ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადმოსცემს თუ არა ავსტრია დავით ჭაკუას საქართველოს ?!


თბილისი დავით ჭაკუას ექსტრადირებას ითხოვს
თბილისი დავით ჭაკუას ექსტრადირებას ითხოვს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს არაერთი მძიმე დანაშაული ბრალდება

მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული - დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით ჭაკუა 23 მარტიდან იძებნებოდა. სამი თვის შემდეგ კი იგი ვენაში, ავსტრიის პოლიციამ დააკავა.

ავსტრიის დედაქალაქში, სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჭაკუას 5000 ევროს გადახდის შემდეგ, გირაო შეეფარდა. ამავე დროს, მას აეკრძალა ავსტრიის ტერიტორიის დატოვება და ვენაში საექსტრადაციო პროცედურების განმხილველი ორგანოს წინაში გამოცხადების ვალდებულება დაეკისრა.

მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, ავსტრიის შესაბამის ორგანოებს, ჭაკუას გადმოცემისთვის საჭირო დოკუმენტაციას „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიაწვდიან:

„ეს პიროვნება დააკავეს 2013 წლის 28 ივნისს, როგორც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი. ჩვენს ამ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ გვაცნობა ავსტრიულმა მხარემ და შემოგვთავაზა, რომ შესაბამისი დოკუმენტიციის მიწოდების შემთხვევაში, დაიწყებდა ექსტრადირების საკითხის განხილვას.

მე ვერ ვხედავ ექსტრადირებისთვის ვერავითარ დამაბრკოლებელ გარემოებას. პირიქით, გვჯერა და დარწმუნებული ვართ რომ ჭაკუას გადმოცემის საკითხი მალე დადებითად გადაწყდება.“

37 წლის დავით ჭაკუა არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას ბრალდება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად,რომელსაც მაშინ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჭირა, ბრალი ასევე ედება 2011 წლის 13 სექტემბერს, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

ცემაში ადანაშაულებს ჭაკუას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი მდივანი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილიც. მისი თქმით, 2007 წლის ოქტომბერში ჭაკუამ და კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ იგი ჯერ სცემეს და შემდეგ კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინეს. (ბოლო ორ ეპიზოდზე ჭაკუას ბრალი ჯერ არ წაყენებია - ზ.წ.)

დავით ჭაკუა ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მათ შორის მთავარი პროკურატურის ინფორმაციას, რომ იგი ავსტრიის პოლიციამ დააკავა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ჭაკუას მეუღლის ნათია გურულის პირად გვერდზე, უკვე დიდი ნახია განთავსებულია, ჭაკუას ვენაში ყოფნის დამადასტურებელი ფოტოსურათები.

თავად ნათია გურულიც, სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირეყტორის მოადგილე იყო. იგი სამსახურიდან „შვებულების დროს სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობის გამო“ რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ჭაკუა საქართველოს სასამართლოს არ ენდობა, ამიტომ ავსტრიის პოლიციას თავად მიმართა და მას ექსტრადირება არ ემუქრება.

„რაც შეეხება მის დაკავებას, ეს არის სრული აბსურდი. იგი თავად ჩაბარდა, გამოცხადდა ვენის პოლიციაში, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. იგი, როგორც ძებნილი არავის დაუკავებია.“

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომელი დავით ჭაკუა სასჯელაღსრულების სისტემაში, 2005 წლის დეკემბრის შემდეგ გამოჩნდა, როცა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალია გახდა. ჭაკუა სწრაფად დაწიანურდა. ჯერ იყო ოპერატიული განყოფილების უფროსი; შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; 2007 წლიდან ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე; 2009 წლიდან ზაფხულიდან კი, მას შემდეგ რაც ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა, ჭაკუამ მისი ადგილი დაიკავა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ჭაკუამ 2012 წლის 18 სექტემბრამდე, ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე იმუშავა. ამ პერიოდში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭაკუა ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. პარალელურად, ჭაკუას სისტემაში უმაღლესი - იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მისი ძმა, დიმიტრი ჭაკუა ხობის რაიონის კუდ-ის უფროსი გახდა (ამჟამად ძმაც ძებნილია - ზ.წ)

ციხის სკანდალური კადრების გავრცელებისთანავე, ჭაკუა თანამდებობიდან გადააყენეს. საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან 4 დღეში, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დავით ჭაკუამ ქვეყანა სარფის გავლით, დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად დატოვა. ორივე მათგანი დღეს ინტერპოლის მიერ იძებნება.
XS
SM
MD
LG