ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია: ერთი ქართველი გამოუშვეს, სამი ციხეში რჩება


ბათუმელი მეზღვაური ნუკრი ხოხბა ლიბიის ციხიდან გათავისუფლდა

თითქმის შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, ლიბიის პროკურატურამ ტანკერ REX-ის ეკიპაჟის რვა წევრს, თურქეთის - ხუთ, ინდოეთის - ორ და საქართველოს - ერთ მოქალაქეს ნუკრი ხოხბას ყველა ბრალდება მოუხსნა და ტაჯურას ციხიდან გაათავისუფლა. ბათუმელი მეზღვაური სამშობლოში გუშინ დაბრუნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნულ-თურქული კომპანიის კუთვნილი მცირე სანავთობო ტანკერი REX, რომელსაც ქართველი კაპიტანი გენადი კომახიძე მართავდა, ლიბიის სანაპირო დაცვამ 2017 წლის 30 აგვისტოს, ზუვარას პორტიდან გასვლის შემდეგ დააკავა.

ლიბიური მხარის მტკიცებით, REX-ის კაპიტანს არ აღმოაჩნდა, ზუვარაში ჩატვირთული 806 ტონა დიზელის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები - Master Receipt და Manifest. ამის გამო ტანკერის მთელი ეკიპაჟი ნავთობის კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს და ტაჯურას ციხეში მოათავსეს.

შვიდთვიანი გამოძიების შემდეგ მეზღვაურებს ყველა ბრალდება მოუხსნეს, ციხეში მხოლოდ ტანკერის კაპიტანი გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე რომან კაკალაძე დატოვეს.

ნუკრი ხოხბამ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა
ნუკრი ხოხბამ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა

ბათუმში დაბრუნებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა ამბობს, რომ აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგილზე საქართველოს მოქალაქეების დაცვის საკითხში უფრო აქტიურად ჩაერთოს:

იყო პერიოდი როცა საჭმელიც არ გვქონდა და წვიმას ველოდით რომ წყალი დაგველია, მაგრამ უფრო მძიმეა იმის გაცნობიერება რომ ლიბიის ციხიდან შეიძლება რამდენიმე წლის მანძილზე ვერ გააღწიო. იქ ყველა გატყუებს.“
ნუკრი ხოხბა, ბათუმელი მეზღვაური

„ტაჯურას ციხეში უმძიმესი ვითარებაა. იყო პერიოდი როცა საჭმელიც არ გვქონდა და წვიმას ველოდით რომ წყალი დაგველია, ყველა პატიმარი ასეთ დღეში იყო. ამას როგორღაც ვუძლებდით, მაგრამ უფრო მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ლიბიის ციხიდან შეიძლება რამდენიმე წლის მანძილზე ვერ გააღწიო.

ჩემი თხოვნაა რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლიბიაში ჩავიდნენ ციხეში დარჩენილ ჩვენს მეზღაურებს გვერდში დაუდგენენ და ადგილზე დააკვირდნენ პროცესს, დაელაპარაკონ ადვოკატს, იქ თუ არავინ ჩავიდა, ეს გამოძიება და სასამართლო შეიძლება უსაშველოდ გაიწელოს.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხოხბას გათავისუფლების საფუძველი „ბრალდების ნაწილში ტანკერის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა გახდა, ხოლო გემის კაპიტნისა და თანაშემწის საქმე ლიბიის საბრალდებო პალატას გადაეცა და სასამართლო ძიება გაგრძელდება.“

ტანკერ REX-ის კაპიტანი გენადი კომახიძე და თანაშემწე რომან კაკალაძე ტაჯურას ციხეში რჩებიან
ტანკერ REX-ის კაპიტანი გენადი კომახიძე და თანაშემწე რომან კაკალაძე ტაჯურას ციხეში რჩებიან

ტაჯურას ციხეში დარჩენილი ტანკერ REX-ის კაპიტანი გენადი კომახიძე და მისი თანაშემწე რომან კაკალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ზუვარას პორტში დიზელით დატვირთვის შემდეგ, კაპიტანმა კომახიძემ საზღვაო წესის მიხედვით, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა, თუმცა ტვირთის გამგზავნმა ამ დოკუმენტაციის გაცემაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ, ქართველი კაპიტანი გემთმფლობელ კომპანიას დაუკავშირდა, რომელსაც დიზელის საფასური, წინასწარ ბანკის მეშვეობით გადახდილი ჰქონდა. გემთმფლობელმა მას უბრძანა, რომ პორტი დაეტოვებინა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დარჩენილიყო და ტვირთის დოკუმენტებს უმოკლეს დროში ელექტრონული ფოსტით მიიღებდა. მას შემდეგ რაც ტანკერმა ზუვარას პორტი დატოვა გემი ლიბიის სანაპირო დაცვამ დააკავა.

ტაჯურას ციხეში მყოფი რომან კაკალაძე „ამერიკის ხმასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მთელი პასუხისმგებლობა გემთმფლობელს უნდა დაეკისროს, რომელმაც კაპიტანს ჯერ პორტის დატოვება უბრძანა, ტანკერის დაპატიმრების შემდეგ კი ეკიპაჟი ლიბიის ციხეში მიატოვა და კონტაქტზე აღარ გამოდის:

მთელი პასუხისმგებლობა არის გემთმფლობელ კომპანიაზე, რომელმაც გვითხრა რომ ტვირთის დოკუმენტაციას ღია ზღვაში მივიღებდით, როგორც კი ინტერნეტთან წვდომა გვექნებოდა. თუმცა, როცა დაგვაკავეს, ლიბიის ციხეში მიგვატოვეს და დაიკარგნენ"
რომან კაკალაძე, ბათუმელი მეზღვაური, ტაჯურას ციხის ტუსაღი

„მე კარგად მესმოდა, კაპიტანი ტელეფონით გემთმფლობელს როგორ ეუბნებოდა ტვირთის დოკუმენტაცია სად არისო, კომპანიის წარმომადგენელმა კი უთხრა პორტიდან გადით და დოკუმენტაციას gmail-ზე გადმოგიგზავნიანო. კაპიტანი ვერაფერს იზამდა ასე უბრძანეს.

მთელი პასუხისმგებლობა არის გემთმფლობელ კომპანიაზე, რომელმაც გვითხრა რომ დოკუმენტაციას ღია ზღვაში მივიღებდით, როგორც კი ინტერნეტთან წვდომა გვექნებოდა. ისიც გვითხრეს, რომ ლიბიის წყლები არ დაგვეტოვებინა, ტუნისში ან სხვაგან სადმე არ შევსულიყავით რომ პრობლემები არ შეგვქმნოდა, თუმცა როცა დაგვაკავეს, ლიბიის ციხეში მიგვატოვეს და დაიკარგნენ.“

ახლო მომავალში ლიბიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ეწვევა - ეს ინფორმაცია დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაადასტურა, მან თქვა, რომ სამინისტრომ ტრიპოლიში გასამგზავრებელი ვიზების საკითხი გადაჭრა.

ქართული დელეგაცია ლიბიურ მხარესთან ტანკერ REX-ის ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწის გარდა, მალტური ტანკერის Sovereign M-ი ქართველი მზარეულის (კოკის) სოსლან კაკაბაძის ურთულესს სამართლებრივ მდგომარეობასაც განიხილავს.

სოსლან კაკაბაძე ორი წელი და შვიდი თვეა ლიბიის ციხეში იტანჯება
სოსლან კაკაბაძე ორი წელი და შვიდი თვეა ლიბიის ციხეში იტანჯება

საქართველოს მოქალაქე ლიბიაში 2015 წლის აგვისტოდან, უკვე ორი წელი და შვიდი თვეა დაპატიმრებული. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე ციხე გამოიცვალა, თუმცა სასამართლო ამ დრომდე არ გამართულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG