ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუსჯელობის სინდრომის აჩრდილი


ზურაბ ჭიაბერაშვილი "ლიტერატურულ კაფეში" თავდასხმის შემდეგ

აშშ-ს საელჩო: ჭიაბერაშვილზე თავდასხმა პოლიტიკურ პროცესს ძირს უთხრის

საქართველოს სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოხატა პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე არაადექვატური სასჯელის გამოყენების გამო. ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ორი პირი: რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიო მგელაძე პოლიციამ უბრალოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

თავდასხმა სამშაბათს, შუა დღით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ლიტერატურულ კაფეში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი კაფეში თეოლოგ ნოდარ ლადარიასთან და პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესთან ერთად იმყოფებოდა, როცა იქ რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი და გიო მგელაძე შევიდნენ.

სრულიად მოულოდნელად, თაბუკაშვილმა ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხა, შემდეგ კი ჭიაბერაშვილს ჭიქა ორჯერ თავისა და სახის არეში ჩაარტყა. „ხალხს სული ამოხადეთ, როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, გაეთრიეთ აქედან“ - ყვიროდნენ თავდასხმელები და ბოლოს მიიმალნენ.

პოლიციამ საქმე 120-ე მუხლით აღძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან ექვს თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი ანაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს

ჩემთვის გაუგებარია როდესაც ხდება საკმაოდ „რბილი“ სასჯელის გამოყენება მსგავსი დანაშაულისთვის. ნებისმიერი ძალადობა წარმოშობს კიდევ უფრო მეტ ძალადობას და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა მსგავს ინციდენტზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადექვატური რეაგირება იმისათვის რომ არ მოხდეს შემდგომში ახალი დანაშაულის წახალისება.“

განსხვავებული, ოპოზიციური შეხედულებების ადამიანების ცემა საქართველოში სამწუხაროდ, არახალია. ეს „ნაციონალების“ მმართველობის ერთგვარი საფირმო ნიშანი იყო და შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ესტაფეტა წარმატებით გადაიბარა.

საჯაროდ, ხელისუფლება თითქოს გმობს ძალადობას, თუმცა წამახალისებელი მესიჯები („რასაც 9 წელი თესავდნენ იმას იმკიან“) და, რაც მთავარია სასჯელის კარიკატურული ფორმა, სინამდვილეში, დაუსჯელობის სინდრომს წარმოქმნის.

უცნაურია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ მოძალადეების ხელწერილით გათავისუფლება იმით ახსნა, რომ „ისინი არა უბრალო, არამედ ინტელექტუალური ოჯახიდან არიან“.
ხელისუფლებამ ანალოგიური განწყობით გამოიძია, ზუსტად ერთი წლის წინ რესტორან „ლა-ტრუფეში“ „ნაციონალებზე“ ნიკა მელიაზე, გიორგი ვაშაძესა და დავით საყვარელიძეზე თავდასხმის ფაქტი.

დღემდე გაუხსნელია უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ცემის შემთხვევაც, რომელიც 31 მარტს მოხდა. 14 მაისს, თბილისში პეტრიაშვილის ქუჩაზე დაჭრეს მწერალი მამუკა ხერხეულიძე.

ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა ღიად განაცხადა, ახლო მომავალში რომელი ადამიანების ცემას გეგმავს. პოლიციას ამ აშკარა მუქარაზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.

„არ დავიწყებ ზოგიერთი პოლიტიკოსივით ჭიაბერაშვილის ცემა როგორ შეიძლება ამას როგორ აკეთებენ..იმიტომ აკეთებენ რომ სწორია! დაეტიეთ ბიძიებო სახლში! რაც სისხლი სვით ქართველების იმყოფინეთ, თორემ უარესები მოხდება!

მივმართავ ყველას და ვთხოვ, ვიცი, რომ ძალიან ბევრს ექავება ხელება და შურისძიებით აქვს სავსე სული და გული. უმორჩილესად გთხოვთ, დამიტოვეთ მე ბატონებო ....კოტე გაბაშვილი და ....შვილი მისი გოკა გაბაშვილი. დამიტოვეთ, ხელს ნუ ახლებთ, ძალიან გთხოვთ..

და, კიდე გთხოვთ, ხელი არ ახლოთ .....აკაკი მინაშვილს, იმიტომ რომ დაფიცებული მაქვს ვარდისფერი „კოლგოტკებით“ უნდა ვარბენინო რუსთაველზე.“

ყოფილ ჟურნალისტსა და ფილოსოფოს ზურაბ ჭიაბერაშვილს ვარდების რევოლუციის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი თბილისის მერად დანიშნა. შემდეგ დიპლომატიურ სამსახურშია. ჯერ ხუთი წელი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, მოგვიანებით, საქართველოს ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში.

2012 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭიაბერაშვილი ჯერ ჯანდაცვის მინისტრად, ოქტომბერში კი კახეთის გუნერნატორად დანიშნა. 2013 წლის მაისში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დაბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. 2014 წლის თებერვალში სასამართლომ მერაბიშვილის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჭიაბერაშვილის კი 50 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა ხაზი გაუსვა , რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა „შეიძლება პოლიტიკური პროცესისთვის ძირგამომთხრელი იყოს და ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში“. ველით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს გამოძიების ჩატარების თაობაზე, რაც იმედია სწრაფად მოხდება" - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG