ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მეზღვაურები დახმარების მოლოდინში


ფოტო პირველად გამოქვენდა რადიო „თავისუფლების" ვებგვერდზე

ჟურნალისტების გარდა მეზღვაურებისთვის არავის დაურეკავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ქართველ მეზღვაურთა ეკიპაჟი კვლავ შველას ითხოვს. მათი ტანკერი - „მარია დელ კარმენ 2“ პანამის სარეიდო სადგომზე, პორტ ბალბოასთან იმყოფება. ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება, მათგან 12 ქართველი მეზღვაურია. „მარია დელ კარმენ 2" უკვე სამი თვეა, პანამის სანაპიროდან ხუთი კილომეტრის მოშორებით ზღვაში იმყოფება. მეზღვაურების თქმით, გემი ამორტიზებულ მდგომარეობაშია. ქართველი მეზღვაურები ტანკერზე ბათუმის საზღვაო სააგენტოს - „ფრეგატის" ხელმძღვანელის, ირაკლი დუმბაძის საშუალებით მოხვდნენ. ჩვენ გემზე მყოფ ქართველ მეზღვაურებს დავუკავშირიდთ და კაპიტნის თანაშემწეს, დავით ბარქაიას ვესაუბრეთ.

„ამერიკის ხმა": ბატონო დავით, რა მდგომარეობაა ახლა გემზე? გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენს მონახულებას გეგმავდა საქართველოს ელჩი მექსიკაში, ბატონი მალხაზ მიქელაძე. იყო თუ არა იგი უკვე თქვენთან?

დავით ბარქაია: არა, დღეს ველოდებით შუადღის მერე. ჩვენი ინფორმაციით შუადღეზე უნდა ჩამოფრინდეს.

„ამერიკის ხმა": რა მდგომარეობაში ხართ ორიოდ სიტყვით რომ გვითხრათ?

დავით ბარქაია: „ჩვენ 17 ნოემბერს მივიღეთ საწვავი, მაგრამ ორი-სამი დღის სამყოფი. სურსათზე რა გითხრათ, ვჭამთ რაც დარჩენილი გვაქვს. სასმელად წვიმის წყალს ვხმარობთ. მეტი ვერაფერს ვერ გეტყვით. დანარჩენი მარტო დაპირებებია, მეტი არაფერი. აქაური, პანამის ხელისუფლება საერთო არაფერში გვეხმარება."

„ამერიკის ხმა": მიღებული საწვავით არ შეგიძლიათ ნაპირამდე მიღწევა?

დავით ბარქაია: „ახლა უკვე არა. ფიზიკურად არ გვეყოფა. დღეში დაახლოებით 500 ლიტრი უნდა გენერატორს და უკვე ორი დღეა ვხმარობთ ამ საწვავს."

„ამერიკის ხმა": ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საწვავის გარდა პრობლემა მდგომარეობს გემის გაუმართაობაშიც. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საწვავის შემთხვევაშიც კი პრობლემაა ნაპირთან მიღწევა?

დავით ბარქაია: „ეგრეც არ არის. ნაპირამდე მიღწევას შევძლებთ. დაახლოებით ორნახევარი-სამი მილია ნაპირამდე."

„ამერიკის ხმა": უფრო გასაგები რომ გახდეს, იქნებ კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბოთ თქვენი პრობლემები რაში მდგომარეობს.

დავით ბარქაია: „ახლა დღესდღეობით, მთელ ეკიპაჟს უნდა თავისი კუთვნილი ხელფასები, რაც ასაღები გვაქვს და ბილეთები სახლში დასაბრუნებლად."

„ამერიკის ხმა": ვისგან ითხოვთ ამას?

დავით ბარქაია: „ადრე ვითხოვდით ირაკლი დუმბაძისგან, ჩვენი მენეჯერისგან. საერთოდ დავიბენით ჩვენ. აღარ ვიცით ვის მივმართოთ და ვის რა მოვთხოვოთ."

„ამერიკის ხმა": იყო საუბარი, რომ ნიგერიელ გემთმფლობელს უჩიოდით.

დავით ბარქაია: „კი, ნამდვილად ეგრეა. მაგრამ ვერ ვუკავშირდებით, ტელეფონები გათიშულია, იმეილები დაბლოკილა."

„ამერიკის ხმა": ბათუმიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე, სანაოსნოდან?

დავით ბარქაია: „ადმინისტრაციიდან კი. მაგრამ ჩვენ ეგ მედიის საშუალებით გავიგეთ. პირადად წერილი არავის გამოუგზავნია."

„ამერიკის ხმა": ანუ საქართველოს ხელისუფლებიდან ჯერ თქვენთან არავინ გამოსულა კონტაქტზე?

დავით ბარქაია: „არა ჟურნალისტების გარდა არავინ."

„ამერიკის ხმა": და საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ ელჩი დღეს მოვა?

დავით ბარქაია: „ეს ინფორმაცია გვაქვს ჟურნალისტებისგან. მათ გარდა საერთოდ არავის დაურეკია. ჩვენ ხშირად გვეკონტაქტება, მე-9 არხი, პირველი არხი, რადიო თავისუფლება."

ტანკერი „მარია დელ კარმენ 2“ ნიგერიის დროშით დაცურავს. „ამერიკის ხმა" შეეცადა გემის ნიგერიული კომპანიასთან - „ოუშენ ქრესთ კომპანის"-თან (Ocean Crest Company) დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ასევე, ჯერჯერობით ვერ დავუკავშირდით საქართველოს ელჩს მექსიკაში, ბატონ მალხაზ მიქელაძეს. სავარაუდოდ, ის უკვე მეზღვაურების მოსანახულებლად მიემართება.
XS
SM
MD
LG