ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მნიშვნელობა არა აქვს, არიან თუ არა ჩვენი მეზღვაურები დამნაშავეები, ისინი უნდა დავიცვათ“


რომან კაკალაძე, ნუკრი ხოხბა და გენადი კომახიძე ტაჯურას ციხეში, ლიბია

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ლიბიის სახელწიფოს ციხეებში ამ დრომდე საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ოთხივე მათგანი მეზღვაურია. „ამერიკის ხმამ“ მათი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ რამდენჯერმე მოგითხოთ, მათ შორის 2018 წლის იანვრის ბოლოს, როცა ტაჯურას ციხეში ქართველი პატიმრების ჩაწერა შევძელით.

ბათუმელი სოსლან კაკაბაძე უკვე ორი წელი და ხუთი თვეა ლიბიაში სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. ის მალტურ მცირე ტანკერ Sovereign M-ზე მზარეულად მუშაობდა და 2015 წლის აგვისტოში დააკავეს.

ბერძნული ტანკერის REX-ის კაპიტანი გენადი კომახიძე, მეზღვაურები რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა კი მეხუთე თვეა დაპატიმრებულნი არიან, მათი საქმე ჯერ წინასაგამოძიებო პროსცესშია. ოთხივე მათგანს ლიბიის პროკურატურა უკანო გადაზიდვებს და საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.

როგორ იცავს ქართული სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს საზღვარგარეთ და რა სირთულეებს აწყდება საგარეო უწყება კონკრეტულად ლიბიაში, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს?

ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვლადიმერ კონსტანტინიდს ესაუბრა, საქართველოს ყოფილ ელჩს ავსტრალიასა და კვიპროსში.

თუ არის რაიმე დამაიმედებელი სიგნალი ლიბიიდან, პირველ რიგში, ვგულისხმობ, სოსლან კაკაბაძეს, რომელიც 2 წელზე მეტია ლიბიის ციხეში ზის. რატომ გაიწელა ეს პროცესი ასე უსაშველოდ?

თავი და თავი ამ უმძიმესი პრობლემისა არის ლიბიაში არსებული ქაოსური ვითარება. ამ ორი წლის მანძილზე, ყოველ ჯერზე ხდებოდა სასამართლო პროცესის გადადება იმ მოტივით, რომ ვერ ხერხდებოდა ქალაქ ელ-ზავიადან დედაქალაქ ტრიპოლიმდე სოსლან კაკაბაძის ეტაპირება. სასამართლო სწორედ ტრიპოლიში უნდა გამართულიყო.

მიზეზად ლიბიური მხარე მუდმივად ასახელებდა ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას და დიდი ხნის მანძილზე, შეუძლებლად მიიჩნევდა პატიმრის გადმოყვანას. ეს მოხერხდა მხოლოდ შარშან, ნოემბერში, მას შემდეგ რაც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლიბიელ კოლეგას დაურეკა. ამის მერე კაკაბაძე ტრიპოლთან ახლოს მდებარე ციხეში იმყოფება.

ამჯერად ველოდებით სასამართლო პროცესის დანიშვნას. ლიბიური მხარე შეგვპირდა რომ ეს თებერვლის თვეში აუცილებლად მოხდება. ლიბიის უმაღლესმა იუსტიციის საბჭომ უკვე გამოყო ამ საქმეზე მოსამართლე. არ არის გამორიცხული რომ რამდენიმე პროცესი გაიმართოს, თუმცა გვაიმედებენ, რომ სასამართლო დიდი ალბათობით, კაკაბაძის გათავისუფლებით დასრულდება.

სოსლან კაკაბაძე დაპატიმრებამდე და ლიბიის ელ-ზავიას ციხეში
სოსლან კაკაბაძე დაპატიმრებამდე და ლიბიის ელ-ზავიას ციხეში

სოსლან კაკაბაძის მეუღლემ გვითხრა, რომ რამდენიმე თვეა ქმრის ხმა არ გაუგია. პატიმართან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ გაქვთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ლიბიაში უნგრეთის საელჩოდან ვიღებთ ინფორმაციას, არის დამაკმაყოფილებელი. თუმცა, ლიბიის ციხეებში ზოგადი ვითარება ჰუმანიტარული კუთხით იმდენად მძიმეა, რომ ეს ინფორმაცია პირობითად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მართალია, ის პირობები, რაც მას ელ-ზავიას ციხეში ჰქონდა გაცილებით მძიმე იყო და ახლა შედარებით უკეთეს პირობებშია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

როგორც ვიცი, კაკაბაძეს დანარჩენი სამი ქართველი მეზღვაურისგან განსხვავებით, საკვებისა და წყლის შესაძენი ფული საქართველოდან ლიბიაში არ ეგზავნება, რა არის ამის მიზეზი?

თავად კაკაბაძის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. რამდენადაც ჩვენ გვითხრეს, იმ ციხის პირობები, სადაც კაკაბაძეა მოთავსებული უკეთესია, იმ ციხესთან შედარებით სადაც დანარჩენი ჩვენი სამი მეზღვაური ზის. ჩვენი ინფორმაციით, მას წყლისა და საკვების პრობლემა როგორც გვეუბნებიან არ აქვს.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ტაჯურას ციხეში მყოფი სამი მეზღვაური ამბობს, რომ ხუთი თვის მანძილზე, რამდენჯერ იშიმშილეს და უწყლოდ უმძიმესი დღეები გადაიტანეს. რატომ ვერ მოხერხდა ჩვენი მოქალაქეების დროული მომარაგება წყლითა და საკვებით?

ლიბიაში სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს. ამ ურთულესი კონტექსტის გათვალისწინება, როცა ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა დაკავებულმა მოქალაქეებმა პირველი კონტაქტისას გვითხრეს, რომ ციხეში არც წყალი ყოფნიდათ და არც საჭმელი. ამის შესახებ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ლიბიაში უნგრეთის საელჩოს ოფიციალურად ვთხოვეთ ჩვენი მეზღვაურების საკონსულო დაცვის განხორციელება. ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებთან ერთად იქ თურქეთის მოქალაქეებიც არიან დაკავებულები, თურქეთის საელჩოს ვთხოვეთ ელემენტარული ჰუმანიტარული პირობების მოგვარება. ეს გავაკეთეთ ანკარაში ჩვენი ელჩის მეშვეობით და შემდეგ თბილისში, საკონსულტაციო შეხვედრაზეც.

თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები პერიოდულად შედიან ციხეში. თავიანთი პატიმრებისთვის ყიდულობენ და შეაქვთ საკვები. ანალოგიურის გაკეთება ვთხოვეთ ჩვენი პატიმრებისთვისაც. მათ ეს რამდენჯერმე გააკეთეს, ერთხელ მედიკამენტები შეუტანეს ჩვენებს, მეორედ, ერთი ჩვენი მეზღვაური გამოკვლევაზეც გაიყვანეს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

თუმცა, ვადასტურებ, რომ რამდენჯერმე მართლაც მოხდა შეფერხება ლიბიაში არსებული საომარი ვითარების გამო, მთლიანად ციხე ვერ მარაგდებოდა იმ დღეებში, ალყაში იყო ის რაიონი, სადაც ციხე მდებარეობს. ამის გამო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს არათუ ჩვენი, საკუთარი მოქალაქეების მომარაგებაც უჭირდათ.

ამაზე პირადად მივეცი განმარტებები, როგორც პატიმრების ოჯახის წევრებს, ისე თავად პატიმრებს. რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ყოველთვის ითხოვენ დროულ ჩარევას და შველას, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიბიაში არსებული ვითარების გამო ხშირად ეს ვერ ხერხდება.

დაკავებული მეზღვაურების მხრიდან იყო პრეტენზია ფულად გადარიცხვებთანაც დაკავშირებითაც...

ჩვენ თავიდანვე ვთხოვეთ ამ მექანიზმის ამოქმედება თურქულ მხარეს, რომ ფულადი გადარიცხვა მათი მეშვეობით მომხდარიყო. პარალელურად, თავად დაკავებულებმა, ადგილზე მოითხოვეს შესაბამისი ანგარიშის ნომერი, რომელზეც სამი ტრანზაქცია საქართველოდან უკვე განხორციელდა. მცირე შეფერხებებით, მაგრამ იქაური საზომით, მაინც დროულად, მიიღეს ეს თანხები. ფულად გზავნილთან დაკავშირებული თემა ამ ეტაპისთვის ამოწურულია.

მცირე ტანკერი REX, რომელსაც ქართველი კაპიტანი მართავდა და რომელიც ლიბიაში 2017 წლის აგვისტოში დააკავეს
მცირე ტანკერი REX, რომელსაც ქართველი კაპიტანი მართავდა და რომელიც ლიბიაში 2017 წლის აგვისტოში დააკავეს

ლიბიაში დაკავებულები ამბობენ, რომ საგარეო უწყებასთან და თქვენს მიერ დაქირავებულ ლიბიელ ადვოკატთან ურთიერთობით გაუჩნდათ განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს მათი უდანაშაულობის არ სჯერა. როგორია ამ თემაზე სამინისტროს პოზიცია?

საქართველოს მოქალაქეებს ორი სერიოზული ბრალდება აქვთ წაყენებული - ლიბიის საზღვაო სივრცის უკანონო დარღვევა და ნავთობის უკანონო გადაზიდვა. ლიბიაში ნავთობით ვაჭრობაზე შეზღუდვები მოქმედებს და ასეთი დანაშაულის მიმართ მიდგომები არის შედარებით მკაცრი, ვიდრე სხვა დანაშაულის შემთხვევაში.

აქედან ძნელია იმის მტკიცება, რამდენად შეიცავს ჩვენი მეზღვაურების მოქმედება დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ჩვენი საერთო აზრია, რომ ამ პოზიციიდან არ უნდა გამოვიდეთ. მიუხედავად იმისა, მათ დანაშაული აქვთ თუ არა ჩადენილი, ჩვენ თანაბარი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ მათი უფლებების დაცვას და ყველაფერი უნდა გავაკეთოდ რომ ისინი სამშობლოში დროულად დაბრუნდნენ.

ლიბიაში სტანდარტული წინასაგამოძიებო მოქმედებებისთვის გამოყოფილია 9 თვე, თუმცა იქვე მითითებულია, რომ თუ გამოძიებისთვის საჭირო გახდა, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს.

ამ დროისთვის მიდის ჩვენი მეზღვაურების ინტენსიური დაკითხვა, მე ყოველდღიურ კავშირზე ვარ მათთან. გამოძიება დასკვით სტადიაშია და შემდეგ საქმე საბრალდებო პალატას უნდა გადაეცეს. თუმცა სხვა უცხოელი პატიმრებისგან ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი წლობით ელოდებიან სასამართლო პროცესს, რაც ამ ქვეყნის სამწუხარო რეალობაა.

ქართველი მეზღვაურები დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებული ლიბიელი ადვოკატის მოქმედებითაც, რომ იგი არ ესწრება დაკითხვის პროცესს, არ მიდის ციხეში. თუ აპირებთ ადვოკატის შეცვლას?

გუშინწინ, ლიბიის საადვოკატო ფირმის ხელმძღვანელს, რომლის ადვოკატიც იცავს ჩვენი მეზღვაურების ინტერესებს, ქაიროში შეხვდა საქართველოს ელჩი ეგვიპტეში, იქ დეტალური საუბარი გაიმართა სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. საადვოკატო ფირმის ხელძღვანელმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ საქმის მიმდინარეობაზე კონტროლს ამიერიდან თავად განახორციელებს. ჩვენ ეს საკითხი მაშინვე წამოვწიეთ, რაც მეზღვაურებმა ადვოკატის პასიურობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.

ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში ძალიან გაურთულდა. როგორ აპირებთ ამ რთული პრობლემის მოგვარებას?

გემის კაპიტან კომახიძეს აქვს თიაქართან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვცდილობთ, შესაბამისი სამედიცინო კლინიკის შერჩევას, რაც ისევ და ისევ, ლიბიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული პროცესია.

მალტური მცირე ტანკერი Sovereign M, რომელზეც სოსლან კაკაბაძე მზარეულად მუშაობდა
მალტური მცირე ტანკერი Sovereign M, რომელზეც სოსლან კაკაბაძე მზარეულად მუშაობდა

როგორც ვიცი, ორივე შემთხვევაში ეკიპაჟი გემთმფლობელებმა ფაქტიურად მიატოვეს და ტანკერების დაპატიმრების შემდეგ, მეზღვაურების უფლებებს აღარ იცავენ, არც ხელფასს უხდიან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თუ შეძლო მათთან კონტაქტზე გასვლა?

როგორც მალტური Sovereign M-ის, ისე თურქულ-ბერძნული REX-ის გემთმფლობელები საეჭვო რეპუტაციის კომპანიები არიან, მას შემდეგ, რაც გემები ლიბიაში დააპატიმრეს და გამოჩნდა რომ მეზღვაურებს დაპატიმრების საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ისინი იმის ნაცვლად რომ ეკიპაჟს გვერდში დადგომოდნენ, კონტაქტზეც კი აღარ გამოდიან.

ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ პარტნიორ ქვეყნებს რომ მომხდარიყო ამ კომპანიების იდენტიფიცირება, მაგრამ ამ მიმართულებით რაიმე პროგრესი არ გვაქვს. REX-თან დაკავშირებით არის ვარაუდი, რომ გემთმფლობელი რეგისტრირებული შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, რომელიც თვითაღიარებული ანკლავია და ფაქტობრივად შავი ხვრელია.

ზღვაზე და ნაოსნობაში დაუწერელი კანონია, რომ გემთმფლობელმა ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაიცვას საკუთარი ეკიპაჟი და მეზღვაური. ამ შემთხვევაში კი ისინი შენიღბვას განაგრძობენ, არც დაკავებულ მეზღვაურებთან, არც მათი ოჯახის წევრებთან და არც ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდიან.

ვლადიმერ კონსტანტინიდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ვლადიმერ კონსტანტინიდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG