ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მეზღვაურების მიმართვა მინისტრს


„მარი დელ კარმენ 2"-ის ქართველი მეზღვაურები

პანამის სანაპიროსთან მყოფი ქართული ეკიპაჟი გემთმფლობელის ყალბ დაპირებებზე საუბრობს და დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თხოვს

პანამის ნაპირებთან გაჩერებული გემის - „მარია დელ კარმენ 2"-ის ეკიპაჟის ქართველი წევრების სახელით, ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ წერილი მიიღო, სადაც მეზღვაურები გემთმფლობელის ცრუ დაპირებებზე საუბრობენ. ისინი ჩივიან, რომ საწვავი გემზე თითქმის აღარ არის და ეკიპაჟის წევრებს ორიოდე დღისთვის საკმარისი სურსათის მარაგი დარჩათ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავენ, რომელიც ამ მომენტისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს ვიზიტს.

„ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია მიმართვის გავრცელების შემდეგ გემის კაპიტანს დაუკავშირდა. მან დაადასტურა წერილში მოხმობილი ფაქტები. „ამერიკის ხმის" სტუდიაში ტელე-ინტერვიუზე მოსულმა ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რომ ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამინისტრომ მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმები გამოიყენა, თუმცა მოლაპარაკებები გემთმფლობელსა და ეკიპაჟს შორის ისევ უნდა გაგრძელდეს.

გემის ეკიპაჟის მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო მაია მოგესალმებით მთელი ჩემი ეკიპაჟის სახელით,

მე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზურაბ დავითაძე გაწუხებთ პანამაში მყოფ „Maria del Carmen 2"-ის ეკიპაჟის დღევანდელ პრობლემებზე. ყოველდღიურმა ტყუილებმა და დაპირებებმა გემთმფლობელის მხრიდან ხშირი ხასიათი მიიღო.

25 ნოემბერს შედგა ჩემს და გემის მენეჯერს შორის სატელეფონო საუბარი იმ საკითხზე რომ ეკიპაჟს კვირის ბოლომდე ექნებოდა მიღებული თავისი კუთვნილი ხელფასი და იქნებოდა რეპატრირებული საქართველოში. მაგრამ დღეს ჩვენი ხელახალი საუბრის შემდეგ მენეჯერმა უარყო ყველა ის წინა დაპირება რომლის შედეგადაც ეკიპაჯს უკვე უნდა ჰქონებოდა მიღებული კუთვნილი ხელფასი და დავლოდებოდეთ სამგზავრო ბილეთებს.

გემის მეპატრონის მხრიდან ხდება ეკიპაჟის ნებისმიერი მოთხოვნის უარყოფა. რაც შეეხება საკვებს და საწვავს გემის მეპატრონე ხელოვნურად გვიქმნის პრობლემებს. ამ მომენტისთვის გემზე დარჩენილი არის 1 დღის საწვავი და მაქსიმუმ 2 დღის საკვები. გემზე არის მძიმე და აუტანელი პირობები გემის სიძველის და მეპატრონის უყურადღებობის გამო. ამის გამო, რამოდენიმე ეკიპაჟის წევრს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები.

მე, როგორც კაპიტანს, მიჭირს და მიმძიმს ასეთ სიტუაციაში გაკონტროლება გემის უსაფთხოებისთვის.

გთხოვთ თქვენი მხრიდან იყოს მიმართვა საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში, საერთაშორისო მეზღვაურების პროფკავშირს ლონდონში (ITF), ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნებისმიერ იმ უწყებას, ვისაც შეუძლია ასეთ სიტუაციაში დახმარება. ასევე, გთხოვთ დაუკავშირდეთ გემის მეპატრონეს ნიგერიაში და იმ შემთხვევაში თუ კიდევ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები უღრმესად გთხოვთ დაგვეხმაროდ და გამოგვიყოთ "ადვოკატი"!!!

ველოდებით თქვენს გულისხმიერ პასუხს ჩვენს წერილზე!!!"
XS
SM
MD
LG