ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათი ქართველი მეზღვაური დახმარებას ალჟირიდან ითხოვს


შვედური ტვირთმზიდი EOS

შვედური კომპანიის კუთნილი გემი EOS 2012 წლის ივლისიდან არის დაკავებული

უკვე ათ თვეზე მეტია ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირის რესპუბლიკაში, პორტუგალიის დროშით მცურავი, მშრალი ტვირთმზიდი EOS-ია დაკავებული. გემზე ათი ქართველი მეზღვაური იმყოფება, რომლებიც შველას ითხოვენ.

6000 ტონა ცემენტით დატვირთული EOS-ი, ჟენჟენის ნავსადგურში, ქალაქ ჟიჟელიდან 7 მილის მოშორებით, 2012 წლის 4 ივლისს შევიდა. ტვირთის შემოწმების შემდეგ კი დაიწყო დავა გემთმფლობელს, დამქირავებელსა და ცემენტის მყიდველს შორის, რომელიც დღეს უკვე ალჟირის სასამართლოში გრძელდება.

EOS-ზე მყოფი ბათუმელი გელა კიზირიას ინფორმაციით, გემთფლობელმა ეკიპაჟი ჯერ კიდევ თებერვალში მიატოვა და საკვები პროდუქტებისა და სასმელი წლის გარეშე დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეზღვაურების სამუშაო კონტრაქტებს ვადა უკვე გაუვიდა, ჟენჟენის ნავსადგურის ადმინისტრაცია სასამართლო დავის დასრულებამდე, მათ პორტის დატოვების უფლებას არ აძლევს.

ნავსადგურის ტერიტორიაზე გამოკეტილი ქართველი მეზღვაურები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. უმრავლესობა ავადმყოფობს. საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე ამბობს:

ეს საკითხი უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა, ვიდრე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსი. თუმცა, კოორდინირებულად არის გამოსავალი მოსაძებნი.

ჯერჯერობით, ერთადერთი რაც მოვახერხეთ, შევატყობინეთ, მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირებს ამ მძიმე სიტუაციის შესახებ. გაირკვა, რომ გემთფმლობელი შვედეთის წარმომადგენელია, გემი კი პორტუგალიის დროშით დაცურავს.

რა თქმა უნდა, შვედურმა კომპანიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ მოაგვაროს იქ არსებული პრობლემები და ჩვენი მეზღვაურები ალჟირიდან სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდნენ.“

1976 წელს აგებული მშრალი ტვირთმზიდი EOS, ამჟამად შვედური კომპანია Emmaboda Shipping-ის საკუთრებაა. 6000 ტონა ცემენტის მიმღები კი ჟენჟენის ნავსადგურში ალჟირულ-თურქული კომპანია H&H იყო.

საზღვაო გზით ცემენტის ტრასპორტირებას მკაცრად გაწერილი ლოჯისტიკა აქვს. როგორც წესი, გადაზიდვა Big-Bag-ის ტიპის მსუბუქი კონტეინერებით ხდება და გადამზიდავის მთავარი ამოცანაა, კონტეინერების ჰერმეტიულობა არ დაირღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი ფუჭდება. არ არის გამორიცხული რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს ალჟირშიც საქმე.

საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა ალჟირთან 1993 წლიდან აქვს, თუმცა არასდროს ჰქონია ამ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ აფრიკის კონტინენტზე საქართველოს ორი საელჩოდან (ეგვიპტე და ეთიოპია) ალჟირს ვერცერთი ფარავს. შესაბამისად, საქართველოს ათი მოქალაქე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას მოკლებულია.

ბათუმელი ერეკლე გუჯაბიძე, რომელიც ალჟირში მყოფი გელა კიზირიას ნათესავია, ამბობს, რომ ქართველ მეზღვაურებს დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ.

„როგორც მომაწოდეს ბიჭებმა ინფორმაცია და ვიცი, თავად ალჟირის ადგილობრივი ხელისუფლება თავს იკავებს ეკიპაჟის განთავისუფლებაზე. შეფერხებას სწორედ ისინი ქმნიან.

ზუსტი პასუხი, რა იქნება და როდის გადაწყდება არ არსებობს. სასამართლო პროცესი გადაიდო. ბოლოს რო ვესაუბრე, ყველა ძალიან ნერვიულობს და ამ ნიადაგზე ჯანმრთელობის მდგომარეობაც სულ უფრო უარესდებათ.“

თითქმის ანალოგიური ისტორია 2010-2011 წლებში, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნულ ტვირთმზიდს „ვასილიოს ნ“-ს, ალჟირის მეზობელ ლიბიაში შეემთხვა. კონფლიქტი გემთფლობელსა და ტვირთმფლობელს შორის ტვირთის დაზიანების გამო წარმოიქმნა.

2010 წლის აპრილში, ხმელთაშუა ზღვაზე ძლიერი ღელვის დროს, „ვასილიოსზე“ არსებული სამშენებლო მასალა დასველდა. ლიბიის პორტ მისრათში კი გაფუჭებული ტვირთის ჩამოტვირთვაზე უარი განაცხადეს. „ვასილიოს ნ“ 11 თვის მანძილზე იყო დაკავებული ლიბიაში, სადაც იმ პერიოდში უსასტიკესი სამოქალაქო ომიც დაიწყო.

2011 წლის 10 მარტს კი, ქართულ-უკრაინულმა ეკიპაჟმა, კაპიტან ივერი ყურაშვილის მეთაურობით ლიბიიდან გაქცევა შეძლო და გემი მალტამდე მიიყვანა.

XS
SM
MD
LG