ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეზღვაურების პრობლემები გვარდება


ეკიპაჟის წევრებს იმედი აქვთ რომ საქართველოში მალე დაბრუნდებიან

„ამერიკის ხმა“ განაგრძობს პანამასთან გაჩერებულ ტანკერზე მყოფი ქართველი მეზღვაურების საკითხით დაინტერესებას. როგორც ცნობილია, მათი ტანკერი -„მარია დელ კარმენ 2“ პანამის სარეიდო სადგომზე, პორტ ბალბოასთან იმყოფება. ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 16 წევრია, მათგან 12 ქართველი მეზღვაური. „მარია დელ კარმენ 2" უკვე სამი თვეა, პანამის სანაპიროდან ხუთი კილომეტრის მოშორებით ზღვაში რეიდზე დგას. მეზღვაურების თქმით, გემი ამორტიზებულ მდგომარეობაშია. ქართველი მეზღვაურები ტანკერზე ბათუმის საზღვაო სააგენტოს - „ფრეგატის" ხელმძღვანელის, ირაკლი დუმბაძის საშუალებით მოხვდნენ. ასევე მეზღვაურებს არ ჰქონდათ საწვავი, უთავდებოდათ საკვები და არ გააჩნდათ სამშობლოში დასაბრუნებელი სახსრები. გუშინ პანამაში მეზღვაურების დასახმარებლად ჩავიდა საქართველოს ელჩი მექსიკაში, ბატონი მალხაზ მიქელაძე. „ამერიკის ხმა“ გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ელჩთან.

ბატონო მალხაზ, რა ვითარებაა ამჟამად გემზე?
მოგესალმებით. ვიმყოფები პანამაში. გუშინ მოვინახულე გემის მფლობელის აგენტი რომელსაც ქალაქ პანამაში გააჩნია ოფისი. ასევე, გემზე მოვინახულე ეკიპაჟი. დღესდღეობით, მფლობელის მხრიდან აღდგა გემის უზრუნველყოფა. გუშინ მიაწოდეს საკვები და საწვავი. თუმცა, საწვავი მცირეა და დღენახევარი ან ორი დღე ეყოფათ, რის შემდეგაც პროცესი უნდა განახლდეს და მფლობელის მხრიდან არის გარკვეული დაპირებები ამის თაობაზე. ზოგადად, გემი საკმაოდ ძველია და მისი ტექნიკური მდგომარეობა სავალალოა. თუმცა, მე ექსპერტი არ ვარ და აქ უკვე დავეყრდნობი გემის კაპიტნის პოზიციას, რომ მისი ტრანსპორტირება საკმაოდ გართულებული იქნება შემდგომ მარშრუტზე. ქართველი ბიჭების ჯანმრთელობა ნორმალურია და იმედი აქვთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხელფასების ანაზღაურება, რისი შეთანხმებაც უნდა მოხდეს მეზღვაურებსა და გემის მფლობელ კომპანიას შორის.

საუბარია ნიგერიულ კომპანიაზე?
ეს არის ნიგერიული კომპანია, რომლის წარმომადგენელმა დამარწმუნა, რომ მიმდინარეობს კალკულაცია თუ რამდენი უნდა გადაეხადოს მეზღვაურებს, რაც, სავარაუდოდ, დასრულდება ამ დღეებში და განხორციელდება ერთ კვირაში. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს თუ რამდენად შეთანხმდებიან მხარეები იმ ოდენობაზე, რაც უნდა გადაეხადოს მეზღვაურებს. ამას გვიჩვენებს მომავალი და ის პროცესი, რაც მოლაპარაკებით წარიმართება. საელჩოს და საკონსულოს შეუძლია შუამდგომლობა, თხოვნით მიმართვა, თუმცა, მთავარი გადაწყვეტილება მხარეებზეა დამოკიდებული.

მეზღვაურების კიდევ ერთი მოთხოვნაა სამშობლოში დაბრუნება. მოგეხსენებათ, მათი პირობები რთულია. რა პრობლემას წარმოადგენს მათი ნაპირზე გადაყვანა და ხმელეთზე დაბრუნება?
რადგან ლოჯისტიკური უზრუნველყოფა აღდგა, გემის მფლობელმა დაიქირავა კატარღა, რომელმაც გადმოიყვანა მეზღვაურების ჯგუფი ნაპირზე, შეიძინეს საკვები და უკან გემზე დაბრუნდნენ. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, კერძოდ გუშინ და დღეს ეს პრობლემა არ იყო. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, გემის მფლობელის განცხადებით, თუკი ხელფასებმა დააკმაყოფილა მეზღვაურები და ურთიერთგაგება იქნა მიღწეული ხელფასების ოდენობის მხრივ, შემდეგ ის უკვე უზრუნველყოფს მეზღვაურების ავიაფრენით გამომგზავრებას საქართველოში.

რამდენადაც ვიცით, მათი კონტრაქტების ვადა ამოწურულია.
დიახ, ეს არის ლეგალური პრობლემები. არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში გამოვხატო ჩემი აზრი, რადგან ეს საზღვაო სამართლის სპეციალისტების თემაა. თუმცა, არსებული პრაქტიკის მიხედვით ხელფასების დაფარვა ხდება იმ ვადამდე, ვიდრე ეკიპაჟი იმყოფება გემზე. ამას გარდა, მეზღვაურებს კონტრაქტი ქონდათ შუამავალ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელიც ვალდებული იყო გაერემონტებინა გემი ეკვადორში და შემდეგ განეხორციელებინა მისი ნავიგაცია ნიგერიის ნაპირამდე. თუმცა, მოხდა შეუთანხმებლობა გემის მფლობელსა და შუამავალ კომპანიას შორის, რომელმაც, მეზღვაურების და გემთმფლობელი კომპანიის აგენტის თანახმად, არ განახორციელა ყველა ის სამუშაო, რაც საჭირო იყო. ამდენად, ყველა პრობლემა წარმოიშვა მისგან გამომდინარე.

„ამერიკის ხმა“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა პანამაში გაჩერებულ გემზე მყოფ ქართულ ეკიპაჟს და კაპიტნის თანაშემწეს დავით ბარქაიას ესაუბრა.

როგორ აფასებთ სქართველოს ელჩის ვიზიტს თქვენთან და რამდენად სრულდება თქვენი მოთხოვნები?
გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე, საქართველოს ელჩი გვესტუმრა სურსათით. გვქონდა ხანგრძლივი საუბარი. მოგვისმინა მთელ ეკიპაჟს. მაქსიმალურად გვპირდებიან დახმარებას. პირველ რიგში, პროდუქტებით, საწვავით და წყლით. აი ახლა ამ წუთას, ბარჟამ დაახლოებით 100 ტონა წყალი მოგვიტანა.

შეიძლება ითქვას თუ არა, რომ თქვენი პრობლემების მოგვარება დაწყებულია?
კი. დაგვპირდნენ მაქსიმალურ დახმარებას. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რადგან საქართველოს მთავრობა უკვე ჩაერთო ამ საქმეში და ვიმედოვნებთ, რომ წინსვლა გვექნება, ავიღებთ ჩვენს კუთვნილ ხელფასებს და გავფრინდებით სახლში.
XS
SM
MD
LG