყვანესო“
მერაბ კაკალაძე, ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის მამა

„დაკავების შემდეგ, ტელეფონით მითხრა, რომ საწვავი რო ჩავტვირთეთ, ტვირთით სანაპიროს დავშორდით 10 მილით. ამის შემდეგ ლიბიის სანაპირო დაცვა ამოვიდა, საბუთები შეამოწმა და ბედნიერი გზავრობა გვისურვაო.

უკვე ნეიტრალურ წლებში რო ვიყავით, მოულოდნელად ვერტმფრენით მოფრინდნენ, სხვა ფორმიანი, შეიარაღებული პირები და უკან დაგვაბრუნესო. რამდენიმე დღე გემზე ვყავდით დაკავებულები და შემდეგ იზოლატორში გადაგვიყვანესო.“

ლიბიაში 2011 წლის 20 ოქტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობის, 42 წლიანი დიქტატურისა და „დიადი სოციალისტური სახალხო არაბული ჯამაჰირიის“ დასრულების შემდეგ, ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობს და ნავთობის კონტრაბანდა უზარმაზარი შავი ბიზნესია.

ლიბიური მხარის მტკიცებით, ბერძნული ტანკერი REX-ი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ზუვარასთან, აბუ კამაშის პორტში ნებართვის გარეშე, ღამით შევიდა და კონტრაბანდული დიზელით დაიტვირთა.

ტუნისის საზღვართან მდებარე ზუვარას „კონტრაბანდისტების დედაქალაქს“ უწოდებენ. ეს პროვინცია ენ ნუგატ ელ ხუმსის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც ნავთობისა და ძალაუფლებისთვის (ისევე როგორც მთელ ლიბიაში) რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება დაუნდობლად იბრძვის.

"კონტრაბანდისტების დედაქალაქის" - ლიბიის ქალაქ ზუვარას ყოველდღიურობა
"კონტრაბანდისტების დედაქალაქის" - ლიბიის ქალაქ ზუვარას ყოველდღიურობა

2017 წლის მდგომარეობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერილი “ეროვნული თანხმობის მთავრობა” (GNA), პრემიერ სარაჯის მეთაურობით, ქვეყნის დიდი ქალაქებიდან, ნაწილობრივ, მხოლოდ დედაქალაქ ტრიპოლის და მისრათს აკონტროლებს.

მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს „საერთო ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ეთნიკური ბერბერის აბუ საჰმეინის გასამხედროებული დაჯგუფებები. ეს ფრთა ტერორისტული ორგანიზაცია „ძმები მუსლიმების“ განაყოფად მიიჩნევა, რომელსაც ყატარის მხარდაჭერა აქვს.

ქვეყნის ყველაზე დიდი რაიონები: ელ-ბუტნანი, ელ-ვაჰატი, ელ-კუფრა, ბენღაზი, დარნა და ელ-ჯუფრა ე.წ „ტობრუკის მთავრობის“ ანუ „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) ხელშია. არმიას გენერალი ჰაფტარი უდგას სათავეში, რომელსაც ეგვიპტე, საუდის არაბეთი და რუსეთი უჭერს მხარს. თავის მხრივ „ჰაფტარის არმია“ კიდევ რამდენიმე წვრილ დაჯგუფებად იყოფა, მათაც "ექსკლუზიური" გავლენის ზონები აქვთ.

ლიბიაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ყაიდა“, მათი მაღრიბული განაყოფი „ანსარ ალ შარია“ და „ისლამური სახელმწიფოც“ (ISIS), აკონტროლებენ.

ლურჯი - „ლიბიის ეროვნული არმიის“ კონტროლის არეალი, შინდისფერი - “ეროვნული თანხმობის მთავრობის”, წითელი - „ალ ყაიდას“ და შავი - "ისლამური სახელმწიფოს" გავლენის ზონები
ლურჯი - „ლიბიის ეროვნული არმიის“ კონტროლის არეალი, შინდისფერი - “ეროვნული თანხმობის მთავრობის”, წითელი - „ალ ყაიდას“ და შავი - "ისლამური სახელმწიფოს" გავლენის ზონები

ISIS-ის გავლენა დიდია ზუვარაში, საიდანაც ლიბიის მხარის მტკიცებით, ტანკერმა REX-მა კონტრაბანდული დიზელი წამოიღო, თუმცა ამ ინფორმაციას ქართველი მეზღვაურები კატეგორიულად უარყოფენ.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს, ტრიპოლიში ადვოკატი დაიქირავა, რომელიც დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში უკვე ჩაერთო. მერაბ კაკალაძე ამბობს:

მას შემდეგ რაც ლიბიის მხარემ ჩვენ ბიჭებთან ბერძენი გემთმფლობელის დაქირავებული ადვოკატები არ შეუშვა, ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, მათ როგორც ვიცი, ლიბიაში დაიქირავეს ადვოკატი“

„მას შემდეგ, რაც ლიბიის მხარემ ჩვენ ბიჭებთან ბერძენი გემთმფლობელის დაქირავებული ადვოკატები არ შეუშვა, ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, მათ როგორც ვიცი, ლიბიაში დაიქირავეს ადვოკატი.“

ნავთობის დადასტურებული მარაგების (5,1 მილიარდი ტონა) მიხედვით, ლიბია აფრიკის კონტინენტზე - პირველ, ხოლო OPEC-ის (The Organization of the Petroleum Exporting Countries) ქვეყნებს შორის - მეოთხე ადგილს იკავებს.

2017 წლის აგვისტოში, ნავთობსადენებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე სამხედრო თავდასხმებისა და ნავთობის კონტრაბანდის ზრდის გამო, ლიბიამ ნავთობის მოპოვება შეამცირა, რასაც მსოფლიო ბაზარზე, „შავ ოქროს“ გაძვირება მოჰყვა.

ოფიციალური ტრიპოლის ინფორმაციით, ლიბია ყოველწლიურად ნავთობის „შავი ბიზნესის“ გამო, 400-დან 500 მილიონ აშშ დოლარს კარგავს. ამის გამო, ტრიპოლიში განლაგებული “ეროვნული თანხმობის მთავრობა” პირდაპირ ნადირობს, სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე, რომლებსაც ნავთობი „ტრიპოლის მთავრობასთან“ შეუთანხმებლად გადააქვთ.

ლიბიაში ნავთობის "შავი ბიზნესი" ჰყვავის
ლიბიაში ნავთობის "შავი ბიზნესი" ჰყვავის

ამჟამად, ტრიპოლის სამხედრო პორტში ათამდე ტანკერი და გემია დაკავებული, ლიბიის ციხეებში კი რამდენიმე ათეული უცხოელი მეზღვაური სასჯელს ელის.

2016 წლის ივნისიდან, უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ლიბიაში ბერძნული ტანკერის Temeteron-ის კაპიტანი, რუსეთის მოქალაქე ტეკუჩევია დაპატიმრებული. კიდევ ორ რუს მეზღვაურთან ერთად, მასაც „კონტრაბანდული ნავთობის“ გადატანა ბრალდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG