ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგეოსის ზღვაში ქართველი კაპიტნის ძებნის ოპერაცია გრძელდება


ტვირთმზიდი "სტელა"

მცირე ტვირთმზიდი „სტელა“ საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან ჩაიძირა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00
ბმული


ეგეოსის ზღვაში, კუნძულ კარპატოსთან ახლოს, საბერძნეთის საზღვაო სივრცეში, ადგილობრივი საზღვაო სამაშველო და სანაპირო დაცვის კატარღებით, ასევე „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენით, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ, საქართველოს მოქალაქეს, 39 წლის ლევან თებიძეს, რომელიც მშრალი ტვირთმზიდის „სტელას“ კაპიტანი იყო.

აფრიკული სახელმწიფოს სიერა ლეონეს დროშით მცურავი „სტელა“, 2 ნოემბერს, ღამის სამ საათზე, საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან, დასავლეთით, 19 მილის მოშორებით ჩაიძირა. სავარაუდოდ, „სტელას“ ჩაძირვის მიზეზი რიფთან შეჯახება გახდა.

გემის ეკიპაჟი საქართველოს ექვსი მოქალაქისგან შედგებოდა. კაპიტან თებიძის ბრძანებით, ხუთმა მეზღვაურმა: კობა ლაკლაკიშვილმა, რობერტ დარციმელიამ, ირაკლი ჩავლეიშვილმა, მამუკა კერესელიძე და ელიზბარ ჯიჯავაძემ ჩასაძირად განწირული ტვირთმზიდს თავი დააღწიეს. ისინი საბერძნეთის სანაპირო დაცვის კატარღამ აღმოაჩინა და კუნძულ როდოსზე გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გემის კაპიტნის მეუღლე ირმა ტარიელაშვილი ამბობს, რომ „სტელას“ ჩაძირვის დროს, ლევან თებიძის სამაშველო ჟილეტი ეცვა:

„ჩემმა მეუღლემ ყველას გადარჩენა მოახერხა. ნავზე დასვა ყველა. პირველ რიგში გაუცია ბრძანება, ყველას ჩაეცვა სამაშველო ჟილეტი..თავადაც ეცვა ჟილეტი..დარეკა დღეს, ერთ-ერთმა გადარჩენილმა ელიზბარ ჯიჯავაძემ, რომელიც იქ იყო გემზე..ნუ ნერვიულობენო, ჟილეტი ეცვაო, გადარჩენილი იქნებაო. თან იქ ყველა მხრიდან კუნძულები არისო.“

მცირე ტვირთმზიდი „სტელა“ შორეულ 1967 წელს აიგო და 46 წელია ექსპლუატაციაში იყო. ამ დროის მანძილზე, გემმა ხუთჯერ გამოიცვალა სახელი და 2013 წლის აგვისტოდან „სტელა“ ეწოდა.

რომ შარშან, აგვისტოში „სტელას“ (მაშინ გემს „სტენლანდი“ ერქვა - ზ.წ) ეკიპაჟი - სამი უკრაინელის, ორი რუსისა და ერთი ქართველის შემადგენლობით დაპატიმრებული იქნა საბერძნეთის ნავსადგურ ხელაში. გემზე მაშინ დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი აღმოჩნდა.

„სტელას“ ბოლო ერთი წლის მანძილზე, ორჯერ ჩაუტარდა რემონტი. 2012 წელს მონტენეგროში, წელს კი თურქეთში. კაპიტანმა ლევან თებიძემ სწორედ თურქეთის ნავსადგურ ალიაგადან გაიყვანა გემი.

„სტელა“ ცარიელი იყო და გადაჰქონდა მხოლოდ ბალასტური წლები, რომელიც დაუტვირთავი გემის წონასწორობის, სიმყარისა და კონსტრუქციული მთლიანობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

საბერძნეთის მედიის ინფორმაციით, „სტელა“ კვიპროსის მიმართულებით მიემართებოდა, თუმცა კაპიტნის მეუღლე, ირმა ტარიელაშვილი ამბობს, რომ გემი ჩერნოგორიის მიმართულებით მიცურავდა.

„ბოლოს მეუღლე სამი დღის უკან დამიკავშირდა. გემს უკვე აღებული ჰქონდა მიმართულება ჩერნოგორიისკენ და ხუთ დღეში ჩერნოგორიაში უნდა ყოფილიყო. ჯერ არაფერი არ ისმის. გემთმფლობელის ნომერიც ვიცი, თუმცა ტელეფონი მასაც გამორთული აქვს და ვერ ვუკავშირდები.“

გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მომავალ კვირას დაბრუნდებიან. მათ უკვე გაიარეს სამედიცინო შემოწმება კუნძულ როდოსზე. ახლა კი საბერძნეთში საქართველოს საელჩო მათი პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგებას ცდილობს.

კაპიტან თებიძის ძებნის ოპერაცია კი კიდევ 72 საათის მანძილზე გაგრძელდება. საბერძნეთში საქართველოს კონსული გიორგი არჩემაშვილი ამბობს:

„ეკიპაჟის დაკარგული წევრის სამძებრო სამუშაოები კვლავაც გრძელდება, თუმცა სამწუხაროდ ჯერ სიახლე ისევ არ არის. ველოდებით დამატებით ინფორმაციას.“

ბათუმელ ლევან თებიძეს, რომელსაც 19 დეკემბერს 40 წელი შეუსრულდება ზღვაოსნობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. მან 2000 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. მიღებული აქვს კომპეტენციის სერთიფიკატი საქართველოსა და მოლდოვაში.

ანალოგიური შემთხვევები წინა წლებშიც მომხდარა და სამწუხაროდ, უმეტესად ტრაგიკულად დასრულდა: 2009 წელს, თურქეთის სანაპიროსთან გემი „ოგანბეი“ ჩაიძირა. ერთი ქართველი მეზღაური სერგო ჯინჭარაძე ჩაძირვის დროს დაიღუპა; მეორე ქართველი დავით ჭიჭილეიშვილი - დაიკარგა.

2011 წლის თებერვალში კი სოჭთან ახლოს, თურქული გემის „ბესექთაჟის“ ჩაძირვის შემდეგ, ბათუმელი მეზღვაური რონალდ ბერიძე დაიკარგა.

2012 წლის იანვარში, ალბანეთის სანაპიროსთან, ადრიატიკის ზღვაში, თურქული ტანკერის „ედირნეს“ აფეთქებას ქართველი მეზღვაურები ბექა ურუშაძე და მალხაზ ლაზიშვილი შეეწირნენ. ეს უკასკნელი დაიკარგა.

2012 წლის თებერვალში, თურქეთის სანაპიროსთან ტვირთმზით VERA-ს ჩაძირვას 56 წლის ფოთელი მექანიკოსის მურმან დარსაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი გვამი ვერ აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG