ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი ამერიკელი საზღვაო ქვეითების მოლოდინშია


შეჯიბრი მკლავჭიდში ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის. ვაზიანი, 2012 წელი

ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები „მებრძოლი სული 2013“ ვაზიანში მესამედ გაიმართება

მიმდინარე კვირას, საქართველოში 400-მდე ამერიკელ საზღვაო ქვეითს გადმოისვრიან, რომლებიც უკვე მომავალი კვირიდან, ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ერთობლივი წვრთნა სახელწოდებით „მებრძოლი სული “ (Agile Spirit 2013 ) საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.

2011 წელს თბილისში, რუმინეთში დისლოცირებული, ამერიკის შეიარაღებული ძალების - შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების საზღვაო ქვეითები იყვნენ ჩამოსულნი; შარშან, 11-ე როტაციული ძალების მებრძოლები. 2011 და 2012 წლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებს პარტნიორობა საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითმა ბრიგადამ გაუწია.

ამჯერად, ქართული სარდლობის გადაწყვეტილებით, ამერიკელებთან ერთად წვრთნას, მე-2 ქვეითი ბრიგადის, 23-ე ბატალიონის ჯარისკაცები გაივლიან. ეს ბატალიონი ავღანეთიდან შარშან, ნოემბერში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

ქართულ-ამერიკული წვრთნები ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე 11 მარტს აიღებს სტარტს და 5 აპრილამდე გასტანს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანაში ამ რაოდენობის ამერიკელი სამხედრო ჩამოვა.

თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის G-3 სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე ამბობს:

„იქნება თავდასხმები, აფეთქებები, ჩასაფრებები. დღე და ღამის განმავლოვაში, უწყვეტ რეჟიმში ვგეგმავთ რომ ჩავატაროთ სწავლება. ოპერაციის მთელი რაიონი იქნება ვაზიანის აეროდრომი.

ავღანეთში ჩვენი ოპერაციების შემდგომ, პროცედურის მიხედვით, ჩვენ ვაკეთებთ შეფასებებს თუ როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე; რა ახალ მეთოდებს და ხერხებს იყენებს და ამის ანალიზის შემდეგ, ჩვენ სწავლებებში აუცილებლად ვსვამთ ამ საკითხებს. ასე იქნება ახლაც. სწორედ ის უნდა აითვისოს ჯარისკაცმა, რასთანაც შეიძლება შეხება რეალურად მოუწიოს.“

ერთ-ერთი ბოლო, ამერიკულ-ქართული ერთობლივი, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ავღანეთში თებერვლის ბოლოს განხორციელდა. ჰელმანდის პროვინციაში, სოფელ შურაკაისთან ჩარჩენილი ამერიკული ქვედანაყოფის დასახმარებლად ოპერაცია „დინამიური პარტნიორობა“ დაიგეგმა.

ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მე-7 საბრძოლო პოლკის, მე-2 საინჟინრო ბატალიონს; 1-ლ სატანკო ბატალიონს; მე-2 ლოჯისტიკურ პოლკსა და მსუბუქ ვერტმფრენთა 169-ე ესკადრილიას ზურგს 32-ე და 12-ე ქართული ბატალიონები უმაგრებდნენ.

ქართველებს წითელი და ბამის გზების გაკონტროლება ევალებოდათ. მათ სამოქმედი არეალი 40 კილომეტრს ფარავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია ერთ კვირას გაგრძელდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს:

„დღითი დღე უმჯობესდება ქართველი სამხედროს თავსებადობა NATO-ს ქვეყნების სამხედროებთან. სწორედ ასეთი ტიპის სწავლებებში იხვეწება ასეთი ურთიერთქმედების ცოდნა, უნარ-ჩვევები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია თანამებრძოლის კულტურულ-მენტარლური, ტრადიციული თვისებების გათვიცნობიერება.“

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარ გეგმებს ავღანეთს, ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგაც უკავშირებს. თებერვლის ბოლოს ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანელ კოლეგას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა საქართველოში შესთავაზა.

გენერალმა ბისმილაჰ ხანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქაბული თბილისის წინადადებას დათანხმდა:

„მინდა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა არაერთი წელი გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი სამომავლო გეგმები ავღანელი ოფიცრების საქართველოში ჩამოსვლას ითვალისწინებს. ისინი თქვენს ქვეყანაში წვრთნებს გაივლიან.“

ვაზიანში, ერთობლივი, ქართულ-ამერიკული წვრთნის „მებრძოლი სულის“ დაწყებამდე, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. გუშინ, მათ ვირჯინიაში, აღმოსავლეთის ერთობლივ საექსპედიციო ბაზაზე, ცამეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური, ISAF-ის მისიისთვის, ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისთვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დააჯილდოვეს.

კიდევ ცხრა ამერიკელ საზღვაო ქვეითს კი გადაეცა ქართული მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.“ დაჯილდოვების ცერემონიალში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა ბერიძესთან ერთად, ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კომენდანტის მოადგილე გენერალი ჯონ პაქსტონიც მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG