ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო: ლიბიაში გამგზავრება საშიშია თქვენი სიცოცხლისთვის


თურქული ბალკერის Dogan Bey-ის ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის სიკვდილი ლიბიაში ბურუსით არის მოცული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოქალაქეებს მოუწოდეს, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე, ლიბიის სახელმწიფოში, „უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო,“ გამგზავრებისა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო გზით გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.

რეკომენდაცია პირველ რიგში მეზღვაურებს ეხებათ - „თქვენ უფლება გაქვთ გემის კაპიტნისგან მიიღოთ ინფორმაცია მომეტებული რისკის ზონაში წასვლის წინ; თავად მიიღოთ გადაწყვეტილება გააგრძელებთ თუ არა ნაოსნობას; თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი დაბრუნება სამშობლოში უახლოესი უსაფრთხო ნავსადგურიდან“ - აფრთხილებს ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

21 იანვარს, ლიბიაში 23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი იპოვეს. რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ ბალკერ Dogan Bey-ზე კიდევ ორ ქართველ მეზღვაურთან ერთად მუშაობდა.

Dogan Bey, რომელიც ნაშალი და ზვინული ტვირთის გადაზიდვაზე სპეციალიზირებული გემია, საფრანგეთისა და ესპანეთის პორტების გავლით, ლიბიის პორტ მისრათაში 2018 წლის 27 დეკემბერს შევიდა. 7 იანვარს გამთენიისას კი რაზმაძე გემის სამანქანო განყოფილებაში ვახტზე მორიგეობისას გაუჩინარდა.

Dogan Bey-ის ქართველი მეზღვაურები, დავით რაზმაძის სიკვდილამდე 10 დღით ადრე, მისრათას პორტი, 28.12.2018
Dogan Bey-ის ქართველი მეზღვაურები, დავით რაზმაძის სიკვდილამდე 10 დღით ადრე, მისრათას პორტი, 28.12.2018

გემთმფლობელმა თურქულმა კონგლომერატმა Kaman Denizcilik-მა ქართველი მეზღვაურის დაკარგვის შესახებ ოჯახს მხოლოდ 14 იანვარს აცნობა. გვამი ერთი კვირის შემდეგ, მისრათას Qasr Ahmad-ის პორტის ტერიტორიაზე, ზღვაში აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ბიძა იასონ ცეცხლაძე ფიქრობს, რომ მისი დისშვილი მოკლულია.

ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ თავი მოიკლა, ეს გამორიცხულია. სათვალთვალო კამერებში არ ჩანს, რომ გემს ტოვებდეს, მისი ყველა ნივთი კაიუტაში იყო. ვფიქრობ, რომ მოკლეს და ზღვაში გადააგდეს"
იასონ ცეცხლაძე, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის ბიძა

„უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. რატომ იყო ვატხზე მარტო? რატომ დაიწყეს ძებნა დაგვიანებით? რატომ შეგვატყობინეს ასე გვიან დათუნას დაკარგვის ამბავი? როცა ოჯახმა ხმაური ავტეხეთ, როგორ იპოვეს ასე უცებ ცხედარი? ჩემთვის ყველა ეჭვმიტანილია, გემის კაპიტანი, ეკიპაჟის წევრები და ლიბიის პორტის თანამშომლებიც. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ გემზე კონფლიქტი ჰქონდა და კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

ახლა ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ თავი მოიკლა, ეს გამორიცხულია. სათვალთვალო კამერებში არ ჩანს, რომ გემი დატოვა, მისი ყველა ნივთი კაიუტაში იყო. ვფიქრობ მოკლეს და ზღვაში გადააგდეს. ახლა მისრათაში გამოძიება და ექსპერტიზა მიდის, დაკითხეს ეკიპაჟის წევრებიც.

სავარაუდოდ, თებერვლის მეორე კვირაში შევძლებთ გადმოსვენებას, აქ ცხედარს ექსპერტიზას ხელახლა ჩავუტარებთ, უმორჩილესად, ვთხოვ, ჩვენს სახელმწიფოს დაგვიდგეს მხარში, რათა სიმართლე დადგინდეს.“

ლიბიური პრესის ცნობით, 7-8 იანვარს, როცა ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა, მისრათას პორტის ტერიტორიაზე ორი სპეცოპერაცია ჩატარდა, თურქეთიდან შემოსული კონტეინერების ჩხრეკისას, ნარკოტიკების და იარაღის დიდი პარტია ამოიღეს. თუმცა, კავშირი ამ ამბებსა და მისრათას პორტში მდგომ Dogan Bey-ზე მეზღვაურის დაკარგვას შორის დადგენილი არ არის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ ლიბიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ქმედითი დახმარება გაუწიოს.

უკვე წელიწადი და 5 თვეა, მისრათადან 200 კმ-ით მოშორებულ ლიბიის პატარა ქალაქ ტაჯურას ციხეში (დედაქალაქ ტრიპოლთან ახლოს) ორი ქართველი მეზღვაურია გამოკეტილი. მცირე სანავთობო ტანკერ „რექსის“ კაპიტანი 56 წლის გენადი კომახიძე და მისი 31 წლის თანაშემწე რომან კაკალაძე.

ლიბიის ტაჯურას ციხის ქართველი ტყვეები: რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე
ლიბიის ტაჯურას ციხის ქართველი ტყვეები: რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე

ლიბიის სანაპირო დაცვამ „რექსი“ 2017 წლის 30 აგვისტოს ნეიტრალურ წყლებში ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. ტანკერი დიზელით ლიბიის პორტ აბუ კამაშში დაიტვირთა და ტვირთი კვიპროსში მიჰქონდა.

საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ. ორივე მათგანს მიაჩნია, რომ „რექსის“ გემთმფლობელისა და მისი ლიბიელი ლობისტების კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ. „რექსის“ ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, თურქეთის - ხუთ, ინდოეთის - ორ და საქართველოს ერთ მოქალაქეს მეზღვაურ ნუკრი ხოხბას ლიბიის პროკურატურამ ბრალი 2018 წლის მარტში მოუხსნა და გაანთავისუფლა.

ტაჯურას ციხეში დარჩენილი კომახიძე და კაკალაძე უმძიმეს პირობებში ჰყავთ, არ ჰყოფნით სასმელი წყალი, კვება, არ აქვთ სამედიცინო მომსახურება. ორივე მათგანს თავი საქართველოდან, მათივე ოჯახების მიერ ყოველთვიურად გადარიცხული ფულით (30-50$) გააქვთ.

დეკემბერში, ლიბიელმა თანამესაკნემ რომან კაკალაძეს ფულისა და საკვების წართმევის მიზნით მძიმე დაზიანებები მიაყენა, ქართველი მეზღვაური სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმას შემთხვევით გადაურჩა.

საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე უშედეგოდ ელიან სასამართლო პროცესის გამართვას, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე, 11-ჯერ გადაიდო, ბოლოს 13 იანვარს.

ჩვენი მეზღვაურების ინტერესებს საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული ლიბიელი ადვოკატი იცავს, თუმცა ქართველები მისი მუშაობით უკიდურესად უკმაყოფილო არიან. რომან კაკალაძემ ციხიდან კერძოდ მოგვწერა:

სასამართლო პროცესზე სულ ერთი და იგივე ხდება, ჩაინიშნება, მიგვიყვანენ, მოსამართლე ჩვენს საქმეს ეგრევე გვერდზე გადადებს და სხდომა გადაიდოო იტყვის. ეს ადვოკატი ხმას არ იღებს. შეიძლება გავგიჟდეთ ისეთ არანორმალურ ქვეყანაში ვართ. მოუსჯელად გვახდევინებენ სასჯელს
დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგვიდენია, პატრონი არ გვყავს“
რომან კაკალაძე, ლიბიაში დაპატიმრებული ქართველი მეზღვაური

„ლიბიელი ადვოკატი ნორმალურად სალაპარაკოდ არ გვიჯდება. დარწმუნებული ვარ რომ ლიბიის პროკურატურის ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე ჩვენსას. სასამართლო პროცესზე სულ ერთი და იგივე ხდება, ჩაინიშნება, მიგვიყვანენ, მოსამართლე ჩვენს საქმეს ეგრევე გვერდზე გადადებს და სხდომა გადაიდოო იტყვის. ეს ადვოკატი ხმას არ იღებს. შეიძლება გავგიჟდეთ ისეთ არანორმალურ ქვეყანაში ვართ. მოუსჯელად გვახდევინებენ სასჯელს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგვიდენია, პატრონი არ გვყავს.“

ლიბიაში ანალოგიური ბრალდებით (ნავთობის კონტრაბანდა), უმძიმესი რეჟიმის ციხეებში, ჯამში 2 წელი და 7 თვე საქართველოს მოქალაქე სოსლან კაკაბაძემაც გაატარა. იგი ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე კოკად (მზარეულად) მუშაობდა, როცა 2015 წლის 24 აგვისტოს დააკავეს და მისი გამოხსნა ტყვეობიდან მხოლოდ 2018 წლის აპრილის ბოლოს მოხერხდა. ამდენი ხნის მანძილზე კაკაბაძეც "წინასწარ პატიმრობაში" იყო და ლიბიის „სასამართლომ“ საბოლოოდ „უდანაშაულოდ სცნო“.

2010 წლის აპრილიდან 2011 წლის მარტამდე, მისრათას პორტში, იძულებით, ტვირთმზიდი Vasilios N-იც იყო გაჩერებული, რომელზეც ექვსმა ქართველმა მეზღვაურმა 11 უმძიმესი თვე დაჰყო და ბოლოს გაქცევით უშველა თავს.

ნაცრისფერი - „ლიბიის ეროვნული არმიის“ კონტროლის არეალი, მწვანე - “ეროვნული თანხმობის მთავრობის”, წითელი - ტუბის ხალხის ფრონტი, შავი - „ალ ყაიდას“ და "ისლამური სახელმწიფოს" გავლენის ზონა, ყვითელი - ტუარეგების სამფლობელო
ნაცრისფერი - „ლიბიის ეროვნული არმიის“ კონტროლის არეალი, მწვანე - “ეროვნული თანხმობის მთავრობის”, წითელი - ტუბის ხალხის ფრონტი, შავი - „ალ ყაიდას“ და "ისლამური სახელმწიფოს" გავლენის ზონა, ყვითელი - ტუარეგების სამფლობელო

მუამარ კადაფის 42 წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2011 წლიდან, ლიბია სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომშია გახვეული და რამდენიმე ნაწილად დაშლილი. ნავთობისა და გაზის მარაგებით მდიდარი, ამჟამად ეკი კონომიკურ და პოლიტიკურ კოლაფსში მყოფ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის რამდენიმე დიდი და მცირე დაჯგუფება იბრძვის:

მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებული “ეროვნული თანხმობის მთავრობა” (GNA), „ტობრუკის მთავრობა“, რომელსაც "ლიბიის ეროვნული არმია" (LNA) და რუსეთი უჭერს მხარს, ტერორისტული ორგანიზაცია „ძმები მუსლიმების“ განაყოფი „საერთო ეროვნული კონგრესი“, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ყაიდას“ მაღრიბული განაყოფი „ანსარ ალ შარია“ და „ისლამური სახელმწიფო“. ასევე მნიშვნელოვან სამხედრო ძალას წარმოადგენენ - ტუბუს ხალხის "ფრონტი", ტუარეგების რაზმები, „მისრათას ბრიგადები“ და „ბენღაზის ბრიგადები“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG