ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ტიპის რადარები მიაწოდა პენტაგონმა საქართველოს?


მახათას მთაზე Eurocat-C-ს სარადარო სისტემა

წლის ბოლომდე საქართველო თანამედროვე რადარული სისტემებით საკუთარ საზღვაო აკვატორიას სრულად გააკონტროლებს. ამის შესახებ, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მდივნის რეი მაბუსის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება რა ტიპის და რაოდენობის უსაფრთხოების რადარებზეა საუბარი და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, რომელ გეოგრაფიულ წერტილებში მოხდება მათი განთავსება.

საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტი, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში, ამერიკულ-ქართული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. რეი მაბუსი, რომელიც პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და საზღვაო ქვეითთა კორპუსს 2009 წლის ივლისიდან კურირებს, საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

რეი მაბუსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია შავი ზღვის აუზი დაცული იყოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებთან. ჩვენ შევეცდებით მათ დავეხმაროთ პროფესიონალიზმის ამაღლებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში.

ჩვენი მიზანია, რომ შავი ზღვის აუზი იყოს დაცული აკრძალული ნივთების გადადააგილების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისგან. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვას ჰქონდეს ამის ყველა შესაძლებლობა.“

საქართველო შავი ზღვის აუზის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალები უკვე მესამე წელია აღარ ჰყავს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, ქართული ფლოტი მთლიანად განადგურდა, ისე, რომ ბრძოლაში ჩაბმაც ვერ მოასწრო.

ფოთის ოკუპაციის შემდეგ, რუსებმა ქართული სამხედრო გემები: „თბილისი“, „წყალტუბო“ და „დიოსკურია“ ფოთის აკვატორიაშივე ჩაძირეს, მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა კი პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს, მათ შორის სარადარო სისტემის ელემენტებიც.

სოფელ შავშებში განადგურებული, რადიოლოკაციური სადგური 36Д6-М, 2008 წლის აგვისტო
სოფელ შავშებში განადგურებული, რადიოლოკაციური სადგური 36Д6-М, 2008 წლის აგვისტო

საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, სამხედრო-საზღვაო ძალების საერთოდ გაუქმება არჩია. ფლოტის გადარჩენილი, მცირე ნაწილი კი ახლადშექმნილ სასაზღვრო პოლიციას დაუქვემდებარა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ნაწილი გახდა. აფხაზეთის ოკუპაციამდე საქართველოს საზღვაო საზღვარი 315 კილომეტრი იყო, დღეს კი მხოლოდ 100 კილომეტრი დარჩა.

ამერიკის მთავრობამ საქართველოს სანაპირო დაცვის რეანიმაციისთვის, დახმარების სამი დიდი პროგრამა შეიმუშავა : „საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების“, „ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთოების“ და „თავდაცვის მეორე ხაზის“. მეოთხე თვეა ფოთში, სანაპირო დაცვის გემების სარემონტო ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც ამერიკული მხარე ოთხი მილიონი დოლარით აფინანსებს. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ბოლო წლებში სრულიად განახლდა და აღიჭურვა უახლოესი ტექნოლოგიებით. და, ამ ხარჯების ასივე პროცენტი საქართველოს ბიუჯეტმა გაიღო, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, სასაზღვრო პოლიციაზე.

ამ მიმართულებით ჩვენი ბიუჯეი მცირედაც კი ვერ შეავსებდა იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ამერიკელი მეგობრები ახორციელებენ. რომ არა მათი დახმარება, ჩვენი სანაპირო დაცვა, საქართველოს საზღვაო საზღვარი იქნებოდა დაუცველი. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ, თანამშრომლობის ერთ-ერთ პროექტს. თანამედროვე რადარული სისტემებით გადაიფარება მთელი ჩვენი საზღვაო აკვატორია, რაც ამ ტერიტორიის კონტროლის მთავარი პირობაა.“

რუსეთმა 2008 წლის ხუთ დღიანი ომის დროს საქართველოს, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულების სარადარო სისტემას მძიმე დარტყმა მიაყენა.

ოკუპანტების ავიაციამ პირველად თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, მახათას მთაზე განლაგებული სამოქალქო დანიშნულების ASR-12-ის კომპლექსი გაანადგურა. ამან ერთის მხრივ, მოსპო შესაძლებლობა ინფორმაცია გაგვეცვალა NATO-ს საჰაერო მონაცემთა სისტემა ASOC-თან (Air Sovereignty Operations Center).

მახათას მთაზე განადგურებული სამოქალქო დანიშნულების ASR-12-ის სარადარო კომპლექსი, 2008 წლის აგვისტო
მახათას მთაზე განადგურებული სამოქალქო დანიშნულების ASR-12-ის სარადარო კომპლექსი, 2008 წლის აგვისტო

მეორეს მხრივ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ დარტყმამ მთელი სარადარო სისტემის კოლაფსი გამოიწვია, ჩვენმა სამხედროებმა ვეღარც რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურ Kolchuga-M-ით ისარგებლეს და ვეღარც უკრაინაში მოდერნიზებული P-180U სადგურებით, რომლებიც ალექსეევკაში, მარნეულში, ბათუმსა და ფოთში იყო განთავსებული.

მოგვიანებით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სუ-34-მა, გორთან ახლოს სოფელ შავშებში, რადიოლოკაციური სადგური 36Д6-М -იც დაბომბა.

მახათას მთაზე სარადარო კომპლექსი საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წლის ივლისში აღადგინა. გერმანულმა კომპანია THALES–მა მახათაზე, ორ სადგურიანი Eurocat-C-ს სისტემა დაამონტაჟა.

წელს, კი THALES-მა თბილისთან, ქვიშიანის მთაზე და ფოთში მოდერნიზება გაუკეთა მეორადი რადიოლოკატორის RSM-970S სისტემას, ხოლო თბილისის აეროპორტში რადიოსალოკაციო სადგურის RSM970S STAR 2000-ის სარადარო პროექტი დაასრულა.

განადგურებული რადარი P-18, 2008 აგვისტო
განადგურებული რადარი P-18, 2008 აგვისტო

XS
SM
MD
LG